მეფრინველეობის კომპანია „როსტერი“ 5 ახალი ფერმის მშენებლობას წლის ბოლოს დაასრულებ
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, როსტომ პაპიძემ eugeorgia.info - ს განუცხადა, კომპანიამ თელეთში, საკუთარი მეურნეობის მიმდებარე სახელმწიფო ტერიტორია „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში სიმბოლურ თანხად მიიღო, თუმცა, ,სანაცვლოდ, ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
„ფერმების მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება, მათი მეშვეობით, ფრინველების რაოდენობა 35 ათასი ფრთით , ხორცის წარმოება კი წელიწადში 350 ტონიდან 500 ტონამდე გაიზრდება, ამ მოცულობაში შედის იმ 70 მცირე ფერმებიდან მიღებული ფრინველი, რომელსაც გლეხები ჩვენი პროდუქციითა და სტანდარტების მიხედვით ზრდიან“, - აღნიშნა როსტომ პაპიძემ.
„როსტერი“ მხოლოდ ნედლი ქათმის ხორცს, აწარმოებს და საკუთარ ბრენდულ სავაჭრო ობიექტებში ყიდის, ასევე 1-დღიან წიწილებს, საკვებსა და საკვებ დანამატებს მცირე ფერმერებისთვის. ის იმ მცირერიცხოვან ქართულ კომპანიებს შორისაა, რომლებმაც წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტი „ჰასპი“ დანერგეს. კომპანიამ წელს აღნიშნული სტანდარტის შესაბამისად საკვების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობაც დაიწყო, რომელსაც მომავალ წელს დაასრულებს.
„ჯერჯერობით, მთავრობა „ჰასპის“ სტანდარტების დანერგვას საფრინველეებში და სასაკლაოებზე ითხოვს, თუმცა, 2018-2020 წლებისთვის მოთხოვნები, სავარაუდოდ, უკვე ცხოველთა საკვების საწარმოებზეც გამკაცრდება, ამიტომ თადარიგი წინასწარ დავიჭირეთ“, - აღნიშნა როსტომ პაპიძემ.
„იმპორტირებული გაყინული ქათმის ხორცს ქართულ ბაზარზე კვლავ სერიოზული წილი უკავია, თუმცა, ბოლო პერიოდში ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციაც გაიზრდა. თუ არ მოხვდა დახლებზე ქართული ნედლი ხორცი, მომხმარებელი, რა თქმა უნდა, გაყინულს იყიდის. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, ზოგადად, ქვეყანაში ქათმის ხორცის მოხმარება გაიზარდა, რაც, ალბათ, უცხოელი ტურისტების მომრავლებას უკავშირდება“, - მიიჩნევს როსტომ პაპიძე.
როსტომ და ჯაბა პაპიძეები ესპანეთიდან საქართველოში 2007 წელს დაბრუნდნენ. დანაზოგი თანხით გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთში 3000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი შეიძინეს, შპს "როსტერი" დააფუძნეს და მეფრინველეობის მეურნეობა ააწყეს. ჯამში, აღნიშნულ პერიოდში 3 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელეს.