დეპოზიტების დაზღვევის შესახებ რეფორმის შეფასება და მსოფლიო გამოცდილება
საქართველოს მთავრობამ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაზე დაიწყო მუშაობა. ამისთვის დღეს მართალია, კარგი ინსტიტუციური გარემოა, თუმცა მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ დაზღვევის სისტემას თან ახლავს ე.წ. “მორალური საფრთხეები”, რომელთა გაუვნებელყოფა მხოლოდ სწორი საზედამხედველო პოლიტიკითაა შესაძლებელი.
საქართველოს მთავრობა “დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ კანონს” პარლამენტში მიმდინარე თვეს წარადგენს. აღნიშნული კანონის შემოღება და დეპოზიტების დაზღვევის სქემის შემუშავება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ნაწილია. კერძოდ, ასოცირების შეთანხმების XV-A დანართში (ფინანსურ მომსახურებასთან დაკავშირებული წესები) აღნიშნულია “1994 წლის 30 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 94/19/EC დირექტივა დეპოზიტების საგარანტიო სქემების შესახებ”, რომელიც უნდა შესრულდეს შეთანხმებიდან ექვსი წლის ვადაში. ამ დირექტივის ზოგადი მიზნებია:
დეპოზიტორთა სიმდიდრის დაცვა იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ე.წ. საბანკო პანიკა (Bank run)[1];
ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა დეპოზიტორების ნდობის გაძლიერებითა და ეფექტური ზედამხედველობით;
შიდა ბაზრის უზრუნველყოფა, რაც ადგილობრივი ბანკების გაძლიერებას გულისხმობს;
ბანკების მიერ პირდაპირი ოპერაციების განხორციელების უზრუნველყოფა მთელს ევროკავშირში მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის დეპოზიტების დაზღვევის სქემა არსებობს ამა თუ იმ ქვეყანაში.
საქართველოს მთავრობამ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვა საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით გადაწყვიტა, რასაც შესაძლოა ჰქონდეს შემდეგი პოზიტიური ეფექტი:
გაიზრდება მოსახლეობის ნდობა ბანკების მიმართ;
საბანკო სექტორი იქნება უფრო სტაბილური და თავიდან იქნება აცილებული საბანკო კრიზისები;
მოქალაქეებს გაუჩნდებათ მეტი სტიმული, განათავსონ თავიანთი დანაზოგები ბანკებში, თუკი ექნებათ შესაბამისი გარანტიები;
გაზრდილი დანაზოგების მოცულობა შეამცირებს საპროცენტო განაკვეთებს. ბანკებს შესაძლებლობა ექნებათ გაასესხონ „იაფად“ მიღებული დეპოზიტები შედარებით დაბალ პროცენტში, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ინვესტიციების ზრდას, რაც დადებითად იმოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე.
ევროკავშირთან მიახლოებული სისტემის დანერგვა, აამაღლებს ბანკების სანდოობას საერთაშორისო დონეზე, რაც გაზრდის საერთაშორისო ოპერაციებს საბანკო სფეროში.
ბუნებრივია აღნიშნული სისტემის შემოღება გარკვეულ რისკებს აჩენს, რომელზეც ქვემოთ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. თუმცა, სწორმა საზედამხედველო პოლიტიკამ და ეფექტიანმა ინსტიტუციურმა გარემომ შესაძლოა ეს რისკები თავიდან აგვარიდოს. ეფექტიან გარემოში კი პირველ რიგში იგულისხმება საბანკო სექტორის სტაბილურობა, ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის მოქნილობა და სხვა ფინანსური ინსტიტუციების (მაგ. ფინანსთა სამინისტრო) ეფექტიანი ფუნქციონირება.
დეპოზიტების დაზღვევის შესახებ კანონის პროექტის მიმოხილვა
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვა გათვალისწინებულია როგორც საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიით - საქართველო 2020, ისე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით.
