აგროკრედიტის მსურველები სესხებს განახლებული პირობებით მიიღებენ
დოლარში აღებული შეღავათიანი აგროკრედიტი მეწარმეებს პრობლემად ექცათ
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ უკვე მესამე წელია არსებობს. მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი პროექტი თავდაპირველად 8 კომპონენტისგან შედგებოდა. წელს 8 კომპონენტი 4 ფინანსურ პროდუქტად შეიცვალა. ბიუჯეტი 15 მილიონით გაიზარდა და 47 მილიონი ლარი შეადგინა. პროექტში კიდევ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე.
„შეიცვალა სესხის მინიმალური ზღვრები. საბრუნავი საშუალებებისთვის მინიმალური ზღვარი გასულ წელს თუ 5 ათასიდან იწყებოდა, წელს საბრუნავი საშუელბებისთვის 20 ათასი, ხოლო ძირიათდი საშუალებებისთვის 12 ათასი დოლარი გახდა(ან მისი ექვივალენტი ლარში). პირუტყვის ყიდვა-გაყიდვის პროცედურის წესიც შეიცვალა. მიმდინარე წლიდან მხოლოდ მარკირებული პირუტყვის ყიდვა-გაყიდვა არის შესაძლებებლი, ეს ეხება მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსან პირუტყვს“, - განაცხადა ჩვენტან საუბარში „შეღავათიანი აგროკრედიტი“-ს პროექტის მენეჯერმა ირაკლი მოისწრაფიშვილმა.
შეღავათიანი აგროსესხების დასაფინანსებლად რამდენიმე მილიონით გაზრდილი ბიუჯეტის მიუხედავად, არსებობენ მეწარმეები, რომლებიც ევროპული სტანდარტების შესაბამისად წარმოების გადასაიარაღებლად საჭირო კრედიტის მოპოვებას ვერ ახერხებენ. გოჩა მელქაძე კომპანია BI solution- ის დირექტორია, რომელიც თავის პარტნიორებთან ერთად რძის პროდუქტების საწარმოო ხაზის აწყობაში ეხმარება ქართველ მეწარმეებს. მელქაძის კომპანიამ მართვაში აიღო სიღნაღის რაიონის, სოფელ ბოდბეში არსებული რძის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ამჟამად გადაიარაღებას საჭიროებს. მელქაძის თქმით, გადაიარაღებისა და საბრუნავი საშუალებებისთვის სულ 400 ათასი დოლარი სჭირდებათ, თუმცა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ამ კრედიტის აღება ვერ შეძლო:
„ფინანსებზე ხელმისაწვდომობა არის უსაშველოდ გართულებული, ფაქტობრივად, ბანკები საბოტაჟს უწყობენ სახელმწიფო პროგრამებს. იმისათვის, რომ აგვეღო 400 ათასი დოლარი, მოითხოვეს 800 ათასი დოლარის ღირებულების ქონებით უზრუნველყოფა. ბანკში გვითხრეს, რომ რეგიონებში მდებარე უძრავ ქონებას 50%-იანი დისკონტირებით, ფასის შემცირებით განიხილავენ და სააგენტოს 50%-იანი 24 თვის უზრუნველყოფა არ აინტერესებთ. სასაცილოდ არ ყოფნით სიტყვა სტარტაპი. ამიტომ ვაცხადებ, რომ საბანკო სექტორი არის საქართველოს ეკონომიკის მტერი“.
„ჩვენ ბანკის საკრედიტო პოლიტიკაში არ ვერევით, ეს უფლება სპეციალურად არ დავიტოვეთ რადგან არაეფექტური იქნებოდა. ჩვენ არანაირი რესურსი ბანკისთვის არ მიგვიცია, შესაბამისად გადაწყვეტილებასა და რისკების დაზღვევაში ბანკი არის დამოუკიდებელი. საბანკო სესხის მოპოვებას ხელოვნურ ბერკეტებს არ ვუწესებთ. აგროსესხზე დაწესებული შეღავათით ბენეფიციარი სარგებლობს მას შემდეგ, რაც ის ბანკის კლიენტი გახდება. როცა ბანკი ჩვენი პიროებების გათვალისწინებით გასცემს სესხს, ჩვენ მაშინვე თანადაფინანსებას ვურთავთ “, - აცხადებს ირაკლი მოისწრაფიშვილი.
