რაჭა-ლეჩხუმსა და გურიაში სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგია დაინერგება
მომავალი წლიდან საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის იმპლემენტაცია დაიწყება. ექსტენციის სტრატეგიის მთავარი მიზანია სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფერმერთათვის ახალი ტექნოლოგიების გაცნობის და ცოდნის გადაცემის გზით. პირველ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მექანიზმები საპილოტე რეგიონებში - რაჭა-ლეჩხუმსა და გურიაში დაინერგება.
ექსტენციის სტრატეგიის განხორციელების ფარგლებში, არსებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სისტემა ფერმერთა საჭიროებებზე ორიენტირებულ ექსტენციის სამსახურად გარდაიქმნება. უწყების ცნობით, ამჟამად მუნიციპალურ სამსახურებში და რეგიონულ სამმართველოებში 235 პირია დასაქმებული.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, რევაზ ასათიანის ინფორმაციით, საპილოტე ეტაპზე რაჭა-ლეჩხუმსა და გურიაში დაგეგმილია სადემონსტრაციო ნაკვეთების გაშენება, სადაც ფერმერს საშუალება ექნება, პრაქტიკულად მიიღოს ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.
„ფერმერების უმეტესი ნაწილი ნაკლებად ინფორმირებულია. გარკვეული ცოდნა აქვთ, მაგრამ უფრო ტრადიციულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას მისდევენ, ვიდრე მოწინავე ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას. დასავლეთის ქვეყნებში სოფლად დასაქმებულთა ხვედრითი წილი მოსახლეობის 4-დან 8%-მდეა. ისეთ ახალ ტექნოლოგიებს იყენებს, რომ მეტი საჭიროება მათი რაოდენობის არ არის. ჩვენთან კი, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მოსახლეობის დაახლოებით ნახევარია დაკავებული, პროდუქტიულობა კი, სამწუხაროდ, მაღალი არ არის. ეს მეტყველებს იმაზე, რომ არა აქვთ კარგი ცოდნა, წვდომა ტექნოლოგიებთან, არ გვაქვს კარგი ინფრასტრუქტურა და არც სასტარტო ფინანსები. ამიტომ, სწორი მენეჯმენტი, სწორი ფორმაა მოსაფიქრებელი და ვფიქრობთ, რომ ექსტენციის ამ სამსახურების ჩამოყალიბება შეიტანს თავის წვლილს, რომ ცოდნა, ინფორმაცია, ტექნოლოგიები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს“, - ამბობს რევაზ ასათიანი EUGeorgia.info-სთან საუბარში.
„აგროსერვის ცენტრის“ დირექტორი გოჩა ბერიძე მიიჩნევს, რომ ექსტენციის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდება, პროდუქციის ხარისხსა და ფერმერების შემოსავალზე დადებითად აისახება.
„უნდა ჩატარდეს კვლევა, თუ რა მდგომარეობა გვაქვს ფერმერულ მეურნეობებთან დაკავშირებით, რა საჭიროებები აქვთ, რისთვის სჭირდებათ ცოდნის მიღება - ამ კვლევიდან გამომდინარე გვეცოდინება, თუ რა ტიპის ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, სად, რა მიმართულებებით, რა საკითხებზე და რა პერიოდულობით უნდა მოხდეს სწავლება, მოხდეს კადრების მომზადება/გადამზადება და გავიგოთ, რა ფორმით წავიდეს პროცესი - ადგილზე მისვლით, თეორიულად, ბუკლეტებით, ფლაიერებით, სახელმძღვანელოებით თუ სხვა. ექსტენციის იმპლემენტაცია უნდა მოხდეს მრავალმხრივად: არის სატელევიზიო პროგრამები - ერთ-ერთი საშუალება, რომ ადამიანს მიაწოდო ინფორმაცია, არსებობს სოციალური ქსელი. ჩვენ მაგალითად, გავაკეთეთ აგრო ჯიხურები, სადაც ფერმერს შეუძლია მივიდეს და ყველა ტიპის ინფორმაციას გაეცნოს. გვაქვს ასევე, მობილური მოკლეტექსტური შეტყობინებების სერვისი, როცა ფერმერებს მობილურის საშუალებით ვუგზავნით ინფორმაციას სიახლეების შესახებ. ექსტენციის განვითარების კუთხით, საქართველოში კერძო სექტორი დაინტერესებული არ არის, რადგან დღეს ფერმერს არა აქვს საშუალება, გადაუხადოს მას მომსახურების ღირებულება. ამიტომ, სახელმწიფოა ვალდებული, შექმნას სერვისი და დაეხმაროს მოსახლეობას სწავლებაში“, - ამბობს გოჩა ბერიძე.
