"ვაგოშემკეთებელი ქარხანა" ელმავლების აწყობას გეგმავს
"ვაგოშემკეთებელი ქარხანა" ელმავლების აწყობას გეგმავს.
როგორც eugeorgia.info-ს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემა, ნინო წილოსანმა განუცხადა, „საქართველოს რკინიგზამ“ 45 ელმავლის შესყიდვაზე ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა, თითოეულის საორიენტაციო ღირებულება კი 5 მილიონი დოლარია.
„ლოკომოტივი საქართველოში აქამდე არ იწყობოდა. ჩვენ მხოლოდ ელექტრომატარებლებს და ვაგონებს ვაწარმოებდით. ჯერჯერობით, ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სამუშაო პროცესში ვართ. საკმაოდ დიდი ინვესტიციაა საჭირო, დაახლოებით, 50 მილიონი დოლარი. ჩინურ კომპანიასთან ერთობლივი საწარმოს შექმნას ვფიქრობთ, 50 % საქართველოში იწარმოება, დანარჩენი კი - ჩინეთში“, - განაცხადა მან.
"ვაგონშემკეთებელ ქარხანაში" ისიც აღნიშნეს, რომ რკინიგზის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას კომპანიები სხვა ქვეყნებიდანაც იღებენ.
‘არის რუსული კომპანია, ასევე ჩინურიც. თუმცა, ამ უკანასკნელს პროექტში განსაზღვრული აქვს საქართველოში ახალი ქარხნის მშენებლობა, რაც არარეალისტურია. რატომ უნდა წავიდეს ამხელა რესურსები საწარმოს მშენელობაზე, როდესაც უკვე არსებობს?!“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, ელმავალების წარმოება საქართველოში საინტერესო ბიზნესია, რადგან ამიერკავკასიის რეგიონში მათზე დიდი მოთხოვნაა.
„საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანშიც ლენინის დროინდელი ელმავლები დადიან, თუმცა, მწარმოებელი ქარხანა მთელ დსთ-ის სივრცეში მხოლოდ რუსეთსა და უკრაინაშია, ასევე საქართველოშია. ჩვენ ვგეგმავთ, ელმავლების მიწოდებაზე ინტენსიური მოლაპარაკებები მეზობელ ქვეყნებთანაც დავიწყოთ. შეგვიძლია, მათ ხელსაყრელი ფასი შევთავაზოთ“, - აღნიშნა ვაგონშემკეთებელი ქარხნის მენეჯერმა.
„ვაგონშემკეთებელი ქარხანა“ ვაგონებს აქამდე აზერბაიჯანში ექსპორტზე გაჰქონდა. უახლოეს მომავალში კი ელექტრომატარებლის მიწოდებაზე ხელშეკრულებასაც გააფორმებს.
ბელა ნოზაძე