კანონპროექტი მიზნად ისახავს:
კომერციული ბანკების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებით ქვეყნის საფინანსო სისტემის მდგრადობის ხელშეწყობას;
დანაზოგების წახალისებას;
ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას;
შიდა და გარე შოკების შემსუბუქებას.
ამ კანონის მიზნებისათვის იქმნება დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო და დეპოზიტების დაზღვევის ფონდი, რომლის დაფინანსების წყარო იქნება:
პირველადი შენატანები (100 000 ლარი), რომელიც კომერციულმა ბანკებმა უნდა უზრუნველყონ
რეგულარული სადაზღვევო შენატანები, რომელიც ასევე კომერციულმა ბანკებმა უნდა უზრუნველყონ
სპეციალური სადაზღვევო შენატანები, რომელიც ბანკებმა გარკვეულ შემთხვევებში უნდა უზრუნველყონ (როდესაც ფონდში არ არის საკმარისი რესურსი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ანუ როდესაც ბანკი ვერ უხდის კლიენტს მის მიერ მოთხოვნილ თანხას)
სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობით მიღებული შემოსავალი;
სადაზღვევო შემთხვევის მქონე კომერციული ბანკების აქტივებიდან მიღებული თანხები, ანუ როდესაც ბანკი ვერ უხდის კლიენტს თანხას ფულადი ფორმით და ხდება მისი აქტივების გაყიდვა
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნებადართული სხვა შემოსავლები.
გარდა პირველადი შენატანისა, რეგულარული შენატანები უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად ლარში დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 0,067% ხოლო უცხოური ვალუტით დაზღვეული დეპოზიტის- 0,1%. მაგალითად, თუ რომელიმე ბანკის ლარში დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობა არის 1მლნ ლარი, იგი მიმდინარე თვეს ფონდში შეიტანს 670 ლარს. აქვე საგულისხმოა, რომ ეს ხარჯები მსხვილი ბანკებისათვის უფრო დიდი მოცულობის იქნება ვიდრე შედარებით მცირე სეგმენტის მქონე ბანკებისათვის. დაზღვევას დაექვემდებარება 5 000 ლარამდე ფიზიკური პირების დეპოზიტები. როგორც კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, დეპოზიტორების 90%-ს სწორედ 5 000 ლარამდე დეპოზიტი აქვს.
კანონპროექტის თანახმად ფონდის დაცულობისა და ლიკვიდურობის შენარჩუნების მიზნით, ფონდის რესურსების ინვესტირება შესაძლებელია მხოლოდ დაბალრისკიან აქტივებში, როგორებიცაა:
საქართველოს მთავრობის ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის ან/და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სავალო ფასიანი ქაღალდები;
საქართველოს ეროვნული ბანკის დეპოზიტები.
ფონდში აკუმულირებულმა თანხებმა უნდა მიაღწიონ ფონდის მიზნობრივ ოდენობას, რომელიც შეადგენს დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 6%-ს.
კვლევების ანალიზი (მსოფლიო პრაქტიკა)
დეპოზიტების დაზღვევის პირველი სისტემა აშშ-ში შეიქმნა. ამ სქემის დანერგვა დიდი დეპრესიის შემდგომ პერიოდს უკავშირდება და მიზნად ისახავდა საბანკო კრიზისების პრევენციას. დეპოზიტების დაზღვევის არსი შემდგომში მდგომარეობს: თუ დეპოზიტორებს ეცოდინებათ, რომ სახელმწიფო აანაზღაურებს მათ დეპოზიტებს საბანკო ჩავარდნის დადგომისას, მაშინ ისინი არ შეეცდებიან შექმნან ე.წ. საბანკო პანიკა (Bank run). დეპოზიტების დაზღვევით შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ საბანკო კრიზისები. თუმცა, როგორც ემპირიული კვლევები აჩვენებს, დეპოზიტების დაზღვევა ვერ იქნება მოქნილი ინსტრუმენტი სისტემური კრიზისებისგან თავდასაცავად.