მკვლევარი რატი კოჭლამაზაშვილი ექსტენციის სტრატეგიაზე საუბრისას მოსაზრებას გამოთქვამს, რომ სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა კადრების დეფიციტი და ახალგაზრდების ნაკლები ჩართულობაა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ახალგაზრდებს რეგიონებში დასაქმების სურვილის მოტივაცია გაუჩნდეთ.
„ამ მიმართულებით მთავარი შენიშვნაა, რომ ახალგაზრდების ჩართულობაზე არ არის აქცენტი გაკეთებული, მაშინ როცა ახალგაზრდებს აქვთ ზრდისა და განვითარების პერსპექტივა. დღესვე უნდა ვიზრუნოთ ასეთი კადრების გაზრდაზე და ამ კუთხით რამდენიმე მიმართულებით შეგვიძლია პროცესის დაჩქარება: ერთია, რომ შეიძლება მოხდეს სტუდენტების შერჩევა, მათი საზღვარგარეთ სწავლება იმ პირობით, რომ დაბრუნდებიან და აქ დასაქმდებიან, მეორე, რომ ადგილზე მოხდეს მათი სწავლება, მაგრამ ამ კუთხით რამდენიმე კითხვა არსებობს: კერძო სექტორი არ არის აქტიურად ჩართული - რა მოტივაცია უნდა შევუქმნათ კომპანიებს, კოლეჯებს, ფერმებს, სადაც კოლეჯის სტუდენტი პრაქტიკას გაივლის, იმისთვის რომ მათი დაინტერესება გამოვიწვიოთ? უნდა შეიქმნას მიზიდულობის ძალები იმისთვის, რომ ახალგაზრდები დაინტერესდნენ“, - ამბობს რატი კოჭლამაზაშვილი.
EUGeorgia.info-სთან საუბარში „აგროსერვის ცენტრის“დირექტორი გოჩა ბერიძე ასევე ხაზს უსვამს კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემას და საუბრობს ისრაელის განათლების სისტემაზე.
„ისრაელში სკოლიდან დაწყებული ძალიან დიდი ყურადღება ექცევა კადრების მომზადებას, სწავლა-განათლებას. უნივერსიტეტებში და შემდგომ უკვე, პრაქტიკულად - ხდება მათთვის ინფორმაციის მიწოდება, უცხოეთში სტაჟირებაზე გაგზავნა და სხვ. ხდება ინფორმაციის შესწავლა, დამუშავება და განახლება და თავადაც ქმნიან ახალ ტექნოლოგიებს. ესენი ჰყავთ კვალიფიციური სპეციალისტები, რასაც განათლების სისტემა უზრუნველყოფს, მაგრამ ასევე მაღალ დონეზეა განვითარებული პროფესიული სწავლება, სადაც ტექნიკურ პერსონალს - მუშახელს ამზადებენ. ამას ისრაელი თავიდანვე დიდ ყურადღებას აქცევდა - მუშა ხელიც კვალიფიცისაური ჰყავთ და ამიტომაც აქვთ ძალიან კარგი შედეგები. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ცოდნის მიწოდება, სპეციალისტების აღზრდა და მუშა ხელის მომზადება, ისევე როგორც ენებისა და კომპიუტერული პროგრამების შესწავლა“, - ამბობს გოჩა ბერიძე.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი ამბობს, რომ სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ფარგლებში, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებისთვის ტრენინგებია დაგეგმილი.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ საჭირო იქნება, მოხდეს საზღვარგარეთ მათი მოკლევადიანი ვიზიტი, რათა ვიზუალურად ნახონ როგორ მუშაობს ეს სამსახური, როგორ მუშაობენ მათი კოლეგები, როგორ აწვდიან ცოდნას, ინფორმაციას ახალი ტექნოლოგიების შესახებ, როგორ იყენებენ სადემონსტრაციო ნაკვეთებს - თუ ამის საჭიროება არის და არიან დამფინანსებელი ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, ესეთი ტრენინგები ტარდება როგორც საზღვარგარეთ ისე ადგილობრივად“, - ამბობს რევაზ ასათიანი.
