ევროკავშირი უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმს გადახედავს
ევროკავშირი მესამე ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმს გადახედავს, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოში დღეს განაცხადეს.
„ვიზა ლიბერალიზაციას ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებისთვის დიდი უპირატესობა აქვს. თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება ბერკეტი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ვიზალიბერალიზაციას ბოროტად არ გამოიყენებენ. მოხარული ვარ, რომ დღეს შევთანხმდით მექანიზმზე, რომელიც ამისგან მარტივად დაგვიცავს. მოუთმენლად ველი, როდის დავიწყებთ ევროპარლამენტთან მუშაობას მისი რეალიზაციისთვის“, - განაცხადა ჰოლანდიის მინისტრმა, მიგრაციის საკითხებში და საბჭოს პრეზიდენტმა, კლაას დიჯხოვმა.
წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების ვადა ექვსი თვიდან ორ თვემდე მცირდება.მესამე ქვეყნის მიმართ კი შემდეგი გარემოებების დროს გამოიყენებენ: 1. თუ გაიზრდება იმ ტურისტთა რიცხვი, რომლებიც ევროკავშირში დადგენილ ვადაზე (90 დღე) დიდხანს დაყოვნდებიან 2. უსაფუძვლო მიზეზით ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა მოიმატებს; 3. თავისი მოქალაქეებისა თუ ტრანზიტორების რეადმისიაზე ქვეყანას უარი განაცხადებს. უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველი აგრეთვე შესაძლოა, გახდეს ევრობლოკში საზოგადოებრივი უსაფრთხოების რისკების ზრდა.
გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭომ შემოიღო მონიტორინგის მექანიზმიც, რათა უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნები გააკონტროლონ, რამდენად ასრულებენ ევროკავშირის მიერ დაწესებულ კრიტერიუმებს.
უვიზო მიმოსვლით ევროკავშირთან ამ დროისათვის აშშ, სამხრეთ კორეა, ისრაელი, ვენესუელა და რამდენიმე ათეული ქვეყანა სარგებლობს. ამავე დროს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საქართველოს, თურქეთის, უკრაინასა და კოსოვოსთვის.
როგორც უცხოური მედია წერს, მექანიზმის გამკაცრების ძირითადი მიზეზი უახლოეს პერიოდში ევროკავშირის მიერ თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის მოსალოდნელი გაუქმებაა. რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შედეგად სირიელი ლტოლვილების შეფარებისთვის ევროკავშირმა თურქეთს 6,8 მილიარდი დოლარი და უვიზო რეჟიმი აღუთქვა, თუმცა, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, უარი განაცხადა ანტიტერორისტული კანონის გაუქმებასა და ჟურნალისტებისა და ოპონენტების შევიწროვებაზე. შესაბამისად, თურქეთთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი დროებით შეჩერდა. ევროპული საზოგადოების ნაწილს გარკვეულწილად აფრთხობს ის ფაქტი, რომ 79 მილიონიანი, ძირითადად, მუსულმანური ქვეყანა ამავე დროს, უამრავ ლტოლვილს მასპინძლობს. მათი დიდი ნაწილი კი ცდილობს, ევროკავშირში არალეგალურად გადავიდეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მესამე ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი ევროკავშირში 2013 წლიდან მოქმედებს, თუმცა, არასდროს გამოუყენებიათ.
ბელა ნოზაძე