ელექტრომობილების რეალიზაციის წასახალისებლად გერმანია ფასდაკლების 1-მილიარდიან პროგრამას იწყებს
გერმანია ელექტრომობილების გაყიდვების წახალისების მიზნით, ფასდაკლების სისტემას ნერგავს. პროგრამის ღირებულება 1 მილიარდი ევროა, აღნიშნულ თანხას სახელმწიფო და ავტომწარმოებლები თანაბრად გაიღებენ.
გეგმის მიხედვით, რომელზეც მთავრობა და წამყვანი კომპანიები -Volkswagen, Daimler და BMW - შეთანხმდნენ, მსურველი ელექტრომანქანას 4 000 ევროს, ჰიბრიდულ მანქანას კი -3 000 ევროს ფასდაკლებით შეიძენს. შეღავათი არ შეეხება პრემიუმ-კლასის მანქანებს, რომელთა ღირებულება 60 ათას ევროს აჭარბებს.
მყიდველთა წახალისების მიზნით, მომავალში პარკირების გადასახადის შემცირება, ან გაუქმება, ელექტრომანქანების მწარმოებლებისთვის კი გარკვეული საგადასახადო შეღავათების დაწესება იგეგმება.
სამთავრობო პროგრამაში აღნიშნულია, რომ დასამუხტი სადგურების მოსაწყობად 300 მილიონი ევრო დაიხარჯება, პროექტი კი მაისში დაიწყება.
დღეისათვის გერმანიის 45-მილიონიან ავტოპარკში ელექტრო და ჰიბრიდული მანქანების რაოდენობა 50 ათასს არ აღემატება.
გერმანიის ტრანსპორტის მინისტრი, ალექსანდერ დობრინდტი იმედოვნებს, რომ ახალი პროგრამის შედეგად, ელექტრომობილების რეალიზაცია 400 ათასი ერთეულით გაიზრდება.
გერმანიის ყველაზე დიდი სავაჭრო გაერთიანება G Metall-ში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება დროული და აუცილებელი იყო და ის სამუშაო ადგილების შექმნას ხელს შეუწყობს.
თუმცა, ინიციატივას მოწინააღმდეგეები თავად გერმანიის კანცლერის,ანგელა მერკელის, პარტიაში ქრისტიან-დემოკრატი პარლამენტარები გამოუჩნდნენ. მათი განცხადებით, მთავრობამ ფული არა კერძო კომპანიების გაყიდვების სტიმულირებისთვის, არამედ ტაქსებისა და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ელექტროფიკაციაზე უნდა დახარჯოს. გარდა ამისა, ნაწილი მიიჩნევს, რომ ბატარეების დასამუხტად ელექტროენერგიის წარმოების ზრდა ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფას გაზრდის.
ტრანსპორტის ელექტროფიკაცია ევროკავშირის პროგრამაში Horizon 2020, ევროგაერთიანების ერთ-ერთ პრიორიტეტად არის დასახელებული. ელექტრომობილების გაყიდვების წახალისების სისტემა უკვე წარმატებით მუშაობს ევროპის სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ნორეგიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში.
ბელა ნოზაძე