„ჰენკელის“ წებოვანი სამშენებლო მასალების საწარმო მაისში გაიხსნება
გარდაბანში „ჰენკელის“ წებოვანი საშუალებებისა და ფილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დასრულებულია, ოფიციალური გახსნა კი მაისის დასაწყისში იგეგმება, - ამის შესახებ eugeorgia.info-ს საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში განუცხადეს.
ახალი ქარხანა არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიასა და შუა აზიაში „ჰენკელის“ პირველი საწარმო იქნება. ის Ceresit–ის ბრენდის წებოვანი სამშენებლო მასალებით როგორც ადგილობრივ ბაზარს, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს მოამარაგებს.
„საწარმოს მშენებლობა საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი კომპანიისთვის. პროექტი „ჰენკელის“ გლობალური შესაძლებლობების განვრცობის სტრატეგიის ნაწილია და მისი მიზანია, გაზარდოს კომპანიის საქმიანობა განვითარებად ბაზრებზე“, - განაცხადა „ჰენკელის“ კორპორაციის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჰერმან დაითცერმა.
კომპანიაში აღნიშავენ, რომ პროექტის წყალობით, ტრანსპორტირებისა და სასაწყობე ხარჯები შეუმცირდებათ, შესაბამისად, გაიზარდება პროდუქციის წარმოების ეფექტიანობა და რეგიონული გაყიდვების მოცულობა. დახარჯული ინვესტიციის დასახელებისგან იკავებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ .საწარმოში 50 ადამიანი დასაქმდება.
საინვესტიციო სააგენტოში აღნიშნავენ, რომ „ჰენკელთან“ მოლაპარაკებებს სხვა პროდუქციის საწარმოების გახსნაზეც აწარმოებენ, თუმცა, ჯერჯერობით, გადაწყვეტილება კომპანიას არ მიუღია.
„ჰენკელი“ გერმანიაში 1876 წელს დაფუძნდა და წებოვანი ტექნოლოგიების გარდა, ბიზნესის კიდევ ორ სფეროში: სარეცხი და სახლის მოვლის, ასევე სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებებში ოპერირებს. მისი ბრენდები - „პერსილი“, „შვარცკოფი“ და „ლოქტიტი“ - მსოფლიოში წამყვან პოზიციებს ინაწილებენ. კომპანიის რეალიზაციამ 2014 წელს 16,4 მილიარდი ევროშეადგინა, ხოლო საოპერაციო მოგებამ - 2,6 მილიარდი ევრო. „ჰენკელის“ პრივილეგირებული აქციები განთავსებულია გერმანიის საფონდო ბირჟაზე.
„ჰენკელის“ სამშენებლო ქიმიკატები - საქართველო“ ევროპისა და აზიის ტერიტორიაზე კომპანიის წებოვანი სამშენებლო მასალების 24–ე ქარხანა იქნება.
ბელა ნოზაძე