სემეკი: საკანონმდებლო ბაზა განახლებადი ენერგიების მიმართულებით სუსტი და არაეფექტურია
საქართველო განახლებადი ენერგორესურსებით მდიდარია, წყლის რესურსებით კი ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, თუმცა, მისი ტექნიკური პოტენციალის მხოლოდ 18-20 % აქვს ათვისებული, - აცხადებენ ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში.
ბოლო ცხრა წლის განმავლობაში (2006-2015) საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება წელიწადში, საშუალოდ, 4,2%-ით იზრდება, მოხმარება კი - 3,2%-ით.
„მოთხოვნის ზრდა ოდნავ ჩამორჩება მიწოდებას, რაც ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს მცირედით ზრდის“, - აღნიშნავენ სემეკში.
სემეკის ანგარიშით, 2015 წელს წინა წელთან შედარებით, საქართველოს ელექტროენერგიის ჯამური გენერაცია 7,1%-ით გაიზარდა და 3,718.16 მგვატი შეადგინა, აქედან 71% უკავიათ დიდ და საშუალო ჰესებს, 25% - თბოელექტროსადგურებს, ხოლო დანარჩენი - მცირე ჰესებს.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლამდე დაგეგმილია 52 ჰესის მშენებლობა, რის შედეგად საერთო გენერაციის სიმძლავრე 80%-ით გაიზრდება (ინვესტიციების სავარაუდო მოცულობა - 5.2 მლრდ ლარი).
იქიდან გამომდინარე, რომ ჰესები ელექტრონერგიას სეზონურად გამოიმუშავებენ, მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს სხვა ადგილობრივი რესურსების გამოყენებით გენერაციის ახალი სიმძლავრეების მშენებლობასაც. მათ შორის, ქარის ელექტროსადგურებს,- მიიჩნევენ მარეგულირებელ კომისიაში.
ქარის რესურსის ჯამური სავარაუდო პოტენციალი საქართველოში 1,450 მგვატია,მათი წლიური გამომუშავება კი 4,160 მლნ კვ სთ.
„საქართველოს საკანონმდებლო ბაზა ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების მიმართულებით ძალზე სუსტი და არაეფექტურია, შესაბამისად, მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი, როგორც საკანონდებლო დონეზე, ასევე პრაქტიკაში. არ არსებობს კანონი ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ. ასევე საჭირო და აუცილებელია ქვეყანის განახლებადი ენერგორესურსების როგორც ტექნიკური, ასევე ეკონომიკური პოტენციალის შეფასება და შესწავლა“, - აღნიშნავენ სემეკში.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველომ თავისი კანონები სამ დირექტივასთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს, ესენია: „განახლებადი ენერგოწყაროებიდან ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის შესახებ“, „ენერგიის საბოლოო მოხმარების ეფექტიანობისა და ენერგომომსახურების შესახებ“ და „ენერგოეფექტიანობის შესახებ“.
ევროკავშირის ასოცირების ერთ-ერთი მოთხოვნაა აგრეთვე განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტიანობის დეტალური სტატისტიკის წარმოება.
ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივითა და დონორი ორგანიზების დახმარებით, შარშან საქართველოს ენერგოეფექტიანობის ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო.
ბელა ნოზაძე