იმის მიუხედავად, რომ მეწარმეთა ნაწილს აგროკრედიტი დაუმტკიცდა, ლარის დევალვაციის შედეგად მათ გარკვეული ზარალი განიცადეს. ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე ამბობს, რომ ვალუტის კურსთაშორისი სხვაობის გამო ის ფერმერები დაზარალდნენ, რომლებმაც სესხი დოლარში გამოიტანეს: „610 ფერმერს სესხი დოლარში აქვს აღებული. თუ მცირე ორგანიზაციების სახელფასო ფონდი არის 6-7 ათასი ლარი, ვალუტის კურსთაშორისი სხვაობის გამო მათ ამდენივე ზედმეტი თანხის გადახდა მოუწიათ ბანკში. თუ ფერმერებს პროცენტის და ძირის სახით შესატანი ქონდათ 12-13 ათასი დოლარი, ყოველ 1000 დოლარზე 450 ლარს აგებენ. არსებულ ვითარებაში ფერმერებს აღარ დარჩათ საბრუნავი საშუალებების შესაძენი თანხა. ფერმერს, რომელსაც 600 ათასი დოლარი ჰქონდა სესხი, დღეს რომ წინსწრებით დაფაროს, სადღაც 240 ათასი ლარით მეტი უნდა გადაიხადოს“.
ამირან ხახიშვილი 7 ფერმერთან ერთად კოოპერატივ „რანჩო“-ში არის გაწევრიანებული. მათ თეთრიწყაროს რაიონის, სოფელ მანგლისში 80 სულიანი ფერმა აქვთ. „რანჩო" - ს წევრებმა180 ათასი დოლარის ოდენობის სესხი პირუტყვის საყიდლად და ფერმის გასაფართოებლად გამოიტანეს.
„1 წელი გქონდა საშეღავათო პერიოდი, დაახლოებით 2000 დოლარს ვიხდით თვეში. კრედიტი გამოვიტანეთ მაშინ, როცა დოლარი 1 ლარსა და 75 თეთრს შეესაბამებოდა. ახლა კი საშუალოდ 800-900 ლარით მეტს ვუხდით ბანკს. ასეთი კურსი, რომ შენარჩუნდეს, დაახლოებით 70 ათასი ლარით მეტის გადახდა მოგვიწევს ვალის სრულად დაფარვისას. ბანკს მივმართეთ და სესხის დაფარვის ვადა სამი თვით გამიგრძელეს. ამ სამ თვეში ფულს არ გვახდევინებენ. ამ თვეების განმავლობაში გადასახდელი თანხა კი დარჩენილ თვეებზე გადანაწილდება. ცხოველების საკვებს თავად ვამზადებთ ხოლმე, შარშან გვალვიანი სეზონი იყო, საკვები ვერ დავამზადეთ და ახლა ყიდვა გვიწევს, ამას კურსის ცვლილების გამო შექმნილი პრობლემებიც დაემატა“, - ამბობს ამირან ხახიშვილი.
ნინა პეტროვა ლისის ტბის მიმდებარედ 4000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ 2 სათბურს ფლობს. პეტროვა ბიოლოგიურად სუფთა სალათის ფოთლებს, პომიდორსა და სხვა ბოსტნეულს აწარმოებს. ჩითილები უცხოეთიდან შემოაქვს და სწორედ ამიტომ სესხის დოლში გამოტანა მოუხდა.
