კომპანია “ჯეოფლაუერი” სუროს ფოთლებს ექსპორტზე გერმანიაში გზავნის
კომპანია “ჯეოფლაუერმა” სუროს ფოთლების ექსპორტი დაიწყო.
საწარმო 1999 წლიდან ეკოლოგიურად სუფთა, ველურად მზარდი მცენარეების, მათ შორის, ჭინჭრის, მაყვლის ფოთლებს, ასკილს, მაჟალოს, ასევე სხვადასხვა ხილს აშრობს და გერმანიაში ექსპორტზე გზავნის; ფლობს საწარმოებს რაჭაში, ახალციხეში, ტყიბულსა და დუშეთის რაიონებში.
“მოთხოვნა ველურად მზარდ მცენარეებზე, რომლებიც სამკურნალოდ, ან ჩაიში შესარევად გამოიყენება, საკმაოდ მაღალია, ნედლეულიც ბევრია ჩვენს ტყეებში. გერმანელმა პარტნიორებმა კვლევა ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ რაჭაში, სადაც ველური ვაშლის ჩირს ვამზადებთ, არსებული რესურსის მხოლოდ 8% გვაქვს ათვისებული. თუმცა, მუშახელი საკმარისი არ არის, ხალხს ეზარება ტყეში მცენარეების შეგროვება, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ. მიგვყავს სპეციალური მანქანებით ტყეში, ვურიგებთ ხელთათმანებსა და სხვა საჭირო ინვენტარს და ა.შ”, - აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა, მინდია ხურციძემ.
მისი თქმით, კომპანია გლეხებისგან 1 კგ სუროს ფოთოლს 50 თეთრად იბარებს, ნედლეულში ყველაზე ძვირი კი ველურად მზარდი მოცვია, რომლის საფასური 2,5-3 ლარია.
“ველური მოცვის ფასი ბაზარზე 5 ლარს აღწევს, თუმცა ჩვენ დიდი რაოდენობით ვიბარებთ. თუ კარგად იმუშავა ადამიანმა, რეალურად, დღეში 30 -50 ლარის გამომუშავებაც შეუძლია, მაგრამ ეზარებათ”, - აღნიშნა ბიზნესმენმა.
აღსანიშნავია, რომ “ჯეოფლაუერმა” ბიოჩაის წარმოებაც გადაწყვიტა. წელს კომპანიამ ტყიბულში 17 ჰა ამორტიზებული პლანტაციის რეაბილიტაცია დაიწყო. ამ მიზნით ჩაის სახელმწიფო პროგრამაშიც ჩაერთო. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 43 ათასი ლარია, აქედან 30%-ს - თავად იხდის.
“სხვა პროდუქციისგან განსხვავებით, რომელსაც ექსპორტზე ვგზავნით, ბიოჩაის “გურიელს” მივაწვდით და ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება”, - აღნიშნეს “ჯეოფლაუერში”.