საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე გადაწყვეტილება ევროპაში ვერც დღეს მიიღეს
ევროკავშირის შინაგან საქმეთა და იუსიტიციის მინისტრებმა დღეს ლუქსემბურგში გამართულ სხდომაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღეს, - ამის შესახებ რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი, რიკარდ ჯოზვიაკი, საკუთარ ტვიტერზე წერს. ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ საკითხის განხილვა ოქტომბრამდე გადაიდება.
როგორც ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს“ ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი, ივანე ჩხიკვაძე მიიჩნევს, ძალიან მცირე შანსია დარჩენილი, რომ ევროპელმა მაღალჩინოსნებმა გადაწყვეტილება 20 ივნისს დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე მიიღონ და არ გადაავადონ საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
მისი ვარაუდით, საქართველოს ხელისუფლება აპირებს, სრული მობილიზაცია სწორედ ამ დროისთვის განახორციელოს.
"ამაში არის მარტივი და რთული მხარეები: 1. მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთოხების პოლიტიკაში ფედერიკა მოგერინი, რომელიც ამავდროულად არის ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი. ეს ის ევროკომისიაა,რომელიც უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას და რომელმაც წარადგინა საკანონმდებლო ცვლილება საბჭოში. 2. მოგერინი უფრო მეტად იქნება ორიენტირებული კონსენსუსზე და შეეცდება თავის პოზიციის გამოყენებას, რომ შეკრას გადაწყვეტილება ვიდრე ჰოლანდია, რომელმაც შეიძლება ანგარიში გაუწიოს გერმანიის პოზიციას (ბოროტი ენები ამბობენ გაუწია კიდეც COREPER-ის მეორე სხდომაზეო;)). ეს იქნება მოგერინის, როგორც უმაღლესი წარმომადგენლის კონკრეტული წარმატება. ამიტომ მის ინტერესშიცაა. 3. მოგერინიმ თბილისში ვიზიტისას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს განგვიცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია საქართველომ მიიღოს უვიზი მიმოსვლა არჩევნებამდე". - აცხადებს ივანე ჩხიკვაძე.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობას კიდევ რჩება 5 სამუშაო დღე, აქტიურად იმუშაოს იმ პარტნიორებთან, რათა გუშინ ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის მიერ გამოჩენილ ინიციატივას შეურთდნენ (აღნიშნული ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა ევროკომისიას წერილობით მიმართეს, საქართველოსთვის დაუყოვნებლივ ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე).
"განსაკუთრებით ეს ეხება პოლონეთს, შვედეთს, ასევე უნგრეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთს. ჩვენს საელჩოებს ამ ქვეყნებში ძალიან ცხელი 5 დღე და ღამე უნდა ჰქონდეთ წესით. პარლამენტის მეგობარი ქვეყნების ჯგუფიც უნდა გამოფხიზლდეს. ბოდვის დრო არ არის! ლობისტური კომპანიები თუ გვყავს კიდევ სადმე შემორჩენილი აქტიურად უნდა ჩაერთონ ამ ამბავში; შემუშავდეს კონკრეტული ე.წ. მესიჯბოქსი, რას ეუბნება მოსახლეობას ხელისუფლება იმ შემთხვევაში თუ გადაიწია უვიზო მიმოსვლამ - "მაპზე უკეთესი მივიღეთ, რომ არ განმეორდეს", - აღნიშნა ექსპერტმა.
მისი თქმით, საჭიროა, ასევე წინასწარ გაანალიზდეს სტრატეგია იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ფედერაცია გააქტიურდა და საქართველოს უვიზო რეჟიმი შესთავაზა. გარდა ამისა, ხელისუფლებამ აქტიურად უნდა იმუშაოს სკეპტიკოს ქვეყნებთან (გერმანიასთან, საფრანგეთთან, იტალიასა და ბელგიასთან) და განსაკუთრებულად, საქართველოს საელჩოებმა.
"რომელიმე საგარეო საქმეთა მინისტრმა ან თავად მოგერინიმ უნდა გაუბედოს გერმანიას და კონსენსუსის ვერ მიღწევის შემთხვევაში საკითხი გამოიტანოს კენჭისყრაზე. იშვიათად ხდება მაგრამ იქნება მოხდეს. აქტიური მუშაობაა საჭირო, რომ გერმანიამ ვერ შეკრას blocking minority საბჭოში, რაც სამწუხაროდ მარტივია რადგან მას ესაჭიროება, სულ მცირე, 4 ქვეყანა, რომელშიც ცხოვრობს ევროკავშირის მოსახლეობის 35% (დაახლოებით, 172 მილიონი ადამიანი). სამწუხაროდ იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის მოსახლეობა ერთად ამისთვის საკმარისია", - აცხადებს ივანე ჩხიკვაძე.