რატი კოჭლამაზაშვილი მიიჩნევს, რომ ექსტენციის სტრატეგიის განხორციელებისას, აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ ფერმერებზე, რომლებისთვისაც სოფლის მეურნეობა ძირითად საქმიანობას წარმოადგენს, დაინტერესებული არიან თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით და აქვს განვითარების პოტენციალი. ამასთან, მკვლევარი საუბრობს დასავლეთში არსებულ პრაქტიკაზე, სადაც სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის განხორციელებაში ძირითადად, კერძო სექტორია ჩართული.
„ევროპაში სახელმწიფო, ექსტენციის სტრატეგიაში ფაქტობრივად, აღარ მონაწილეობს, იქ უფრო მეტად ჩართულია კერძო სექტორი, ან ასოციაცია/კოოპერატივები, რომლებიც ამ მიმართულებით არიან ძალიან ძლიერები. მაგალითად, შეიძლება თხილის მწარმოებელს ჰყავდეს სერვისის კოოპერატივი, რომელიც მას კონსულტირებას უწევს, რაც ხარჯების შემცირებასაც იწვევს. ევროპაში ეს პრაქტიკა მძლავრია, ასეთი მიმართულებით განვითარება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ დროს მოითხოვს“, - ამბობს რატი კოჭლამაზაშვილი.
EUGeorgia.info-ს რესპონდენტები თანხმდებიან, რომ ექსტენციის სტრატეგიის იმპლემენტაცია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს, თუმცა, ფერმერებისთვის ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარებასთან ერთად, აუცილებელია ფინანსებზე უფრო მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
“დღეს ბევრი პროგრამა არსებობს, მაგრამ წვრილ ფერმერებს ამაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ჯერ კიდევ აქვთ, რამდენადაც ძირითადად, ბანკის გავლით ხდება ეს ყველაფერი, ფერმერებს კი გირაოსთვის ლიკვიდური აქტივი არ გააჩნიათ. ეს პრობლება ცალსახად დგას და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. ბევრი ფერმერი კაპიტალზე და ფინანსებზე ხელმისაწვდომობას უმთავრეს პრობლემად მიიჩნევს. ამიტომ, ხელმისაწვდომი კრედიტები, გრანტები, წახალისება ექსტენციის თანმდევი უნდა იყოს“, - ამბობს რატი კოჭლამაზაშვილი.
„სამწუხაროდ, ფერმერები ვერ აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, რომელსაც კომერციული ბანკები აყენებენ, იქნება ეს ქონებრივი უზრუნველყოფა თუ სხვა. ამიტომ, რამდენიმე წლის წინ დაიწყო შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტი, რამაც ძალიან კარგი საქმე გააკეთა იმ თვალსაზრისით, რომ ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა, მნიშვნელოვნად ისარგებლა ამ პროგრამით. იმისთვის, რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს ეს მექანიზმი, ბევრ პროექტში და პროგრამაში ჩართულია საგრანტო ელემენტი. სამწუხაროდ, სხვა სახის პროგრამა, რომელიც მასიურად დააკმაყოფილებდა ფერმერების წვდომას ფინანსებთან, ჯერჯერობით არ გვაქვს“, - ამბობს რევაზ ასათიანი.
სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნული სტრატეგიის პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ევროკავშირის, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა. რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის შემდეგ, 2019 წელს, ექსტენციის სტრატეგიის ფარგლებში შემუშავებული და აპრობირებული მექანიზმების რეპლიკაცია საქართველოს სხვა რეგიონებშიც არის დაგეგმილი.