კომპანია „ბი-პი-სი” - ის ასკილის წვენი ინგლისში გაიყიდება
კომპანია „ბი-პი-სი”(BPC), რომელიც ასკილისა და ალუბლის ეკოლოგიურად სუფთა წვენებს აწარმოებს, ინგლისურ კომპანია „Itacwa Group” - თან მოლაპარაკებებს გაზაფხულზე დაასრულებს. ქართულ ნატურალურ წვენებს ინგლისში სწორედ „Itacwa Group’- ი შეიტანს.
„ბი-პი-სის” მოლაპარაკებები აქვს ჰოლანდიურ კომპანიასთანაც, რომელსაც ნატურალური წვენების ნიმუშებს უახლოეს მომავალში მიაწვდის.
„Itacwa Group” - ის წარმომადგენლები საქართველოში გასულ წელს ჩამოვიდნენ. ქარხანასაც სტუმრობდნენ და ჩვენი წვენის გემო მოეწონათ. ლაბორატორიული შემოწმებისთვის ნიმუშები ცოტა ხნის წინ გავუგზავნეთ. ლაბორატორიამ უნდა დაადგინოს, რა ქიმიური შემადგენლობა აქვს პროდუქტს. იმედია, გაზაფხულისთვის გვექნება პასუხები და სარეალიზაციოდ პირველ პარტიასაც გავგზავნით. ინგლისში ამ კომპანიას სავაჭრო ქსელი აქვს. პროდუქტი უნდა ნამდვილად, მაგრამ ანალიზის პასუხებს ელოდებიან და შეტანა ამიტომ ცოტა დაგვიანდა”, - ამბობს კომპანიის დირექტორი ნინო აბაშიძე „eugeorgia.info”-თან საუბრისას.
ბი-პი-სი”-ში ასკილის 3 სახეობის წვენს აწარმოებენ - შაქრით დამტკბარი, ორგანული და ბიო - 0% შაქრით. კომპანია ასევე უშვებს ნატურალურ ალუბლის წვენს, შაქრის დანამატის გარეშე, მისივე ბუნებრივი სიტკბოთი.
წვენები ბაზარზე 250 მლ-იან და 1 ლიტრიან მინის ბოთლებში იყიდება. როგორც კომპანიაში ამბობენ, პროდუქცია ექსპორტზეც იგივე შეფუთვით გავა, ინგლისურენოვანი ეტიკეტით.
საერთაშორისო სავაჭრო კომპანია „Itacwa Group”- ის სათავო ოფისი ინგლისში მდებარეობს. კომპანიას ასევე აქვს წარმომადგენლობა დუბაიში და უკვე ჰყავს წარმომადგენელი საქართველოშიც. კომპანიის პრიორიტეტი ჯანსაღი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, ყოველგვარი ქიმიური მინარევების გარეშე დამზადებული პროდუქციის მიწოდება და რეალიზაციაა. კომპანიის მიზნებში შედის ახალი ბაზრების ათვისება და ამ მიმართულებით პარტნიორებს აქტიურად ეძებს.
„ჩვენი წვენებისთვის ვეძებთ ნატურალურ პროდუქტს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოდის. ასეთი ხილის შოვნა საქართველოში იოლი არ არის. ასკილი ამ მხრივ უფრო საიმედოა, რადგან ტყეში იკრიფება. სატყეო სააგენტოსგან სამ სხვადასხვა ცნობას ვიღებთ, რომ იმ ტერიტორიის შეწამვლა არ ხდება, სადაც ჩვენი ნედლეული იკრიფება. ასევე საგულდაგულოდ ვარჩევთ გემოს.
ახალი სახეობის წვენების გამოშვება დიდი ხანია გვინდა, მაგრამ ჯერ არ დავამატეთ, რადგან ვეძებთ და ვარჩევთ ნატურალურ პროდუქტს. ვფიქრობთ მომავალში ვაშლის და შინდის წვენების დამატებას. მათ გემოებს ვსწავლობთ, როგორი მჟავიანობა აქვს წვენს, რამდენად ნატურალურია, როგორი გემოვნური თვისებები აქვს”, - ამბობს ნინო აბაშიძე.
„ბი-პი-სის” წვენები 2017 წლის მარტიდან იყიდება აშშ-შიც. ამერიკის ბაზარზე ორგანული პროდუქტი „Nadi”- ის ბრენდით გადის. როგორც კომპანიაში ამბობენ, აშშ ორგანულ პროდუქტს ითხოვს, ევროპისთვის კი ბიოც დამაკმაყოფილებელია.
2010 წელს ოჯახური ბიზნესით დაწყებულმა ასკილის წვენის წარმოებამ 2012 წელს საერთაშორისო კონკურსზე - BIFDA სპეციალურ ნომინაციაში გაიმარჯვა. ასკილის ქართულ წვენს იმუნიტეტისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელის სტატუსი ერგო 2012 წელს ლონდონში გამართულ მარათონში. 2014 წლიდან კომპანიამ ბიო სერთიფიკატი მიიღო და ბიო წარმოება დაიწყო, ხოლო 2015 წლიდან USDA სერთიფიკატსაც ფლობს, რაც ორგანული პროდუქტის წარმოების საშუალებას აძლევს.
ავტორი: ნონა ქვლივიძე
.