გასული საუკუნის 80-იან წლებში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრმა სულ უფრო მეტმა ქვეყანამ დაიწყო დეპოზიტების დაზღვევის სიტემის დანერგვა, რაც ძირითადად კრიზისების შემდგომ პერიოდს უკავშირდება. 1994 წლიდან კი დეპოზიტების დაზღვევა სტანდარტი გახდა ევროკავშირის ქვეყნებისათვის (94/19/EC დირექტივა).
დეპოზიტების დაზღვევასთან დაკავშირებით, ძირითადად, შემდეგი პრობლემა იკვეთება: რადგანაც მომხმარებლები დაზღვეულები არიან, ისინი მცირედით ან საერთოდ არ ინტერესდებიან ბანკების საქმიანობით, თუ რამდენად რისკიანად აბანდებს ბანკი მათ ფულს. ეს პრობლემა ცნობილია „მორალური საფრთხის“[2] სახელით. ქვეყანაში, სადაც არ მოქმედებს დეპოზიტების დაზღვევა, დეპოზიტორს აქვს სტიმული დააკვირდეს მისი ბანკის ქცევას, რათა დარწმუნდეს, რომ ბანკს არ შეექმნება გადამხდელუუნარობის პრობლემა. ხოლო ქვეყნებში, სადაც დეპოზიტების დაზღვევა მოქმედებს, მომხმარებლისთვის არ არსებობს სტიმული დააკვირდეს მისი ბანკის ქცევას, რადგან ის გარანტირებულად მიიღებს თავის ფულს მიუხედავად იმ რისკისა, რაც შესაძლოა მისმა ბანკმა გაწიოს.
დეპოზიტორებისთვის გარანტიების უზრუნველყოფით დეპოზიტების დაზღვევას აქვს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ეფექტი. დადებითი მხრიდან რომ ვიმსჯელოთ, ეს საბანკო პანიკაში მონაწილეობის სტიმულებს ამცირებს, ხოლო უარყოფითი ეფექტი გამოიხატება იმით, რომ იგი გამორიცხავს დეპოზიტორების მხრიდან ბანკების მიერ აღებულ რისკებზე დაკვირვების საჭიროებას.
ჩვეულებრივ, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვა მოსდევს მძიმე საბანკო კრიზისებს. ან როცა ინდუსტრიული გარემო არის არასტაბილური. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) კვლევის მიხედვით, რომელიც მოიცავს 60 ქვეყნის მონაცემებს, ჩანს, რომ აქედან 40 ქვეყანაში დაზღვევის სიტემა ამოქმედდა 1980 და 1990-იან წლებში, როდესაც ადგილი ჰქონდა საბანკო კრიზისებსა და არასტაბილურობას.
მსოფლიო მასშტაბით დეპოზიტების დაზღვევის სიტემა განსხვავდება მისი ტიპებისა და პირობების მიხედვით. ზოგიერთი სისტემა აზღვევს ყველა ტიპის დეპოზიტს, ზოგან დაზღვევას არ ექვემდებარება ბანკთაშორისი დეპოზიტები, ზოგან კი მხოლოდ ფიზიკური პირების დეპოზიტებია დაზღვეული. ზოგიერთ ქვეყანაში სადაზღვევო დაფარვა (insurance coverage)[3] ლიმიტირებულია $10,000-ით თითოეული ანგარიშისთვის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ასეთი ზღვრები არ არსებობს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით სასურველია დეპოზიტების დაზღვევის დაფარვა განისაზღვროს ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ერთი ან ორმაგი ოდენობით. დეპოზიტების დაზღვევის დაფარვის ზღვრები კავშირში უნდა იყოს შემოსავლების ან სიმდიდრის სხვადასხვა საზომებთან, იმისათვის, რომ დეპოზიტორები მუდმივად იყვნენ დაცული ამ სისტემით.
