ქუთაისური Farconi დასავლეთის ბაზრებზე პოზიციებს იმყარებს
ქუთაისში მდებარე საწარმო Farconi Ltd. ქართულ დაფნას ლიტვაში გაიტანს. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა, გიორგი ალფაიძემ EUGeorgia.info-ს აცნობა, მოლაპარაკებები აღნიშნული პროდუქციის გატანის შესახებ მიმდინარეობს ესპანეთთანაც.
„გვაქვს შეკვეთა ასკილზე გერმანიიდან და წელს, ვგეგმავთ ამ პროდუქტის გაგზავნას. რაც შეეხება დაფნას, ვაპირებთ ერთი კონტეინერის გაგზავნას ლიტვაში და, ასევე, დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები ესპანეთთან“, - ამბობს გიორგი ალფაიძე.
კომპანია Farconi ბოლო რამდენიმე წელიწადია, პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს აწვდის. 1997 წლიდან კომპანია დაკავებულია ველური სამკურნალო მცენარეების, ტყის ხმელი კენკრის, დაფნის ფოთლისა და სანელებლების შეგროვებით, გადამამუშავებითა და რეალიზაციით, რომლის 100% იზრდება და გროვდება საქართველოს ტერიტორიაზე.
Farconi-ს პროდუქციის შემსყიდველები არიან კომპანიები აშშ-დან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ლატვიდან, უკრაინიდან, რუმინეთიდან, ჩეხეთიდან და სხვ.
USAID/REAP-ის დახმარებით, კომპანიას ISO 22000 სერტიფიკატი აქვს მოპოვებული, რამაც საშუალება მისცა საკუთარი პროდუქცია ევროკავშირისა და აშშ-ის ბაზარზე გაეყიდა.
„სერტიფიცირების შემდეგ, ჩვენი კომპანიის პრესტიჟი და პროდუქციის ხარისხი გაიზარდა. გაცილებით მარტივი გახდა ექსპორტი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ და გერმანია“, - ყვება EUGeorgia.info-სთან საუბარში გიორგი ალფაიძე.
კომპანია Farconi სამკურნალო მცენარეებს, ქართულ დაფნასა და ველურ კენკრას ევროპულ ქვეყნებში ნედლეულის სახით ყიდის, სადაც ხდება პროდუქციის გადამამუშავება და დაფასოება. ხოლო ბრენდის სახით, ამ ეტაპზე, სუნელ-სანელებლები აშშ-ში აქვს გატანილი.
„შარშან, ჩვენი სუნელი „ხომლი“-ს ბრენდით, აშშ-ში, ჯორჯიას შტატში გაიგზავნა. ეს იყო საცდელი პარტია და, როგორც ვიცი, სუპერმარკეტებში იყიდება. საუბარია სხვადასხვა სახის სუნელების დაახლოებით 60 000 შეფუთვაზე. მოგეხსენებათ, ქართული სანელებლები საზღვარგარეთ მაინცდამაინც ცნობილი არ არის, შესაბამისად, მოთხოვნის გაზრდას დრო დასჭირდება, სანამ ამერიკელი მომხმარებელი ჩვენს პროდუქციას გაიცნობს. ჩვენთვის პრიორიტეტული ამოცანაა, ექსპორტზე შეფუთული პროდუქციის გაგზავნა დავიწყოთ. 2016 წლიდან დავიწყეთ სუნელ-სანელებლებისა და ჩაის შეფუთვა და გვინდა, ეს პროდუქტი ქართულ ბაზარზეც დავამკვიდროთ“, - ამბობს გიორგი ალფაიძე.
მისი ცნობით, ევროპულ ბაზარზე მაღალი მოთხოვნაა კენკრაზე, თუმცა, პრობლემას სტაბილური მიწოდება წარმოადგენს.
„ველური კენკრა საკმაოდ მოთხოვნადია მწარმოებლების მხრიდან, მაგრამ სჭირდებათ მაღალი ხარისხის პროდუქცია. შესაბამისად, მოთხოვნა მაღალია, მაგრამ მისი დაკმაყოფილება საკმაოდ რთულია რამდენიმე მიზეზის გამო. პრობლემა, რასაც ვაწყდებით, არის ის, რომ ჩვენთან საქართველოში ყველაფერი ცოტა რაოდენობით არის. ჩვენ ქაცვსა და მოცვზე გვაქვს აღებული ბიო სერტიფიკატი, რაზეც ევროპულ ქვეყნებში მოთხოვნა მაღალია, მაგრამ, 100 ტონას თუ მოგვთხოვენ, ამის უზრუნველყოფა თითქმის შეუძლებელი იქნება გამომდინარე იქიდან, რომ ამდენი ნედლეულის კონსოლიდაცია საქართველოში რთულია“, - აღნიშნავს გიორგი ალფაიძე.
ის მიიჩნევს, რომ ქართული პროდუქციის წარმატებისთვის ევროპულ ბაზარზე პირველ რიგში პროდუქციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაა საჭირო.
„ევროკავშირის ბაზარს აინტერესებს ხარისხიანი პროდუქცია. მაგალითად, ჩვენ ძალიან ბევრი კონკურენტი გვყავს - თურქეთი, ჩინეთი და უამრავი სხვა. ერთადერთი, რითაც შეიძლება მათ ვაჯობოთ, არის ისევ და ისევ ხარისხი. შესაბამისად, სერიოზული ევროპული კომპანია არ იყიდის დაბალი ხარისხის პროდუქტს თურქეთისგან და იყიდის ჩვენგან უფრო ძვირად“, - ამბობს გიორგი ალფაიძე.
ევროპულ კომპანიებთან კავშირების დამყარება კომპანია Farconi-მ საერთაშორისო გამოფენების დროს მოახერხა, სადაც საკუთარი პროდუქცია USAID/REAP-ის დახმარებით წარადგინა.
„თავადაც ვეძებთ პოტენციურ პარტნიორებს და აღმოჩენის შემთხვევაში, ვიწყებთ მათთან მოლაპარაკებებს და ჩვენს პირობებს ვთავაზობთ. USAID-ის დახმარებით, შევძელით ჩვენი კომპანიის რეკლამირება, გავაკეთეთ ვებგვერდი, რამაც ცნობადობა გაგვიზარდა და ევროპული პარტნიორების მოზიდვაში დაგვეხმარა“, - ამბობს გიორგი ალფაიძე.
კომპანიაში ამჟამად 60 ადამიანამდეა დასაქმებული. Farconi დაფნის პლანტაციას ფლობს, დანარჩენ პროდუქციას კი, ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს