ფოსტის კანონთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრო ევროკომისიის ოფიციალურ დასკვნას ელოდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ეკა ყუბუსიძის ცნობით, სამინისტრო ევროკომისიისგან ფოსტის კანონთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარებს ელოდება. ფოსტის კანონის განხილვა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე იგეგმებოდა, თუმცა, პროცესი ამ დრომდე გაიწელა. ამის მიზეზად დეპარტამენტის უფროსი ასახელებს ევროკომისიასთან შეხვედრას, სადაც მათ მოითხოვეს კანონპროექტის ინგლისური ვერსია და არ დაავალდებულეს ქართული მხარე კანონპროექტის პარლამენტში წარმოდგენით. ყუბუსიძის თქმით, მსოფლიო ბანკის მიერ დაქირავებული ევროპელი ექსპერტი დაესწრო კანონის განხილვას ევროკომისიაში და სამინისტროს არაოფიციალური ინფორმაცია უკვე მიაწოდა:
“ევროკომისიიდან ოფიციალურად შენიშვნები ჯერჯერობით არ მიგვიღია, მაგრამ ჩვენმა ექსპერტმა მოგვწერა საკმაოდ ვრცელი წერილი, სადაც აღწერს, რომ ევროკომისიამ მოიწონა კანონპროექტი, აღნიშნა, რომ კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროპულ დირექტივებთან და უფრო მეტიც, ევროპულ პრაქტიკასთან. რამდენიმე შედარებით უმნიშვნელო შენიშვნა მივიღეთ”- განაცხადა ეკა ყუბუსიძემ.
ყუბუსიძის ცნობით, შენიშვნები არ ეხებოდა უნივერსალური საფოსტო მომსახურების ნაწილს. ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ის, რომ საკურიერო ოპერატორს, რომელიც შეიძლება შევიდეს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სეგმენტში შესაძლებელია სახელმწიფომ საკონსტიტუციო შენატანი დააკისროს. თუმცა, კანონპროექტის მიხედვით საკურიერო საფოსტო ოპერატორები უნივერსალური სერვისის პროვაიდერი ოპერატორებისგან გამიჯნულია და მათ არანაირი ვალდებულება არ ეკისრებათ.
როდესაც სამინისტრო ევროკომისიისგან ოფიციალურ შენიშვნებს მიიღებს ფოსტის კანონთან დაკავშირებით, იურიდიული დეპარტამენტი მინისტრთან ერთად განიხილავს და ამ პროცედურის შემდეგ გასაჯაროვდება კანონპროექტი:
“ჩვენ რა თქმა უნდა გვაინტერესებს საფოსტო ოპერატორების აზრი. ერთხელ კიდევ განვიხილავთ მათ წინადადებებს და შემდგომ მზა პაკეტს თანმდევ დოკუმენტებთან ერთად გავიტანთ დადგენილი წესით. მოლოდინი მაქვს, რომ კანონპროექტი მათთვისაც დამაკმაყოფილებელი იქნება, რადგან თვითონ ევროკომისიამაც აღნიშნა, რომ ეს არის სრულად შესაბამისი დირექტივასთან და უფრო მეტიც, ევროპულ პრაქტიკასთან”- აღნიშნა ეკა ყუბუსიძემ.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებით ქართულმა მხარემ აიღო საქართველოს საფოსტო ბაზრის გაუმჯობესების ვალდებულება, რაც გულისხმობს ლიბერალიზებული ბაზრის პრინციპების გათვალისწინებასა და კონკურენციის ხელშეწყობას. კერძოდ, შეთანხმების ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადაში უნდა მოხდეს 97/67/EC დირექტივის დებულებების გათვალისწინება, რომელიც პირველი საფოსტო დირექტივის სახელით არის ცნობილი. საფოსტო კანონმდებლობის ძირითადი მიზნებია მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა და უნივერსალური სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა საქართველოს საფოსტო მომსახურების მომხმარებლების საჭიროებებიდან გამომდინარე. ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით ფოსტის კანონპროექტზე მუშაობა 2016 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კანონი ამ დრომდე არ არის მიღებული. შესაბამისად, ბაზარი ცვლილებების მოლოდინშია, გაურკვეველი მოლოდინი კი თავის მხრივ საზიანოა ბიზნესგარემოსთვის.