დეპოზიტების დაზღვევის სქემა შესაძლოა იყოს როგორც ცხადი ისე არაცხადი. დეპოზიტების ცხადი დაზღვევა ექვემდებარება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ შემუშავებულ კანონს და იმართება ამ კანონის შესაბამისად, ხოლო არაცხადი სისტემის შემთხვევაში დეპოზიტების დაზღვევა არ არის გათვალისწინებული ფინანსური უსაფრთხოების მექანიზმებით და არ ექვემდებარება კანონს. ასეთი სერვისი შესაძლოა ადგილობრივმა კომერციულმა ბანკებმა თავად შესთავაზონ თავიანთ დეპოზიტორებს.
დემირგუჩ-კუნტმა და დეტრაგიაჩებმა (Demirgu.c-Kunt, Detragiacheb 2002) 61 ქვეყნის პანელური მონაცემების გამოყენებით შეაფასეს დეპოზიტების დაზღვევის სისტემის გავლენა საბანკო კრიზისების დადგომის ალბათობაზე. მონაცემები აღებულ იქნა 1980-1997 წლების პერიოდზე. კვლევამ აჩვენა, რომ იქ, სადაც საპროცენტო განაკვეთები დე-რეგულირებულია და სუსტი ინსტიტუციური გარემოა, ცხადი დეპოზოტების დაზღვევის სისტემა შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს საბანკო სექტორის სტაბილურობისთვის. ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც კარგად განვითარებული ინსტიტუციური გარემოა მორალური საფრთხის არსებობა მაქსიმალურად შეზღუდულია, ეფექტური პრუდენციული რეგულირება და საბანკო ზედამხედველობა აბათილებს იმ უარყოფით სტიმულებს, რასაც დეპოზიტების დაზღვევა აჩენს. კვლევის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ რაც უფრო მაღალია სადაზღვევო დაფარვა, დაზღვევის დადებითი ეფექტი საბანკო სექტორის სტაბილურობაზე იზრდება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2014 წლის სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც მოქმედებს დეპოზიტების დაზღვევის ცხადი სისტემა წლიდან წლამდე იზრდება. 2013 წლის ბოლოსათვის 112 ქვეყანას უკვე ჰქონდა დანერგილი აღნიშნული სქემა. 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა დიდი როლი ითამაშა ამ ტრენდის განვითარებაში. ევროკავშირის მიერ წარმართული ჰარმონიზაციის პროცესი იყო კიდევ ერთი წამყვანი ძალა, რომელმაც დაავალდებულა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დაენერგათ დეპოზიტების დაზღვევის სქემა.
დეპოზიტების დაზღვევა განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში. 2013 წლის ბოლოსთვის მაღალშემოსავლიანი ქვეყნების 84%-ში არსებობდა დეპოზიტების დაზღვევის ცხადი სისტემა. ხოლო დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 32%-ია. ცხადი სქემების უმრავლესობა განცალკევებულია ცენტრალური ბანკების, საბანკო საზედამხედველო სააგენტოების ან ფინანსთა სამინისტროებისაგან. ამგვარი სქემების მხოლოდ 14% არის სამთავრობო ინსტიტუტების ზედამხედველობის ქვეშ. ეს რიცხვი ვარირებს შემოსავლის დონის ცვლილებასთან ერთად და შედარებით მაღალია დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში.