„გასული წლის აგვისტოში 50 ათასი დოლარის ოდენობით შეღავათიანი აგროკრედიტი ავიღე, მაშინ კურსი 1 ლარი და 71 თეთრი იყო. ეს კრედიტი სათბურების რეკონსტრუქციისა და საბრუნავი საშუალებებისთვის დამჭირდა. სანამ საქართველოს ბანკიდან სესხმა ჩემამდე მოაღწია 2 თვე გავიდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საბუთები იყო შესაგროვებელი. ამის გამო დამიგვიანდა ჩითილების ჩამოტანა საზღვარგარეთიდან, რამაც მოსავლის დაგვიანებაც გამოიწვია. იანვრამდე გვქონდა საშეღავათო პერიოდი და ბანკმა აღარ გამიგრძელა მეტი ხნით. მე რომ კიდევ გადავადება ან პერიოდის გაგრძელება გავაკეთო მომხსნიან შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამიდან, რაც არ მაწყობს რა თქმა უნდა, რადგან უფრო დიდი ზარალი მომადგება. როცა ლარი ყველაზე მეტად გაუფასურდა, სესხი 30%-ით და დღეის მდგომარებით კი საშუალოდ 15-20 %-ით გამიძვირადა“, - აცხადებს ნინა პეტროვა.
ნინო ზამბახიძე ამბობს, რომ ფერმერების დასახმარებლად მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას: „ამ შემთხვევაში მარტო ფერმერი კი არ აგებს, თქვენ წარმოიდგინეთ სახელმწიფო როგორ ზარალობს. იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს ხანში რაღაც კონკრეტული შემოთავაზება იქნება “.
გასულ წელს ფერმერებს 15 ბანკში შეეძლოთ სესხის აღება. თიბისი ბანკისა და ბანკი კონსტანტას გაერთიანების შემდეგ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“- ს ფარგლებში აგრო კრედიტებს 14 საფინანსო ინსტიტუტი გასცემს. ესენია: თიბისი ბანკი, ბაზის ბანკი, კორსტანდარტ ბანკი, მიკრო საფინანსო ორგანიზაცია "კრედო", ლიბერთი ბანკი, პაშა ბანკი, პროგრეს ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, საქართველოს ბანკი, ბანკი ქართუ, ხალიკ ბანკი. კაპიტალ ბანკი (ყოფილი ინვესტ ბანკი) და აზერბაიჯანის საერთაშორისო განვითარების ბანკი.
ცნობილია, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში“ ჩართული "პროკრედიტ ბანკი" 10 ათას ევროზე ნაკლებ აგროკრედიტებს აღარ გასცემს. „ბანკი მთელი ჰოლდინგის მასშტაბით აღარ ახორციელებს მიკრო დაფინანსებას და არ გასცემს კრედიტებს, რომელთა მოცულობა 10 000 ევროზე ნაკლებია. შესაბამისად, აღნიშნული პირობა ვრცელდება როგორც ჩვეულებრივ ბიზნეს სესხებზე, ასევე აგრო კრედიტებზეც“- გვითხრეს ბანკის მარკეტინგის განყოფილებაში.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო წელსაც არ მონაწილეობს საკრედიტო განაცხადის დამუშავების პროცესში. შეღავათიანი კრედიტის ასაღებად, მეწარმე თავისი ბიზნესგეგმით ჯერ ბანკში მიდის და თუ ბანკის დარწმუნებას შეძლებს, ამის შემდეგ უკვე შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებაზე განაცხადს აკეთებს.
შეღავათიანი აგროკრედიტის ფინანსური პროდუქტებია: 1. სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება საბრუნავი საშუალებებისთვის 2. სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება ძირითადი საშუალებებისთვის 3. შეღავათიანი აგროლიზინგი და 4. შეღავათიანი აგროკრედიტი პროგრამისთვის „აწარმოე საქართველოში“.
