რა შემთხვევაში მოუწევს არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას კოალიციის შექმნა
ჩატარებული საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ამ ეტაპზე არცერთ პარტიას ამომრჩეველი 8 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში გადამწყვეტ უპირატესობას არ ანიჭებს, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ხმათა 51%-ს ვერავინ მოაგროვებს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როგორ დაკომპლექტდება მთავრობა, რას ითვალისწინებს ქვეყნის კანონმდებლობა, ამის გასარკვევად eugeorgia.info კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს დაუკავშირდა:
ვახუშტი მენაბდე: ახლადარჩეული პარლამენტის სხდომა დაინიშნება, ძველი ხელისუფლება გადადგება, რომელსაც პრეზიდენტი ახალი მთავრობის დამტკიცებამდე მოვალეობის შესრულებას დააკისრებს. ამის შემდეგ არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე სუბიექტი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პრეზიდენტს წარუდგენს. პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრთა სიას შეადგენს, დაწერს სამთავრობო პროგრამას და წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. თუ გამარჯვებულ პარტიას საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატთა ნახევარზე მეტი არ ჰყავს (ანუ, 76), ხმების მოსაგროვებლად უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები სხვა სუბიექტებთან კოალიციის შესადგენად. ამისთვის მას სამი კვირა აქვს. თუ ამ დროის განმავლობაში ვერ შეძლო ხმათა უმრავლესობის მოგროვება და „ჩავარდა“ მთავრობა, პარტიას ეძლევა კიდევ ერთი თვე, წარუდგინოს პარლამენტს მთავრობის ახალი, ან ძველი არსებული შემადგენლობა დასამტკიცებლად. თუ ვერც აღნიშნულ პერიოდში მოახერხა კოალიციის შექმნა და ხმების მოგროვება, სხვა პარტიას, ან ჯგუფს, რომელიც პარლამენტის წევრთა ორ მეხუთედს, ანუ, 60 დეპუტატის ხმას მოაგროვებს, უფლება ეძლევა, პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის საკუთარი კანდიდატი შესთავაზოს. თუ სხვა საპარლამენტო პარტიამაც შეძლო 60 და მეტი ხმის მოგროვება, მაშინ ის კანდიდატი დამტკიცდება, რომელიც მეტ მხარდაჭერას მიიღებს. თუ ორივე ჯგუფმა ხმათა ერთი და იგივე რაოდენობა დააგროვა, მაშინ პრემიერ -მინისტრის კანდიდატურას პრეზიდენტი თავისი სურვილის მიხედვით წარადგენს. თუ პარლამენტის მესამე კენჭისყრაზეც ვერ დაკომპლექტდება მთავრობა, მაშინ პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.რადგან ეს ნიშნავს, რომ არსებული პარლამენტი უუნაროა და ახლის არჩევაა საჭირო. უნდა აღინიშნოსისიც, რომ მთავრობის დაკომპლექტებას სიითი შემადგენლობის უმრავლესობა ახორციელებს, ანუ, შესაძლოა, არჩევნები ბათილად გამოცხადდეს გარკვეულ მაჟორიტარულ ოლქებში და ხელახალი არჩევნები ჩაინიშნოს 6 თვის განმავლობაში, შესაბამისად, ხმების უმრავლესობა ითვლება არა 150-დან, არამედ დეპუტატების უკვე შემდგარი სიიდან.