კარაპელამ და დი ჯორჯიომ (Carapella, Di Giorgio, 2004) 55 ქვეყნის მონაცემების საფუძველზე გამოიკვლიეს დეპოზიტების დაზღვევის და სხვა ინსტიტუციური და ეკონომიკური ცვლადების გავლენა საბანკო საპროცენტო განაკვეთზე. მათ შეისწავლეს თუ რა გავლენას ახდენს დეპოზიტების დაზღვევა საბანკო სპრედზე (Net interest spread)[4]. მონაცემების ანალიზის საფუძველზე მათ გამოავლინეს, რომ ცხადი დეპოზიტების დაცვის სისტემის არსებობამ მოსალოდნელია, რომ გაზარდოს საბანკო სპრედი (სხვაობა სასესხო და სადეპოზიტო განაკვეთებს შორის) სხვადასხვა ქვეყნებში. თუმცა, ეფექტი შეიძლება არ გამოვლინდეს დეპოზიტების მხრიდან როგორც ნავარაუდევი იყო, ვინაიდან დეპოზიტების დაცვა დეპოზიტებს უფრო უსაფრთხოს ხდის და, შესაბამისად, ამცირებს ბანკების მხრიდან გაცემულ სადეპოზიტო განაკვეთს. უმეტესწილად ეს გაზრდილი ეფექტი განპირობებულია საშუალო სასესხო განაკვეთის ზრდის ხარჯზე. ამ ეფექტის ინტერპრეტაციას ავტორები სწორედ მორალური საფრთხით ხსნიან: დეპოზიტების დაზღვევა ბანკებს აძლევს რისკიან სასესხო აქტივობებში ჩართვის სტიმულებს, რომლისთვისაც საშუალოზე მაღალი სასესხო განაკვეთი ფიქსირდება.
მათ ასევე გამოავლინეს, რომ ინსტიტუციონალური ხარისხის ინდიკატორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ საბანკო საპროცენტო განაკვეთზე. ქვეყნებში სადაც ინსტიტუციების ხარისხი მაღალია შედარებით, დაბალია საბანკო სპრედი, რადგან სასესხო განაკვეთის შემცირება ჭარბობს სადეპოზიტო განაკვეთების შემცირებას.
ისლანდია და კვიპროსი (დაზღვევის სისტემის უუნარობა)
დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ბუნებრივია ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს თავის მიზნებს. როგორც პრაქტიკა აჩვენებს იგი საუკეთესო გამოსავალია საბანკო ჩავარდნების შემთხვევაში, თუმცა, სისტემური კრიზისების დადგომისას, როგორიც იყო მაგალითად 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისი, აღნიშნული დაზღვევის სისტემა ვერ აგვარებს წარმოქმნილ პრობლემებს. სადეპოზიტო დაზღვევის სისტემის უუნარობა გამოვლინდა 2013 წელს, როდესაც ისლანდიასა და კვრიპროსს დიდი საბანკო კრიზისი დაუდგა. კვიპროსის უმსხვილესი ბანკები გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ამ კრიზისების ანალიზი ცალკე კვლევის საგანია, თუმცა თვალი გადავავლოთ დეპოზიტების დაზღვევის სქემებს ისლანდიასა და კვიპროსში.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ისლანდიაში პირველად1985 წელს ამუშავდა. სქემის მიხედვით არსებობს განსხვავებული მიდგომები კომერციულ ბანკებისა და შემნახველი ბანკებისათვის, რომელიც კონტროლდებოდა სამეთვალყურეო სააგენტოს მიერ. სისტემის მიხედვით განსხვავებული სქემები მუშაობდა ასევე უცხოელი და ადგილობრივი დეპოზიტორებისთვის. შიდა საბანკო კრიზისის დროს 2013 წელს ქვეყანამ ვერ შეასრულა უცხოელი დეპოზიტორებისთვის დაზღვევის სისტემით აღებული ვალდებულებები.
2013 წელს დეპოზიტების დაზღვევის სისტემა კვიპროსისთვისაც უსარგებლო აღმოჩნდა. როდესაც კვიპროსის უმსხვილესი ბანკები კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ, დეპოზიტორებს აღარ ჰქონდათ იმედი, რომ დეპოზიტების დაზღვევის სქემით მათი დანაკარგების ანაზღაურება მოხდებოდა და სწორედ ამ დროს დაიწყო საბანკო პანიკა, რისი პრევენციის მექანიზმადაც მოიაზრებოდა სწორედ დაზღვევის სისტემა. ეს იდეა უდევს საფუძვლად 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდგომ ევროკავშირში სადაზღვევო ლიმიტების 20 ათასიდან 100 ათას ევრომდე გაზრდას.
