შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი მინიდინარე წელსაც გაგრძელდება
ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ფერმერებისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების მხარდამჭერ შეღავათიან აგროკრედიტის პროექტს 2015 წელსაც აგრძელებს. სიახლე ისიც არის, რომ სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნები სრულად იქნება გათვალისწინებული საწარმოს დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
პროექტის მენეჯერის ირაკლი მოისწრაფიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს ეს პროექტი მეწარმეებზე უფრო ეფექტურად მორგებული სახეცვლილი ფორმით განხორციელდება: „პროექტი გაგრძელდება 2 ახალი კომპონენტით, ესენია: ძირითადი საშუალებებისა და საბრუნავი საშუალებების კომპონენტი. მაგალითად ფერმის შენობა, პირუტყვი, რაც ერთ წელზე მეტი ვადით მოიხმარება საწარმოში, არის ძირითადი საშუალება. ხოლო საბრუნავ საშუალებად ის ითვლება, რისი გახარჯვაც ერთ სეზონზე ან მაქსიმუმ ერთ წელიწადში მოხდება. სათესლე მასალა, სასუქები, შხამ-ქიმიკატები, მუშა ხელის დაქირავება სეზონურად, ეს ყველა საბრუნავ საშუალებებს წარმოადგენს. კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოთ, ძირითადი საშუალებებია ფერმის ან საწყობის აშენება , მრავალწლიანი ბაღის გაშენება, სათბურის მოწყობა, ტბორის გაკეთება, მეწველი საქონლის შეძენა, ან დედა ღორის შეძენა, რომელიც გენერაციას იძლევა, ხოლო გოჭის შეძენა უკვე საბრუნავი საშუალებაა, ვინაიდან უკვე მაქსიმუმ 6 თვეში ფერმერი გაასუქებს და გაყიდის“.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი სასაოფლო-სამეურნეო საქმიანობის იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრების ხელმისაწვდომობის მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 2 წლის წინ შექმნა.
პროექტის ძირითად ამოცანებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის სტიმულირება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდა, პირველადი და გადამამუშავებელი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარება, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარება და სოფლად დასაქმების ზრდა წარმოადგენს.
შეღავათიანი აგროკრედიტის მისაღებად მსურველები განცხადებით მიმართავენ პროექტის პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებს, სადაც წარადგენენ თავიანთ ბიზნესგეგმას. შემდეგ კი საფინანსო ორგანიზაციები გადაწყვეტილებას საკუთარი საკრედიტო პოლიტიკიდან გამომდინარე იღებენ. თუ ბანკი ფერმერს სესხს დაუმტკიცებს, მაშინ ელექტრონულად ეს მონაცემები ეგზავნება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, რომელიც მეწარმის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ბანკების მიერ განსაზღვრული გარფიკით მოახდენს.
პროექტში მონაწილე საფინანსო არგანიზაციები არიან: ბაზის ბანკი, თიბისი ბანკი, ბანკი კონსტანტა, კორსტანდარტ ბანკი, მიკრო საფინანსო ორგანიზაცია კრედო, ლიბერთი ბანკი, პაშა ბანკი, პროგრეს ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, საქართველოს ბანკი, ბანკი ქართუ, ხალიკ ბანკი. გასული წლის ბოლოს პროექტის პარტნიორებს კაპიტალ ბანკი (ყოფილი ინვესტ ბანკი) და აზერბაიჯანის საერთაშორისო განვითარების ბანკიც დაემატა.
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ე.წ. „სტარტაპების“ დაფინანსებასაც ითვალისწინებს. არანაირი განსაკუთრებული მოთხოვნები ჩვენი მხრიდან არ არის. ბანკი თავისი საკრედიტო პოლიტიკიდან გამომდინარე აყენებს პირობებს. ამაზე მე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ, ეს ინდივიდუალურია. ეს მოთხოვნები დგინდება მეწარმის ფინანსური მდგომარეობიდან, კრედიტის უზრუნველყოფიდან და ბიზნესგეგმის ავკარგიანობიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად კარგად იცნობს მეწარმე ბაზარს. ამ რისკების გაანალიზების შემდეგ ბანკი იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენი მხრიდან არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, პირიქით მივესალმებით „სტარტაპის“ დაფინანსებას და სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ყოველი მეშვიდე სესხი გაცემულია ახალი საწარმოს შექმნაზე“, - აცხადებს ირაკლი მოისწრაფიშვილი.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი თავდაპირველად 7 კომპონენტისგან შედგებოდა:
პირველი კომპონენტი - უპროცენტო სასაქონლე განვადება მცირე ფერმერებისთვის.
ეს კომპონენტი ითვალისწინებდა ფერმერებისთვის 5 000 ლარამდე ღირებულების სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების პროდუქციაზე უპროცენტო სასაქონლო განვადების შეთავაზებას. ფერმერი სასურველ დროს იღებდა პროდუქციას და იმავე ღირებულებას იხდიდა მოსავლის აღების შემდგომ, განსაზღვრულ პერიოდში.
მეორე კომპონენტი - შეღავათიანი აგროკრედიტი საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის.
აღნიშნული კომპონენტით საბრუნავი საშუალებები და ნაწილობრივ ძირითადი საშუალებები ფინანსდებოდა. ამ შეთავაზებით სარგებლობა შეეძლოთ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, გარდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა.
კრედიტის მინიმალური მოცულობა 5 ათას, ხოლო მაქსიმალური მოცულობა 100 ათას ლარს შეადგენდა. ამ კომპონენტისთვის საფინანსო ინსტიტუტების მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი უნდა ყოფილიყო 17%-ი, სადაც საპროცენტო სარგებლის 9 %-ის თანადაფინანსებას პროექტების მართვის სააგენტო უზრუნველყოფდა. კრედიტის ვადა საბრუნავ საშუალებებზე არაუმეტეს 18 თვით და ძირითად საშუალებებზე 60 თვით განისაღზვრებოდა.
მესამე კომპონენტი - შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის.
ეს კომპონენტი ითვალისწინებდა ახალი სასოფლო–სამეურნეო საწარმოების შექმნასა და არსებული საწარმოების ტექნოლოგიურ გადაიარაღებას. ამ კომპონენტის ფარგლებში გაცემული კრედიტის თანხა განისაზღვრებოდა 30 000 აშშ დოლარიდან 600 000 აშშ დოლარამდე ან მისი ექვივალენტური თანხით ეროვნულ ვალუტაში (ლარში), კრედიტის ვადა - არაუმეტეს 84 თვე. მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 15%-ს, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსება საპროცენტო სარგებლის 12%-ს შეადგენდა.
მეოთხე კომპონენტი - შეღავათიანი აგროლიზინგი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის.
ამ კომპონენტით ხდებოდა ახალი დაარსებული სასოფლო–სამეურნეო საწარმოების მანქანა-დანადგარებით აღჭურვის დაფინანსება. ამ კომპონენტით სარგებლობის პირობას სასოფლო–სამეურნეო საწარმოების მიერ ადგილობრივი ნედლეულისა და ადგილობრივი შრომით რესურსების გამოყენება წარმოადგენდა. ამ კომპონენტით ერთ ბენეფიციარზე ლიზინგის გამცემის ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 30 000 და არაუმეტეს 600 000 აშშდოლარს შეადგენდა, ხოლო ლიზინგის მაქსიმალური ვადა - 84 თვეს. მომსახურების წლიური სარგებელი ინვესტიციის 15%-ს, ხოლო პროექტების მართვის სააგენტოს თანადაფინანსება წლიურისარგებელის 12%- შეადგენდა.
მეხუთე კომპონენტი - შეღავათიანი აგრო კრედიტი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის.
აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში კრედიტები გაიცა მხოლოდ ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოებზე. კრედიტის მოცულობა 100 ათასიდან 10 მილიონ ლარამდე მერყეობდა. მაქსიმალურ საპროცენტო განაკვეთს 15%-ი წარმოადგენდა, სადაც სააგენტოს მონაწილეობა 9 %-ი იყო. კრედიტი 15 თვით გაიცემოდა.
მეექვსე კომპონენტი - შეღავათიანი აგროკრედიტი ვაშლის, ატმის და მანდარინის შემსყიდველი საწარმოებისთვის.
ატმის და მანდარინის შემსყიდველ საწარმოებს პროექტების მართვის სააგენტო საპროცენტო განაკვეთის 9 %-ს უფინანსებდა. მეწარმეებს 100 ათასიდან - 10 მილიონ ლარამდე კრედიტის აღება შეეძლოთ. ვაშლის შემსყიდველი კომპანიები, რომლებიც 1 კილოგრამ არასტანდარტულ ვაშლს მინიმუმ 10 თეთრად შეიძენდნენ, სააგენტოსგან კილოგრამზე 8 თეთრის სუბსიდიას იღებდნენ.
მეშვიდე კომპონენტი - შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოებისათვის.
მე-7 კომპონენტის მიზნობრივ ბენეფიციარებს წარმოადგენდნენ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომლებსაც პროექტის „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება“ - ფარგლებში მოიპოვეს საგრანტო თანადაფინანსება.
პროექტის გეოგრაფიული დივერსიფიცირებისა და დაფინანსების თანაბარი გადანაწილების მიზნით, ერთ მიზნობრივ რაიონში ხდებოდა არაუმეტეს 3 საწარმოს დაფინანსება, ამავდროულად, ერთ მიზნობრივ რაიონში დაფინანსებული პროექტების ჯამური ღირებულება არაუმეტეს 1 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრებოდა. მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 14 %-ს, ხოლო პროექტების მართვის თანამონაწილეობა საპროცენტო განაკვეთის 12 %-ს შეადგენდა.
შეღავათიან აგროკრედიტის პროექტს მოაგვიანებით მე-8 კომპონენტი სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დაემატა. „აწარმოე საქართველოში“ ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტია. ამ პროექტის ერთ-ერთი კოორდინატორი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოცაა, რადგან ამ პროგრამის ბიუჯეტის (46 მლნ ლარი ) 65,2 %-ით (30 მლნ ლარი) სასოფლო-სამოეურნეო მიმართულების საწარმოები დაფინანსდნენ. პროექტის ბიუჯეტის 34,8 %-ი (16 მლნ ლარი) კი სხვა მიმართულების ინდუსტრიის დასაფინანსებლად დაიხარჯა.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტების ანალიზისა და ანგარიშგების სამსახურის უფროსი მიხეილ კუჭავა: „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ჯამში 2015 წლის დღევანდელი დღის მდგომარეობით გაცემულია 27,208 სესხი, 716,557,418 ლარის ოდენობით. I კომპონენტში გაიცა 5,448 სესხი 2,199,819 ლარის ოდენობით. II კომპონენტში 20,835 სესხი 371,008,522 ლარის ოდენობით. III კომპონენტში 806 სესხი 102,124,673 აშშ დოლარის ოდენობით. IV კომპონენტში 2 სესხი 89,878 აშშ დოლარის ოდენობით. V კომპონენტში გაიცა 87 სესხი 110,643,047 ლარის ოდენობით და 10 სესხი 8,663,171 აშშ დოლარის ოდენობით. VI კომპონენტში 9 სესხი 2,680,000 ლარის ოდენობით. VII კომპონენტში 2 სესხი 448,680 აშშ დოლარის ოდენობით. VIII კომპონენტში 9 სესხი 11,018,240 აშშ დოლარის ოდენობით . შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ჯამში 2014 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით პროცენტის სუბსიდირების სახით სააგენტოს მხრიდან გადახდილია 31,202,000 ლარი“.
ირაკლი მოისწარფიშვილი ამბობს, რომ საპროცენტო განაკვეთის თანადფინანსების სანაცვლოდ მეწარმემ სურსათის წარმოების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს: „თუ სურსათის ეროვნული სააგენტოს რომელიმე უწყება, მაგალითად ვეტერინარიის დეპარტამენტი მოთხოვს საწორმოში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის დანერგვას, ჩვენც მაგას მოვითხოვთ თუ ჰასპზე უფრო მკაცრ სტანდარტს მოითხოვს, მაშინ ჩვენი მოთხოვნაც შესაბამისი იქნება. მეწარმემ უნდა დააკმაყოფილოს სურსათის უვნებლობის ის სტანდარტები, რაც მოთხოვნილი იქნება სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან. თუ ჩვენი მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდება, რომ მეწარმის ინფრასტრუქტურა და წარმოების სიტემა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს ვერ შეესაბამება, მაშინ საწარმოს შესაბამისობაში მოსაყვანად გონივრულ ვადას მივცემთ“.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს 2013 წელს ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი აფინანსებდა. 2014 წელს კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. შეღავათიანი აგროკრედიტის მენეჯმენტის თქმით, მინდინარე წელს შესაძლოა, რომ პროექტის ბიუჯეტი გაიზარდოს.
ზურაბ მოდებაძე