წლის დასაწყისიდან 53 ბიზნესოპერატორს კვების სექტორში საწარმოო პროცესი შეუჩერდა
აპრილში შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 141 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, საწარმოო პროცესი 13 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა, მათ შორის აღმოჩნდნენ: პურისა და პურფუნთუშეულის, ნახევარფაბრიკატების, რძისა და რძის პროდუქტების საწარმოები და სარეალიზაციო ობიექტები, 2 მარკეტი, 5 საზოგადოებრივი კვების ობიექტი და 1 ცხოველთა სასაკლაო.
მთელი ქვეყნის მასშტაბით 676 ინსპექტირება ჩატარდა, მათ შორის, თბილისში - 209, სურსათის ლაბორატორიული კვლევისთვის კი 167 ნიმუში აიღეს. „დოკუმენტურად შემოწმდა 756 ობიექტი (111 ბიზნესოპერატორი თბილისში), მათ შორისაა აგრარული ბაზრები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ხორცის, ხორცპროდუქტების, რძის, რძის პროდუქტების, თევზის, პურფუნთუშეულისა და სხვ. სურსათის მწარმოებლები და სარეალიზაციო ობიექტები“, - აღნიშნავენ სააგენტოში.
სააგენტოს ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან სულ 3 867 სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. შემოწმების შედეგად დაჯარიმდა 336 ბიზნესოპერატორი, ხოლო საწარმოო პროცესი 53 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა.