ქარელში სანელებლების თანამედროვე საწარმო ერთ თვეში ამუშავდება
კომპანია “სუნელების სახლი” ევროპული სტანდარტების შესაბამის გადამამუშავებელ საწარმოს აშენებს.
კომპანიის დამფუძნებელი, გელა ჭყოიძე, უკვე 23 წელია, ქარელის რაიონის სოფელ ზემო ხვედურეთში სანელებლებს აწარმოებს და ბითუმად ყიდის, სამი წლის წინ კი გადაწყვიტა, ბიზნესისთვის უფრო ჩამოყალიბებული სახე მიეცა და დაფასოება დაეწყო.
“14 წლის ბავშვი ვიყავი, როცა ჩვენთან რაც მოდის მთაში, კოწახურის, ქონდარის, ყვითელი ყვავილის, თუ უცხო სუნელის შეგროვება-დაფქვა დავიწყე და სოფლიდან თბილისში, ყოფილ დეზერტირების ბაზარში ვაჭრებთან გასაყიდად ჩამქონდა. ფასი წესიერად არ კი ვიცოდი, 1 კგ-ს 5 ლარად ვაბარებდი. ახლა წელიწადში, დაახლოებით, 70-80 ტონა სუნელს ვაწარმოებ და რუსთავიდან ბათუმამდე სადაც საბითუმო ბაზრობაა, ყველას მე ვამარაგებ, ასევე საკონსერვო საწარმოებსაც, მაგალითად, “კულას”, მაქვს ორი მაღაზია - “სუნელების სახლი” - გორსა და ქარელში”, - განაცხადა მეწარმემ.
“ხალხი მარკეტებზე გადადის, და მოთხოვნა ბაზარზე აღარ იქნება, ამიტომ მინდა, რომ პროდუქცია მომხმარებელთან შეფუთული სახით მივიტანო , თანაც გაცილებით მაღალ მოგებას ტოვებს. 100-გრამიან პაკეტებში დაფასოებული სუნელი ხან 5 ლარსაც აღწევს., მე კი 1 კგ-ში მიხდიდნენ წლების განმავლობაში”, - აღნიშნა მეწარმემ.
გელა ჭყოიძეს ახალ საწარმოს მშენებლობა, რომელიც, თითქმის, დასრულებულია, 100 ათას ლარამდე დაუჯდა, აქედან 15 ათასი ლარი სახელმწიფო პროგრამიდან “აწარმოე საქართველოში” გრანტის სახით მიიღო.
“სახელმწიფო დაფინანსებას რაც შეეხება, ძალიან მცირე თანხაა, მაგრამ მაინც შევიტანე განაცხადი. ერთი დანადგარი, მაგალითად, რომელიც სუნელების ბოთლს თავზე ელვა შესაკრავის მსგავს მოწყობილობას უმაგრებს, 35 ათასი დოლარი ღირს. მე დასაფასოებელი დანადგარი ჩინეთიდან ჩამოვიტანე, 25 ათასი ლარი დამიჯდა. უკვე შევიმუშავეთ დიზაინი ქართული სუფრის ელემენტების გამოყენებით. პროდუქციას, ალბათ, ერთ თვეში გამოვუშვებთ”, - აღნიშნა მეწარმემ.
გელა ჭყოიძე აცხადებს, რომ საწარმოში ევროსტანდარტები დანერგვას გეგმავს, შესაბამისად, საჭირო აღჭურვილობა მთლიანად უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული. მეწარმეს სურს, პროდუქცია ევროკავშირში ექსპორტზე გაიტანოს.
“ჩვენი სუნელი ძალიან კარგი ხარისხისაა, მაგალითად, ყვითელი ყვავილი ჩვენთან მოდის, ძირითადად, სხვა ქვეყნებში მის მაგივრად კურკუმას იყენებენ. ინდოეთის წიწაკა შემოდის საქართველოში დაფქვილი, მაგრამ ჩვენი წიწაკა გაცილებით სურნელოვანია, ამიტომაც, თითქმის, ორჯერ ძვირი ღირს, 1 კგ- 10-12 ლარი. მყავს ახლობლები ევროპაში, ესპანეთში სარესტორნო ბიზნესში არიან, მყავს ასევე ნაცნობი საფრანგეთშიც, რომელიც ფიქრობს, რომ შეიძლება სუნელების შეტანა თუნდაც რუსულ მაღაზიებში”, - ირწმუნება მეწარმე.
გელა ჭყოიძე როგორც საკუთარ ნედლეულს იყენებს, ასევე მოსახლეობისგანაც იბარებს. სურს, ბედი ბიოწარმოებაში სცადოს, რადგან, როგორც თავად აცხადებს, დიდი მომავალი აქვს, ამავე დროს, ახალი კულტურები მოიყვანოს.
“ადამიანები ჯანმრთელობის საკითხებით სულ უფრო მეტად ინტერესდებიან. მაქვს მთაში ადგილი, სადაც ბიოწარმოებისთვის ძალიან კარგი გარემოა, მოვხანი უკვე და უნდა დავთესო ყვითელი ყვავილი, წიწაკა. ჯანჯაფილიც დავთესე ამას წინათ, აყვავდა, მაგრამ ვერ მოასწრო ნაყოფის მობმა, ალბათ, სათბურში გაიხარებს. 5 წლის წინ საქართველოში, ალბათ, წელიწადში 1 ტონა ჯანჯაფილი თუ იყიდებოდა, ახლა კი ტონობით შემოდის, ხალხმა გაიგო, რომ ძალიან სასარგებლოა და თან დიეტური”, - განაცხადა გელა ჭყოიძემ.