თავისუფალი ეკონომიკური ზონების განვითარებას საქართველოში ხელს კანონმდებლობა უშლის
ფოთის თავსუფალი ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელის, დევიდ ბარკერის განცხადებით, კანონი თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესახებ საქართველოში 10 წლის წინ მიიღეს და დღევანდელ გამოწვევებს ვერ პასუხობს.
„არსებობს მთელი რიგი შეზღუდვები, რომელიც თიზ-ის განვითარებას აფერხებს, მაგალითად, ვაჭრობის კუთხით - თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში დარეგისტრირებული კომპანია როდესაც გარკვეულ საქონელს ყიდულობს, მხოლოდ მას აქვს უფლება, ეს მარაგი ზონიდან გაიტანოს და გაყიდოს; არ აქვს შესაძლებლობა, ლოტებად დაანაწევროს და სხვებიც ჩართოს რეალიზაციის პროცესში. გარდა ამისა, სერვისის მიწოდების კუთხით, საკმაოდ შეზღუდულები ვართ - თიზში დარეგისტრირებულ კომპანიას არ შეუძლია უცხოურ კომპანიებს სერვისები შესთავაზოს, მაგალითად, საკონსულტაციო. კანონმდებლობა არ უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ ვაჭრობასა და წარმოებაზე, სერვისებიც არანაკლებ ანგარიშგასაწევი საქმიანობაა“, - განუცხადა დევიდ ბარკერმა eugeorgia.info-ს.
მისი თქმით, ფოთის თიზ-ში, რომელიც 2008 წელს შეიქმნა, 300 ჰა ფართობიდან მხოლოდ 120 ჰა-ია ათვისებული, რაც შეეხება რეგისტრირებული კომპანიებს, მათი რაოდენობა 40-ს აღწევს.
„100-მდე ირანული კომპანიიდან, რომელმაც ფოთის ინდისტრიული ზონა 2012 წელს სავიზო რეჟიმის გამკაცრების გამო დატოვა, მხოლოდ რამდენიმე დაბრუნდა, თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მათი უმეტესობა მხოლოდ ქაღალდზე იყო რეგისტრირებული. საერთაშორისო სანქციების მოხსნის მიუხედავად, ირანულ კომპანიებს საბანკო გადარიცხვებზე მაინც შეზღუდვები აქვთ, შესაბამისად, ფოთის თავისუფალი ინდუსტრული ზონით აღარ ინტერესდებიან“, - განაცხადა ბარკერმა.
კანონმდებლობის დახვეწის აუცილებლობაზე საუბრობს თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალური დირექტორი, გიორგი ტაბიძეც. აღნიშნული თიზ-ი გასული წლის ნოემბერში შეიქმნა. 17 ჰა ფართობის ნაკვეთზე მხოლოდ 3 ჰა-ია ათვისებული, სადაც ინფორმაციული ტექნოლოგიების ცენტრი ფუნქციონირებს. კომპანიამ 1,7 მილიონი დოლარი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად უკვე დახარჯა, უახლოეს მომავალში კი 2,5 მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავს.
„თიზ-ში არსებული უძრავი ქონება ადმინისტრაციის საკუთრებაა, რაც ინვესტორებს აფრთხობთ. ააშენონ და ჩადონ ფული ობიექტში, რომელიც მათი საკუთრება არასდროს იქნება, ინტერესს უკარგავთ. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ კანონით შესაძლებელი გახდება, აღნაგობის უფლებით მიწა კომპანიებს გადავცეთ, მაგალითად, 49 წლით, ანუ ვადით, რომელიც ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსგან გადმოგვეცა. არსებული კანონმდებლობა გვაიძულებს, მაქსიმალურად დიდი ინვესტირება განვახორციელოთ შენობა-ნაგებობებში, თან, ამავე დროს, არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა კომპანიას ინდივიდუალური მოთხოვნები აქვს. სამშენებლო კომპანიად ხომ არ გადავიქცევით? ეს არ არის ჩვენი ძირითადი საქმიანობა“, - განაცხადა გიორგი ტაბიძემ.
მისი თქმით, მოქმედი კანონი, ძირითადად, ორიენტირებულია კომპანიებზე, რომლებსაც საქართველოში შემოაქვთ ნედლეული, აწარმოებენ პროდუქციას და ექსპორტზე გააქვთ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, უცხოურ ფირმებს სხვა ინტერესები აქვთ:
„ოფშორულ ზონებს ნელ-ნელა მოქმედების არეალი უმცირდებათ, კომპანიები ეძებენ ახალ-ახალ ადგილებს, სადაც მეტ თავისუფლებას იგრძნობენ, თუმცა, ჩვენი კანონი მკაცრად რეგულირებულია. მაგალითად, ხშირად მოჰყავთ დუბაი და სინგაპური, სადაც მთავარია, სალიცენზიო გადასახადი გადაიხადო, ასევე საქონლის ინვოისის 5%, შემდეგ კი რას გააკეთებ, არავინ კითხულობს, ინტერაქცია საგადასახადო ორგანოებთან იქ ნულის ტოლია’, - აღნიშნა თბილისის თავისუფალი ეკონომიკური ზონის დირექტორმა.
„იდეაში კარგია, რომ კანონი გამარტივდეს, თუმცა, ოპერაციები შეიძლება, აბსოლუტურად უკონტროლო გახდეს და სახელმწიფოს ბერკეტები გაუუქმდეს. გარდა ამისა, დუბაისგან განსხვავებით, ჩვენთან ბანკებთან ურთიერთობებიც უფრო მეტად რეგულირებულია, ანგარიშის გახსნაც კი გაცილებით მეტ გამჭირვალეობას მოითხოვს, თუნდაც, მფლობელის ვინაობის დადგენის თვალსაზრისით. მაშინ ქვეყანამ მთლიანად პოლიტიკა უნდა შეცვალოს, გახდეს უფრო ლიბერალური. რამდენად მიზანშეწონილი იქნება, ამის თქმა მე არ შემიძლია, ეს მთავრობამ უნდა განსაზღვროს“, - აღნიშნა გიორგი ტაბიძემ.
მისი თქმით, კანონმდებლობის ხარვეზია, რომ თიზ-ში დარეგისტრირებულ კომპანიებს არ აქვთ უფლება, ადგილობრივი კომპანიებისგან უშუალო კავშირი დაამყარონ გარკვეული სერვისის მისაღებად.
„წარმოიდგინეთ, დაცვის სამსახური რომ სჭირდებოდეთ, ადმინისტრაციისგან უნდა შეისყიდონ ეს მომსახურება. ეს ჩვენი პროფილი არ არის, შესაბამისად, იძულებულნი ვხდებით, რომ კონტრაქტი გავაფორმოთ შესაბამის კომპანიასთან და ისე მივაწოდოთ“, - აღნიშნა გიორგი ტაბიძემ.
როგორც ორივე კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, მთავრობასა და ბიზნესომბუდსმენთან აღნიშნული პრობლემური საკითხები უკვე დააყენეს და იმედოვნებენ, რომ შესაბამის ცვლილებებს კანონში მალე შეიტანენ.
ბელა ნოზაძე