ფერმერები ლაბორატორიას თაფლის უვნებლობის დასადგენად იშვიათად მიმართავენ
ფერმერები ლაბორატორიას წარმოებული თაფლის ხარისხისა და უვნებლობის დასადგენად იშვიათად მიმართავენ, - განუცხადა eugeorgia.info-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ირაკლი გულედანმა.
„დღეს მეთაფლეებს უკვე ვთავაზობთ ისეთ კვლევებს, რომლის ჩასატარებლად ადრე ევროპაში გარბოდნენ. რამდენად კონკურენტულია ჩვენი ლაბორატორიის საფასო პოლიტიკა თავად შეგიძლიათ, გადაამოწმოთ და ქვეყნის გარეთ არსებულ ლაბორატორიებისას შეადაროთ. ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ ბიზნესი ჯერ უნდა მოემზადოს თააფლის ექსპორტზე გასტანად, საჭირო რაოდენობა აწარმოოს, ლაბორატორიული სიმძლავრეები კი ბოლო კომპონენტია“, - აღნიშნა ირაკლი გულედანმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში დანერგილი და აკრედიტებულია თაფლის კვლევის 5 პარამეტრი, ამავე დროს, დასრულებულია მუშაობა 10 პარამეტრზე, რომლის აკრედიტიციას უახლოეს ხანში გეგმავენ. აღნიშნული პარამეტრები კი თაფლზე ჩატარებული სახელმწიფო მონიტორინგის საფუძველზე შეარჩიეს (ყველაზე პრობლემური გამოავლინეს).
„ევროკავშირის მიერ საქართველოს მესამე ქვეყნების სიაში შეყვანის მიუხედავად დღემდე არ გვაქვს ევროკავშირის მიერ კონკრეტული ჩამონათვალი რა პარამეტრებზეც უნდა მოხდეს თაფლის კვლევა მისი ექსპორტირების შემთხვევაში. ჩვენ ვმოქმედებთ თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო რეგულაციების შესაბამისად.რომელიც ევრორეგულაციების მიხედვით შემუშავდა. თუ ფერმერი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სწორად აწარმოებს თაფლს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლაბორატორიული შემოწმების დროს მის პროდუქტს რამე საფრთხე შეექმნას”, - აღნიშნა ირაკლი გულედანმა.
მისი თქმით, ევრორეგულაციებით გათვალისწინებული თაფლის უვნებლობის პარამეტრების კვლევების სრულად ჩატარება არათუ საქართველოს, არამედ თავად ევროპული ლაბორატორიების უდიდეს ნაწილს არ შეუძლია.
„ერთმა ლაბორატორიამ, რაც არ უნდა დიდი ბიუჯეტი ჰქონდეს, თუნდაც ევროპაში, შეუძლებელია ყველა პარამეტრის კვლევა განახორციელოს. კერძო ლაბორატორიებსაც ვეუბნებით, რომ შეკრან მომსახურების პაკეტი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ, ხანდახან თავად ბიზნესიც იღებს საკუთარ თავზე, მაგალითად, ექსპორტის შემთხვევაში, უცხოელი პარტნიორი თვითონ ამოწმებს პროდუქციას უცხოეთში“, - აღნიშნავს ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
ირაკლი გულედანის თქმით, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის მუშაობას ხელს შეუწყობს ის ფაქტი, რომ აკრედტაციის ეროვნულმა ცენტრმა ახლახანს საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო.
„ჩვენ აღარ გვჭირდება დამატებითი რესურსების ხარჯვა და საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვება ქვეყნის გარეთ. აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აკრედიტაციაც იგივე ნდობით საერგებლობს ამიერიდან, სწორედ ამიტომ ჩვენს მიერ დანერგილი კვლევის მეთოდების აკრედიტირებას საქართველოს აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში მოვახდენთ.კვლევის მეთოდების ნდობის თვალსაზრისით პრობლემა არ გვექნება”, - აღნიშნა ლაბორატორიის ხელმძღვანელმა.
აღსანიშნავია, რომ უცხოელის ექსპერტების აზრით, ქართული თაფლი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიული პროდუქცია, რომელსაც ევროკავშირის ბაზარზე თავის დამკვირდება შეუძლია. თუმცა, იმისთვის, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიღებული საგადასახადო შეღავათი გამოიყენოს, ადგილობრივმა მწარმოებელმა ევროკავშირის მოთხოვნები თაფლის უვნებლობაზე უნდა დააკმაყოფილოს. ჩატარებული კვლევების საფუძველზე კი ყველაზე ხშირად, ქართულ თაფლში აკრძალული ანტიბიოტიკების ნარჩენები ვლინდება.