ქართული თაფლის აღიარების შემდეგ ჯერი ბიზნესოპერატორების აღიარებაზეა
მეწარმეეებმა მზადება დაიწყეს
რა არის თაფლის ევროკავშირში ექსპორტისთვის კიდევ საჭირო?
კოოპერატივის - "რაჭის ნატურალური პროდუქტები" მიერ წარმოებული ცაცხვის თაფლის შეძენით ბრიტანელი იმპორტიორი ერთი წლის წინ დაინტერესდა. იმპორტიორი მზადაა, 1 კგ დაფასოებულ ცაცხვის თაფლში კოოპერატივს 17 ლარი გადაუხადოს. თუმცა, გარიგება ამ დრომდე ვერ შედგა. მყიდველი "რაჭის ნატურალური პროდუქტებისგან" თაფლის უვნებლობის დამადასტურებელ ლაბორატორიულ დასკვნას ითხოვს. დასკვნა აუცილებლად საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის მიერ უნდა იყოს გაცემული. "ევროკავშირმა თაფლის კონტროლის სისტემა აღიარა და იმედი გვაქვს, მალე შევძლებთ თაფლის ინგლისში გაყიდვას. ბრიტანეთის ელჩიც იყო ჩვენთან ჩამოსული ახლახანს, შეგვპირდა, რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ, რომ დაგეხმაროთო...,” - ამბობს "რაჭის ნატურალური პროდუქტების" თავმჯდომარე, ლაშა გაგოშიძე.
"რაჭის ნატურალურ პროდუქტებს", რომელიც ამბროლაურშია დაფუძნებული, 265 ოჯახი ფუტკარი ჰყავს და ძირითადად ცაცხვისა და წაბლის თაფლს აწარმოებს. "ბრიტანელ იმპორტიორს უნდა ცაცხვის თაფლის შეძენა, მაგრამ ის ჩვენგან ითხოვს ლაბორატორიულ დასკვნას, რომ თაფლში მავნე ნივთიერებები არ არის. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას მივმართე ჯერ 2015 წლის დეკემბერში, შემდეგ კი 2016 წლის იანვარსა და მარტში. ლაბორატორიაში მითხრეს, რომ თაფლს ფიზიკურ მაჩვენებლებზე ამოწმებდნენ, მაგრამ ყველა აკრძალულ ანტიბიოტიკზე - ვერა და მათ მიერ გაცემული დასკვნა ევროკავშირში თაფლის გატანისთვის არ გამომადგებოდა, რადგან ჯერ აკრედიტაცია არ აქვთ გავლილი. მეხუთე წელია ანტიბიოტიკებს არ ვხმარობთ და შეუძლებელია, ჩვენს თაფლში ანტიბიოტიკების ნარჩენები იყოს. მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, იმპორტიორი მე სიტყვაზე დამიჯერებს? არის ერთი გამოსავალი. ჩვენ გავგზავნოთ თაფლი ლაბორატორიული შემოწმებისთვის ბელგიაში. იქ თაფლის კვლევა 600 ევრომდე ჯდება. ამ დროისთვის 1 ტონა ცაცხვის თაფლი გვაქვს გასაყიდი და ეს ისეთი მცირე რაოდენობაა, ამხელა ხარჯის გაწევა არ გვიღირს. ზედმეტი ხარჯის გაწევას ერიდება იმპორტიორიც," - აცხადებს www.eugeorgia.info-სთან საუბარში "რაჭის ნატურალური პროდუქტების" თავმჯდომარე, ლაშა გაგოშიძე.
რა იცვლება თაფლის სახელმწიფო კონტროლის სისტემის აღიარების შემდეგ
"ცხოველური წარმოშობის ყველა პროდუქტს ევროკავშირი უყენებს მაღალ სანიტარულ მოთხოვნებს, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს მომხმარებელთა ჯანმრთელობა. აქამდე ქართული თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე არ იყო ნებადართული, თუმცა დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი წარმატება ამ კუთხით. ეს პოზიტიური გადაწყვეტილებაა და დარგის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის,“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა 2016 წლის 17 მაისს, სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრისას.
"პოზიტიურ გადაწყვეტილებად" და "დიდ წარმატებად" ელჩმა ევროკომისიის მიერ თაფლის სახელმწიფო კონტროლის სისტემის აღიარება შეაფასა: ევროკომისიის ადამიანის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის დირექტორატმა რეკომენდაციით მიმართა ევროკომისიას, რომ საქართველო შეიყვანოს მესამე ქვეყნების იმ ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე თაფლის შეტანა ნებადართულია.
