თხილი სექტემბრიდან ორჯერ გაიაფდა - ტენდენცია წელსაც შენარჩუნდება
თხილზე ფასები დაეცა. როგორც eugeorgia.info-ს კომპანია “ნათინვესტის” დამფუძნებელმა, დავით სვანიძემ განუცხადა, გასული წლის სექტემბრიდან დღემდე 1 კგ თხილის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე 10-11 დოლარიდან 5,5-6,5 დოლარამდე შემცირდა.
„თურქეთში 2014 წელს ყინვების გამო მოსავალი განახევრდა, ამიტომ 2014-2015 წლებში თხილი ძვირი ღირდა. შარშან, აგვისტოში უკეთესი მოსავალი მოვიდა, მიუხედავად ამისა, თურქები, რომლებიც მსოფლიოში თხილის ძირითადი მწარმოებლები არიან, ფასებს ძველი ინერციით ინარჩუნებდნენ. ახლა მარაგები დაუგროვდათ და პროდუქციის გაიაფებამ მაინც მოუწიათ“, - აღნიშნა სვანიძემ.
საერთაშორისო ბაზრების კვალდაკვალ შემოდგომიდან დღემდე, თითქმის, ორჯერ გაიაფდა თხილი საქართველოშიც - ექსპორტიორები მოსახლეობისგან 1 კგ ნედლეულს 4-4,5 ლარად იბარებენ.
„გლეხები თხილის გაყიდვისგან თავს იკავებდნენ. ეგონათ, როგორც შარშან, უფრო ძვირად გაყიდდნენ, მაგრამ მოლოდინი გაუცრუვდათ. ფასი თხილზე არც წელს გაიზრდება. წინასწარი პროგნოზით, თურქეთში წელსაც კარგი მოსავალი მოვა“, - აცხადებს ექსპორტიორი.
თხილს საქართველოს საექსპორტო პროდუქტებს შორის მეოთხე ადგილი უკავია. შარშან თხილის ექსპორტის მოცულობამ 176,4 მილიონი დოლარი შეადგინა, ქართული თხილის გასაღების ძირითადი ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია.
ბელა ნოზაძე