***
დეპოზიტების დაზღვევის სისტემა აპრობირებული მეთოდია მსოფლიოში. 113 ქვეყანაში უკვე მოქმედებს დეპოზიტების დაზღვევის ცხადი სისტემა, რომელთა შემოღება ძირითადად კრიზისების შემდგომ პერიოდს უკავშირდება. ბუნებრივია ჩვენ არც უნდა დაველოდოთ საბანკო კრიზისს და უნდა დავნერგოთ აღნიშნული სისტემა სწორედ სტაბილური საფინანსო სისტემის პირობებში. უფრო მეტიც, ამის ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებითაც გვაქვს. თუმცა, ამისათვის საკმარისი დრო გვაქვს და ეს დრო ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ ყველა მხარის ინტერესების გასათვალისწინებლად. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით ამ სისტემის არსებობა მხოლოდ საბანკო ჩავარდნისას იცავს დეპოზიტორებს და მსხვილი სისტემური კრიზისების დადგომისას იგი უუნაროა. დეპოზიტების დაზღვევის სქემის ამოქმედების დადებით ეფექტებთან ერთად, მხედველობის არედან არ უნდა გამოგვრჩეს პროცესის თანმდევი უარყოფითი ეფექტები. არსებობს გარკვეული ვარაუდები, რომ დეპოზიტების დაზღვევა შექმნის მორალურ საფრთხეებს ბანკების მხრიდან, რაც გაზრდის სასესხო საპროცენტო განაკვეთს და შეამცირებს სადეპოზიტო განაკვეთს. თუმცა, როგორც კვლევებით დასტურდება აღნიშნული საფრთხეების განეიტრალება შესაძლებელია ძლიერი და სტაბილური ინსტიტუციებითა და სწორი საზედამხედველო პოლიტიკით. იმის შეფასება, თუ რა შედეგს მოგვიტანს აღნიშნული სისტემა, უკვე რეალურ მონაცემებზე დაყდნობით შემდგომ წლებში შეგვეძლება.
ქეთი მელქაძე
[1] საბანკო პანიკას ადგილი აქვს მაშინ როდესაც ბანკების ან სხვა ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებელთა დიდი რაოდენობა ერთდროულად იწყებენ თავიანთი დეპოზიტების გამოთხოვას, ბანკის გადამხდელუუნარობის საფრთხიდან გამომდინარე. რაც უფრო მეტი ადამიანი გამოითხოვს თავის დეპოზიტს, დეფოლტის ალბათობა იზრდება და შესაძლოა საბანკო რეზერვები არ იყოს საკმარის ამ გამოთხოვილი დეპოზიტების დასაფარად
[2] მორალური საფრთხე არსებობს როცა დაზღვევის უზრუნველყოფა ცვლის იმ ადამიანების ქცევას, ვინც სარგებლობს დაზღვევით. მაგალითად, თუ თქვენ დააზღვიეთ თქვენი სახლი, შესაძლოა თქვენ იმაზე ნაკლებად იზრუნოთ მის უსაფრთხოების სისტემაზე ძარცვის ან ქურდობისგან თავდასაცავად, ვიდრე მოიქცეოდით იმ შემთხვევაში სახლი რომ დაზღვეული არ გქონდეთ.
[3] სადაზღვევო დაფარვა არის რისკის ან ვალდებულების მოცულობა, რომელიც ექვემდებარება დაფარვას სადაზღვევო სერვისების ფარგლებში. თანხის ის მოცულობა რაც დეპოზიტორს ფონდიდან აუნაზღაურდება საბანკო ჩავარდნის დადგომის შემთხვევაში
[4] წმინდა საპროცენტო სპრედი წარმოადგენს სხვაობას სასესხო და სადეპოზიტო საპროცენტო განაკვეთებს შორის ნომინალურ გამოხატულებაში