თაფლის სახელმწიფო კონტროლის სისტემის აღიარებისთვის სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა და ამ სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობას დაუახლოვა: დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგის გეგმა. გარდა ამისა, მომზადდა “თაფლის შესახებ" ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც თაფლთან დაკავშირებულ მოთხოვნებს ადგენს და რომელიც 2015 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა: ბიზნესოპერატორი ვალდებულია, თაფლი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად აწარმოოს.
2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო თაფლის ხარისხობრივ მონიტორინგს ატარებს. ლაბორატორიული კვლევისთვის თაფლის სინჯები ქალაქ რიგაში, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია -„ბიორში" იგზავნება. 2013 წელს ამ ლაბორატორიაში თაფლის 42 ნიმუში გაიგზავნა. აქედან 17 სინჯში ანტიბიოტიკების ნარჩენები აღმოჩნდა. 2014 წელს ამავე ლაბორატორიაში კვლევისთვის საქართველოს სხვადასხვა მეურნეობებიდან და მაღაზიებიდან აღებული თაფლის 103 სინჯი გაგზავნეს. 32 ნიმუშში ანტიბიოტიკების ნარჩენები ისევ აღმოჩნდა. 2015 წელს გაგზავნილი 104 სინჯიდან დარღვევა 20 ნიმუშში აღმოჩნდა.
რა იცვლება თაფლის სახელმწიფო კონტროლის სისტემის აღიარების შემდეგ, როდის მოხვდება საქართველო მესამე ქვეყნების იმ ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირში თაფლის ექსპორტი დაშვებულია და რა უნდა გააკეთოს მეწარმემ იმისთვის, რომ თაფლი ევროკავშირის ბაზარზე გაიტანოს - ამ კითხვებზე პასუხების მიღებისთვის www.eugeorgia.info სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსს, კახა სოხაძეს ესაუბრა.
- ევროკომისიის ადამიანის ჯანმრთელობისა და მომხამრებელთა უფლებების დაცვის დირექტორატმა დადებითად შეაფასა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები თაფლის სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებით და რეკომენდაციით მიმართა ევროკომისიას, რომ საქართველო შეიყვანოს მესამე ქვეყნების იმ ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე თაფლის შეტანა ნებადართულია. მესამე ქვეყნების სიის განახლება წელიწადში ორჯერ ხდება. როგორც კი ამ სიას განაახლებენ, საქართველო მასში აუცილებლად მოხვდება. ჩვენი ვარაუდით, ეს მოხდება 2016 წლის შემოდგომაზე.
- შემდეგი ნაბიჯი მეწარმისთვის რა არის, რა უნდა გააკეთოს თაფლის ევროკავშირში გატანისთვის? აქ თუ ვერ აკეთებს თაფლის სრულფასოვან ლაბორატორიულ კვლევას, მაშინ ვის უნდა მიმართოს?
- რა თქმა უნდა თაფლში არ უნდა იყოს აკრძალული ნივთიერებები. არსებობს აკრძალული ანტიბიოტიკები, რომლებზეც კვლევა სავალდებულოა. ესენია: ლევომიცეტინი, ქლორამფენიკოლი, მეტრონიდაზოლი, ნიტროფურანები. დანარჩენი საკვლევი ნივთიერებების გეგმა დგება ევროკავშირის იმ კონკრეტული ქვეყნის მოთხოვნების შესაბამისად, სადაც თაფლი უნდა შევიდეს. თუმცა, ლაბორატორიული კვლევა აქ გადამწყვეტი არ არის. მეწარმე ლაბორატორიულ შემოწმებას აკეთებს იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, არის თუ არა მის თაფლში რაიმე სახის დაბინძურება. თუ თაფლი მისი წარმოებულია და მან იცის, რომ არ გამოუყენებია ანტიბიოტიკი და მისი ნარჩენები თაფლში არ იქნება, ლაბორატორიული კვლევის ჩატარების საჭიროება მინიმალურია.