საბრუნავი საშუალებების კომპონენტი
შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობა საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, ინდივიდუალურ მეწარმეებსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს შეუძლიათ. თუმცა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები არ დაფინასდებიან.
საბრუნავი საშუალებების კომპონენტში სესხი როგორც პირველადი, ასევე გადამამუშავებელი სასოფლო–სამეურნეო საწარმოების საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად გაიცემა.
პირველადი წარმოებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა განისაზღვრება 20 000 ლარიდან 100 000 ლარამდე (ან ეკვივალენტი თანხა აშშ დოლარში). კრედიტის ვადა დამოკიდებულია მის მიზნობრიობაზე და მაქსიმალური ვადა 18 თვეა. სესხის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 50 ათას ლარამდე 15 %-ს , ხოლო 50 ათასიდან 100 ათასი ლარის ჩათვლით 14 %-ს შეადგენს.
გადამამუშავებელმა საწარმოებმა შესაძლოა საბრუნავი საშუალებებისთვის 20 ათასიდან 10 მილიონ ლარამდე(ან ეკვივალენტი აშშ დოლარში) კრედიტი აიღონ.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ, სესხის საპროცენტო განაკვეთების თანადაფინანსება ძირითადი თანხის 8%-ს შეადგენს. სესხის გაცემის საკომისიო 50 ათას ლარამდე 0.5%-ს და 50 ათას ლარზე და მეტზე 0.2%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
ბანკები აგროსესხის გაცემისას ბენეფიციარებს 2 პირობის დაკმაყოფილებას სთხოვენ. პირველი პირობაა შემოსავლის დადასტურება და მეორე - სესხის თანხის უზრუნველყოფა ლიკვიდური ქონებით. თუ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის მინიმუმ 30 %-ის უზრუნველყოფა შეუძლია, მაშინ საააგენტო მას ძირითადი თანხის 50%-ის უზრუნველყოფაში ეხმარება მთელი სესხის ვადის განმავლობაში.
ძირითადი საშუალებების კომპონენტი
ძირითადი საშუალებების კომპონენტში შეღავათიანი აგროკრედიტი ახალი სასოფლო–სამეურნეო საწარმოების (პირველადი, გადამამუშავებელი, ინფრასტრუქტურული) შექმნისა და არსებული საწარმოების გაფართოებისთის გაიცემა.
ძირითადი საშუალებებისთვის სესხის თანხა 12 ათასიდან იწყება და მაქსიმუმ 600 ათას აშშ დოლარს შეადგენს. სესხის მაქსიმალური ვადა 84 თვეა. მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი კი 15%-ს შეადგენს. საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება ძირითადი თანხის 11%-ის ოდენებით განისაზღვრება. სააგენტოს მხრიდან სესხის თანადაფინანსების შეწყვეტისა და სესხის დაზღვევის პიროებები იგივეა, რაც პირველი კომპონენტით არის დადგენილი.
შეღავათიანი აგროლიზინგი
შეღავათიანაი აგროლიზინგი პროექტის მესამე კომპონენტია.
აგრო ლიზინგით შესაძლებელია დაფინანსდეს ახალი ან მეორადი მანქანა-დანადგარების იმპორტი, საქართველოში არსებული უცხოური ან ადგილობრივი წარმოების ახალი მანქანა-დანადგარების შეძენა. ასევე შესაძლერბელია მეორადი მანქანა-დანადგარების ლიზინგი.
მიწის, არსებული სასოფლო-სამეურნეო შენობა-ნაგებობების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სატრანსპორტო, მფრინავი და მცურავი საშუალებების და საოფისე ფართის ლიზინგი არ ფინანსდება.
ერთ ბენეფიციარზე ლიზინგის გამცემის ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 12 ათასი და არაუმეტეს 600 ათასი აშშ დოლარით, ხოლო ლიზინგის მაქსიმალური ვადა - 84 თვით განისაზღვრება. სალიზინგო საზღაურში გათვალისწინებული მომსახურების წლიური სარგებელი ლიზინგის გამცემის ინვესტიციის 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს. სააგენტოს თანადაფინანსება შეღავათიან აგროლიზინგში 12%-ს შეადგენს.
