აჭარაში ევროკავშირის დაფინანსებით სოფლის განვითარების ახალი პროექტები იწყება
ქედასა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სოფლის განვითარების ახალი პროექტები იწყება.
პროექტებს - „სოფლის განვითარების და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ და „ადგილობრივი პოტენციალის ოპტიმიზაცია სოფლის განვითარებისთვის ქედას მუნიციპალიტეტში“ ორგანიზაციები: „საქართველოს კარიტასი“ (Caritas Georgia)და „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“(CENN) განახორციელებენ. პროექტების მიზანია აჭარის აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში სიღარიბის შემცირება ინკლუზიური მიდგომებით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის ხელშეწყობით.
ENPARD-ის ფარგლებში მსგავსი პროექტები უკვე მოქმედებს ბორჯომში, ლაგოდეხსა და ყაზბეგში. წელს ევროკავშირის დაფინანსებით, ქედასა და ხულოს გარდა, კიდევ სამი ახალი პროექტი შეემატა, დედოფლისწყაროში, თეთრიწყაროსა და ახალქალაქში.
„როგორც სხვა მიმდინარე პროექტებში, აჭარაშიც დაინერგება ე.წ. „ლიდერ“- მიდგომა. შეიქმნება ადგილობრივი განვითარების ჯგუფები - „ლაგები“, რომლებიც აღნიშნულ რაიონებში პრიორიტეტული საკითხების გამოვლენასა და განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე იმუშავებენ. სტრატეგიაზე დაფუძნებით საგრანტო კონკურსი გამოცხადდება და მოსახლეობას საშუალება მიეცემა, დასაფინანსებლად საკუთარი პროექტები წარადგინონ. ორი დღის წინ აჭარაში ENPARD- ის პროექტის ოფიციალური წარდგენა გაიმართა, ახლა დაიწყება საინფორმაციო კამპანია „ლაგებში“ ჩართულობის უზრუნველსაყოფად, რადგან „ლაგი“, პრაქტიკულად, სამოქალაქო პლატფორმაა, სადაც მონაწილეობას იღებს აქტიური მოსახლეობა. შემოდგომისთვის ლაგები ჩამოყალიბდება, წლის ბოლომდე ისინი შეიმუშავებენ ორივე მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიას და კონკრეტულ მიმართულებებს“, - განუცხადეს -ს ENPARD-ში.
აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობამ გასულ წელს ავტონომიურ რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია უკვე მიიღო. სტრატეგიის საფუძველზე აჭარაში „ლაგების“ მსგავსი 46 პლატფორმა („ამაგი“) უკვე ფუნქციონირებს.
„ამაგებში“ ჩართულია 700-მდე ადამიანი, საკმაოდ აქტიურები არიან და დინამიურად მოქმედებენ. ქედასა და ხულოში „ლაგები“ ჩვენი პროექტის ფარგლებში მაინც შეიქმნება, მათ შორის კოოპერაცია და ინფორმაციის გაცვლა ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება“, - აღნიშნეს პროექტში/
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. 2013-2019 წლებისათვის ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას ისახავს მიზნად.