ამის შემდეგ მეწარმემ უნდა იზრუნოს თაფლის დაფასოებასა და ეტიკეტირებაზე, გააჩნია როგორი იქნება მოთხოვნა: -შესაძლებელია, რომ ეტიკეტირება ევროკავშირში გაუკეთდეს. თაფლს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ვეტერინარული სერტიფიკატი. ცხოველური წარმოშობის სურსათით საერთაშორისო ვაჭრობა ხდება მხოლოდ და მხოლოდ ვეტერინარული სერტიფიკატის თანხლებით. თუ პროდუქციას ასეთი სერტიფიკატი არ აქვს, ის საზღვარს ვერ გადაკვეთს. ბარიერები აღარ არსებობს. ახლა მთავარია, რომ ისეთი ფაქტებისგან ვიყოთ დაზღვეული, რამაც ქართული თაფლის ევროკავშირში ექსპორტს შეიძლება ხელი შეუშალოს: მეწარმეებმა უნდა მოაგროვონ და ექსპორტზე გაიტანონ მხოლოდ კარგი თაფლი.
- გაგრძელდება თუ არა თაფლის ხარისხობრივი მონიტორინგი და შემდეგი კვლევისთვის სინჯები ისევ საზღვარგარეთ გაიგზავნება თუ შემოწმება საქართველოში ჩატარდება?
- თაფლის ხარისხობრივი მონიტორინგის ჩატარება სავალდებულოა და ის ყოველწლიურად უნდა განხორციელდეს, იმის და მიუხედავად, როგორი შედეგი იყო დაფიქსირებული ბოლო მონიტორინგზე. სად გაიგზავნება სინჯები, ამას წინასწარ ვერ გეტყვით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას თუ ექნება შესაძლებლობა, რომ ეს კვლევები აბსოლუტურად სრულფასოვნად გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, აქ ჩავატარებთ. თუ არა და, ალბათ, წელსაც მოგვიწევს სხვა ქვეყნის მომსახურებით სარგებლობა. შემდგომში იმედი მაქვს, რომ ამ კვლევებს უკვე საქართველოში გავაკეთებთ.
ევროკავშირში ცხოველური წარმოშობის სურსათის იმპორტის პროცედურა:
- ცხოველური წარმოშობის სურსათის გამგზავნი ქვეყნის კომპეტენტური ორგანო ევროკომისიას მიმართავს აღიარების თხოვნით
- ევროკომისია ჩადის ცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტზე გატანის მსურველ ქვყანაში და ამოწმებს, ამ ქვეყნის ჰიგიენის სტანდარტის ნორმები არის თუ არა ევროკავშირში არსებული ნორმების ექვივალენტური
- ქვეყანა იღებს/ან ვერ იღებს აღიარებას. აღიარების მიღების შემთხვევაში, ევროკომისიის ოფიციალურ ჟურნალში აღიარების მქონე მესამე ქვეყნების განახლებული სია ქვეყნდება და განახლების შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნები იღებენ ელექტრონულ შეტყობინებას.
- გამგზავნი ქვეყნის სურსათის ეროვნული სააგენტო კონტროლის საფუძველზე ადგენს იმ საწარმოების/ბიზნესოპერატორების სიას, რომლებსაც ევროკავშირში თაფლის გატანა შეუძლიათ. ეს სია ქვეყნდება ევროკომისიის ოფიციალურ ჟურნალში.
- იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანო გასცემს და ბეჭდით ამოწმებს სერტიფიკატს
- ცხოველური წარმოშობის სურსათი ევროკავშირში აუცილებლად უნდა შევიდეს სასაზღვრო ინსპექტირების პოსტის ( Border Inspection Posts ) გავლით
- იმპორტიორმა ტვირთის შესვლის შესახებ სასაზღვრო ინსპექტირების პოსტს (Border Inspection Posts ) წინასწარ უნდა შეატყობინოს
- საზღვარზე ვეტერინარი ამოწმებს ტვირთს და საბუთებს. თუ შემოწმების შედეგები დამაკმაყოფილებელი არ იქნება, ტვირთი უკან, გამგზავნ ქვეყანაში დაბრუნდება ან დაექვემდებარება განადგურებას
- თუ შემოწმების შედეგები დამაკმაყოფილებელი იქნება, ტვირთი მიიღებს ვეტერინარული შესვლის დოკუმენტს ( Common Veterinary Entry Document) და მისი იმპორტი ნებადართული იქნება
ქართული თაფლის კონტროლის სისტემამ უკვე მიიღო აღიარება. რამდენიმე თვეში საქართველო მოხვდება მესამე ქვეყნების იმ ჩამონათვალში, ვისთვისაც ნებადართულია ევროკავშირში თაფლის შეტანა. ახლა ჯერი ბიზნესოპერატორების აღიარებაზეა.