ევროკავშირი უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმს გადახედავს
ევროკავშირი მესამე ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმს გადახედავს, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოში დღეს განაცხადეს.
„ვიზა ლიბერალიზაციას აქვს დიდი უპირატესობა ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებისთვის. თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება ბერკეტი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ვიზალიბერალიზაციას ბოროტად არ გამოიყენებენ. მოხარული ვარ, რომ დღეს შევთანხმდით მექანიზმზე, რომელიც ამისგან მარტივად დაგვიცავს. მოუთმენლად ველი, როდის დავიწყებთ ევროპარლამენტთან მუშაობას მისი რეალიზაციისთვის“, - განაცხადა ჰოლანდიის მინისტრმა, მიგრაციის საკითხებში და საბჭოს პრეზიდენტმა, კლაას დიჯხოვმა.
წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების ვადა ექვსი თვიდან ორ თვემდე მცირდება. მესამე ქვეყნის მიმართ კი შემდეგი გარემოებების დროს გამოიყენებენ: 1. თუ გაიზრდება იმ ტურისტთა რიცხვი, რომლებიც ევროკავშირში დადგენილ ვადაზე (90 დღე) დიდხანს დაყოვნდნენ 2. უსაფუძვლო მიზეზით ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ მოიმატა; 3. თავისი მოქალაქეებისა თუ ტრანზიტორების რეადმისიაზე ქვეყანამ უარი განაცხადა. უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველი აგრეთვე შესაძლოა, გახდეს ევრობლოკში საზოგადოებრივი უსაფრთხოების რისკების ზრდა.
გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭომ შემოიღო მონიტორინგის მექანიზმიც, რათა უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნები გააკონტროლონ, რამდენად ასრულებენ ევროკავშირის დაწესებულ კრიტერიუმებს.
უვიზო მიმოსვლით ევროკავშირთან ამ დროისათვის აშშ, სამხრეთ კორეა, ისრაელი, ვენესუელა და რამდენიმე ათეული ქვეყანა სარგებლობს. ამავე დროს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საქართველოსთვის, თურქეთისთვის, უკრაინასა და კოსოვოსთვის.
როგორც უცხოური მედია წერს, მექანიზმის გამკაცრების ძირითადი მიზეზი უახლოეს პერიოდში ევროკავშირის მიერ თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის მოსალოდნელი გაუქმებაა. რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების საფუძველზე სირიელი ლტოლვილების შეფარებისთვის ევროკავშირმა თურქეთს 6,8 მილიარდი დოლარის გადაცემა და უვიზო რეჟიმი აღუთქვა, თუმცა, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა უარი განაცხადა ანტიტერორისტული კანონის გაუქმებასა და ჟურნალისტებისა და ოპონენტების შევიწროვებაზე. შესაბამისად, ვიზალიბერალიზაციის პროცესი დროებით შეჩერდა. ევროპული საზოგადოების ნაწილს გარკვეულწილად აფრთხობს ის ფაქტი, რომ თურქეთი 79 მილიონიანი, ძირითადად, მუსულმანური ქვეყანაა, ამავე დროს, უამრავ ლტოლვილს მასპინძლობს, რომელთა დიდი ნაწილი ცდილობს, ევროკავშირში არალეგალურად გადავიდეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მესამე ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი ევროკავშირში 2013 წლიდან მოქმედებს, თუმცა, არასდროს გამოუყენებიათ.
ბელა ნოზაძე