თბილისში საფინანსო ინოვაციების ფორუმი პირველად ჩატარდა
“ევროპელი ინვესტორებისთვის საქართველო ძალიან კარგი შესაძლებლობაა. ქვეყანამ უნდა შეასრულოს თავისი ისტორიული როლი, როგორც აღმოსავლეთისა და ევროპის დამაკავშირებელმა.”
თბილისში საერთაშორისო კონსალტინგური კომპანიის “Hansa Fincon”-ისა და “საქართველოს ინვესტირების პროფესიონალთა საზოგადოების” (GSIP) ორგანიზებით საფინანსო ინოვაციების ფორუმი პირველად ჩატარდა. ფორუმის პირველი დღე ინვესტირების სტრუქტურირებასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე საუბარს დაეთმო, მეორე დღეს კი ქართველმა მომხსენებლებმა უცხოელ კოლეგებს საქართველოს საინვესტიციო გარემო გააცნეს. ფორუმზე წარმოდგენილი იყვნენ საინვესტიციო კომპანიების, ბანკების, იურიდიული და აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან.
“Hansa Fincon-ი მსგავს ღონისძიებებს მსოფლიო მასშტაბით ატარებს, აქცენტი კეთდება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე, იმისათვის, რომ მოხდეს გამოცდილებისა და ცოდნის ურთიერთგაცვლა. ცოდნისა და გამოცდილების იმპორტი კი ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება. ბევრი უნდა ვისწავლოთ იმ ქვეყნებისგან, რომელიც დღეს აქ იყო წარმოდგენილი: ლიხტენშტეინი, შვეიცარია, კვიპროსი, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი. მეგობრულ და არაოფიციალურ გარემოში ხდება ინფორმაციის, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება”-განაცხადა“საქართველოს ინვესტირების პროფესიონალთა საზოგადოების” თავმჯდომარე გოჩა ნიკოლაიშვილმა.
“საქართველო არის ჭიშკარი ცენტრალური აზიის რეგიონსა და ევროპას შორის. შესაბამისად, ევროპელი ინვესტორებისთვის საქართველო ძალიან კარგი შესაძლებლობაა. ქვეყანამ უნდა შეასრულოს თავისი ისტორიული როლი, როგორც აღმოსავლეთისა და ევროპის დამაკავშირებელმა. მსგავსი სახის ფორუმები კი ხელს შეუწყობს ამ პროცესს”- აღნიშნა Hansa Fincon-ის წარმომადგენელმა ტომას ფელდტმა.
ფორუმს ესწრებოდნენ გიბრალტარში დაფუძნებული კომპანია Hfft Group-ისწარმომადგენლებიც. Hfft Alternative-ი საქართველოს ინვესტიციების სტრუქტურირებაში დახმარებას სთავაზობს.
“ჩვენ აქ ჩამოვედით იმიტომ, რომ ვხედავთ საქართველო ვითარდება, ბევრი ცვლილება იქნება ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. ასევე, სხვადასხვა პროექტები განხორციელდება მომდევნო 3 წლის განმავლობაში. ჩვენ ვთავაზობთ დახმარებას, როგორ უნდა მოხდეს პროდუქტის სტრუქტურირება, რაც მისცემს საშუალებას სხვადასხვა დაინტერესებულ პირს განახორციელოს ინვესტირება კონკრეტულ პროექტში. ჩვენ ვქმნით ფონდს და შემდეგ ინვესტორები დებენ ფულს ამ ფონდში, დაახლოებით ისე, როგორც სახელმწიფო აკეთებს. ამგვარად, პროექტი ეკუთვნის ფონდს, მაგრამ ინვესტორები დებენ ფულს. ინვესტორები ჩვენგან იგებენ რა ხდება, როგორ ვითარდება პროექტი. ქვეყანას სჭირდება მსგავსი სახის დახმარება. - აცხადებს Hfft Alternative Limited -ის დირექტორი ნიკოლა სმიტი.
საქართველოში საინვესტიციო კუთხით კანონმდებლობაზე პრეზენტაცია იურიდიული კომპანიის Dechert LLP ეროვნულმა პარტნიორმა არჩილ გიორგაძემ ჩაატარა. მისი განცხადებით, საქართველოში საკანონმდებლო კუთხით ბიზნეს-ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოა. გიორგაძე სფეროში არსებულ პრობლემებსაც შეეხო.
“ბოლო წლებში პრობლემა გახდა სასოფლო-სამეუნრეო საქმიანობის შესახებ კანონი. ბიზნეს-საზოგადოება აქტიურად უჭერდა მხარს უცხოელებისთვის შეზღუდვების გაუქმებას. ახალი კანონპროექტი განხილვის პროცესშია, ჩვენ გვინდა უცხოელებს ჰქონდეთ სრული თავისუფლება და ეს არ იყოს მათთვის შემაფერხებელი ფაქტორი.” გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა არც სავიზო რეგულაციებისთვის იყო მზად- “ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს ამ კუთხით პრობლემების მოგვარებაში და აქტიურად ვართ ჩართული პროცესში. ვფქირობ, ყველაფერი ბუნებრივად დარეგულირდება, ხელისუფლება მიხვდება, რომ მსგავსი რეგულაციები მეტისმეტია ქვეყნისთვის და ამაზე მიუთითებს შემუშავებული ცვლილებებიც”- განაცხადა გიორგაძემ.
ფორუმზე დაისვა შეკითხვა სათამაშო ბიზნესის მნიშვნელობაზეც.
“აზარტული თამაშები რომ კანონიერია, ეს ერთგვარი მაგნიტია ტურისტებისთვის, საქართველოს თავისი მდებარეობა ამ მხრივ უპირატესობას აძლევს. მაგალითად, გიბრალტარი არის საერთაშორისო ჰაბი ონლაინ თამაშების, ამით ქმნის დიდი ოდენობით სამუშაო ადგილებს. არ ვეთანხმები გამოთქმას, რომ თამაშები ღარიბს უფრო მეტად აღარიბებს, თუ დააწესებ შესვლის გადასახადს, მაგალითად, 5-10 დოლარს, იქ ღარიბი ხალხი ვერ შევა”. -აღნიშნა“Hansa Fincon”-ის წარმომადგენელმა ევგენი გელარიმ.
“გიბრალტარი საქართველოს მსგავსად კარგ საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს კომპანიებს, რის გამოც მიიზიდა ონლაინ სათამაშო კომპანიების სათავო ოფისები. ონლაინ თამაშები 24 საათია და შესაბამისად მათ სჭირდებათ პერსონალი 24 საათის განმავლობაში ოფისში, რომ დაეხმარონ მომხმარებლებს ონლიან რეჟიმში, შესაბამისად, შეიქმნა IT, კლიენტთა მომსახურების სამსახურები. თითოეული კომპანია ასაქმებს 200-300 კაცს. “- განაცხადა გიბრალტარში დაფუძნებულმა კომპანია Hfft Alternative Limited-ის დირექტორმა ნიკოლა სმიტმა.
“საქართველოს ინვესტირების პროფესიონალთა საზოგადოება” ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც გეგმავს თანამშრომლობას. საფინანსო ინოვაციური ფორუმი კი საქართველოში ყოველწლიურად ჩატარდება
მაიკო გაბულდანი