აწარმოე საქართველოში
პროექტის მეოთხე კომპონენტია აწარმოე საწართველოში. ამ კომპონენტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმო შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს: აუცილებელია შეიქმნას მხოლოდ ახალი ან გაფართოვდეს ან გადაიარაღდეს არსებული საწარმო. საწარმო ასევე უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, სანიტარულ და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. საწარმოს შენობა-ნაგებობებსა და მიმდებარე ტერიტორიას უნდა გააჩნდეს ესთეტიური გარეგანი სახე.
სესხის მინიმალური მოცულობა 600 ათას, ხოლო მაქსიმალური 2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ძირითადი საშუალებებისთვის აღებული სეხსის საშეღავათო პერიოდი არანაკლებ 24 თვე, ხოლო საბრუნავი საშუალებისთვის გაცემულ სესხზე 18 თვეა გათვალისწინებული. სესხის საპროცენტო განაკვეთი 1 მილიონი დოლარის ჩათვლით 12 %-ს, ხოლო 1-დან 2 მილიონამდე დოლარის ჩათვლით არაუმეტეს 11%-ს შეადგენს. სააგენტო საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას წლიური 10%-ის ოდენობით ახორციელებს სესხის გაცემიდან მხოლოდ 2 წლის განმავლობაში. სააგენტო 600 ათას დოლარამდე სესხებზე ბენეფიციარებს სთავაზობს მთლიანი თანხის 50 %-ის უზრუნველყოფას. ეს პირობა ძალაშია სესხის პირველი გაცემიდან 54 თვის განმავლობაში.
შეღავათიანი აგოკრედიტის პროექტის სტატისტიკა
eugeorgia.info გთავაზობთ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის სტატისტიკას, რომელიც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტების ანალიზისა და ანგარიშგების სამსახურის უფროსმა მიხეილ კუჭავამ მოგვაწოდა.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სულ გაცემულია 27 695 სესხი.
პროექტის ფარგლებში 21 006 ბბენეფიციარს აქვს სესხი აღებული.
მეორადი უზრუნველყოფის პირობების თანახმად პროექტის ფარგლებში ბენეფიციარის დავალიანება სააგენტომ დაფარა მხოლოდ 2 შემთხვევაში.
ამ ეტაპზე აქტიური სესხების რაოდენობა შეადგენს 21 441 სესხს. 6 254 კრედიტი დახურულია.
კრედიტის მიზნობრიობა დარღვეული აქვს 72 ბენეფიციარს. აქედან 56-ს შეუწყდა დაფინანსება, დანარჩენს შეუმცირდათ სესხის ვადა.
ყველაზე მეტი კრედიტი გაცემულია სოფლის მეურნეობის შემდეგ დარგებში (პირველი სამეული): 1. მესაქონლეობა 2. მეცხვარეობა 3. მემცენარეობა
ყველაზე ცოტა კრედიტი: 1. ზეთის წარმოება 2. თამბაქოს წარმოება 3. ლუდის წარმოება.
სააგენტოს ბაზაში 15 723 უგირავნო კრედიტი (10 ათას დოლარამდე) ფიქსირდება.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ყველაზე მეტი კრედიტი გასცა:
1. თიბისი ბანკი (ბანკი კონსტანტას მონაცემები შედის თიბისი ბანკის მონაცემებში), 2. საქართველოს ბანკი, 3. ვითიბი ბანკი.
სულ 2015 წელს გაცემულია 495 სესხი, იმავე რაოდენობის მეწარმეზე. გაცემული სესხის თანხა 18,480,000 ლარს და 4,202,000 დოლარს შეადგენს.
ზურაბ მოდებაძე