ხვალ საქართველოს ფერმერთა მეორე კონგრესი გაიმართება.
თბილისის საგამოფენო ცენტრში – „ექსპოჯორჯია“ ხვალ, 12 საათზე, საქართველოს ფერმერთა მეორე კონგრესი გაიმართება. კონგრესზე რეგიონებიდან მოწვეული ფერმერი-დელეგატები სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან ერთად აგროსფეროს გამოწვევებს განიხილავენ.
კონგრესს დაესწრებიან ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ატაშე სოფლის მეურნეობის დარგში, კრისტინა კასელა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, გიორგი მიშელაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე,ზურაბ ლიპარტია. მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან საქართველოს პარლამენტის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები.
“საქართველოს ფერმერთა კონგრესი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს ფერმერებისა და გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურების დაახლოებასა და დიალოგს. კონგრესზე განხილულ საკითხებს შორის აქცენტები გაკეთდება მასზე, თუ რა გავლენას ახდენს სურსათის უვნებლობის რეფორმები მცირე მეურნეების საქმიანობაზე, რა გამოწვევები და პერსეპექტივებია ბაზრებზე მცირე მეურნეების ხელმისაწვდომობის კუთხით, რა საინვესტიციო, საკრედიტო და სუბსიდირების რესურსები არსებობს მცირე ფერმერული მეურნეობებისა და კოოპერატივებისათვის”, - აცხადებენ ორგანიზატორები.
საქართველოს ფერმერთა კონგრესს წინ უძღოდა რეგიონული შეხვედრები, რომლის დროსაც ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ შეარჩია კონგრესის მონაწილე 150 დელეგატი. რეგიონულ შეხვედრებზე ფერმერებმა წინასწარ მოამზადეს ის თემები და საკითხები, რომლებსაც კონგრესი განიხილავს.
საქართველოს ფერმერთა კონგრესი იმართება პროექტის – „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა“ – ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს ახორცილებენ "ოქსფამის" საქართველოს წარმომადგენლობა და მისი პარტნიორი ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“. პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებასა და აღსრულებაში. სასურსათო უსაფრთხოება გულისხმობს მთავრობის ვალდებულებას, დაგეგმოს და განახორციელოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც გრძელვადიანად უზრუნველყოფს ნებისმიერი მოქალაქის უფლებას, ხელი მიუწვდებოდეს საკმარისდა ხარისხიან სურსათზე.
“სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის ერთ-ერთი მექანიზმი მცირე მეურნეობების განვითარება და მათი ადგილობრივ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერაა, რაც თავისთავად გაზრდის ადგილობრივი დივერსიფიცირებული პროდუქციის წარმოებას”, - აცხადებენ “ოქსფამში”.