ევროპის ბაზარზე 1 კგ მწვანილის ფასი 2-4 ევრო იქნება
ბადრი კილაძეს წყალტუბოს რაიონში 3 000 კვადრატულ მეტრზე სათბური აქვს გაკეთებული. სათბურში ძირითადად სალათი და მწვანილი - კამა, ოხრახუში და ქინძი მოჰყავს. ბადრი ამბობს, რომ წელს მემწვანილეებს გამორჩეულად ცუდი სეზონი ჰქონდათ: "30 ტონა სალათი გამიფუჭდა. ტრადიციულ ბაზრებზე - რუსეთსა და უკრაინაში მწვანილის ფასი იმდენად დაეცა, დისტრიბუტორების შემოთავაზებული ფასი კრეფის ხარჯსაც ვერ გვინაზღაურებდა. ჩვენს მიერ მოყვანილ პროდუქტზე დიდი მოთხოვნა არც ადგილობრივ ბაზარზეა. წელს 1 კგ მწვანილის ფასი 1 ლარამდე დაეცა. თუ ახალ საექსპორტო ბაზრებზე ვერ გავალთ, 1 კგ მწვანილის ფასი 1 ლარზე ქვემოთ ჩამოვა და იმერეთში ამ საქმით დაკავებული უამრავი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩება".
ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული "ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის" ინფორმაციით, იმერეთის 1000-მდე სასათბურე მეურნეობაში 550 მცირე მეწარმეს და 10 მსხვილ კომპანიას წელიწადში დაახლეობით 25 000 ტონამდე მწვანილი მოჰყავს. ქართული მწვანილი ექსპორტზე ძირითადად უკრაინაში ( 2013 წლის მონაცემებით ექსპორტის 43.5%), ბელარუსში (17.2%), აზერბაიჯანში (17%), ლატვიაში (11.7%), ბულგარეთსა (4.5%) და მოლდოვაში (2.7%) გადის.
ბადრი კილაძე ამბობს, რომ მწვანილის ექსპორტის მკვეთრი ვარდნა მეზობელ ქვეყნებში განვითარებულმა კრიზისულმა მოვლენებმა გამოიწვია. "რუსეთის ბაზარზე ჩვენი ადგილი ირანულმა და აზერბაიჯანულმა მწვანილმა დაიკავა. ახლა იქ თავიდან დამკვიდრება ადვილი საქმე არ არის. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გავლენის სფეროები გადანაწილდა უკრაინაშიც. გარდა ამისა, რუბლის და გრივნას გაუფასურების გამო მწვანილზე მოთხოვნა და ფასი მკვეთრად შემცირდა. არასტაბილური მდგომარეობის გამო ამ ქვეყნებში მომავლის პროგნოზირებაც შეუძლებელია. ყველაზე კარგი გამოსავალი ევროკავშირის ბაზარზე შესვლა იქნებოდა".
500 მლნ მომხმარებლით ევროკავშირი მწვანილის ერთ-ერთი დიდი მომხმარებელია. eurostat-ის ინფორმაციით, 2013 წელს ევროკავშირში 1.8 მლრდ ევროს ღირებულების 520 000 ტონა მწვანილი და სუნელები შევიდა. 2009-2013 წლებში იმპორტის მოცულობა ყოველწლურად 4,3%-ით, ფასი კი 8,3% იზრდებოდა.
ევროკავშირში მწვანილის ყველაზე დიდი მიმწოდებელი ჩინეთია (მთლიანი იმპორტის 20%), შემდეგ მოდის ინდოეთი (8, 7%), ვიეტნამი (7,7%), ინდონეზია (4%), ბრაზილია ( 3,1%) და პერუ (2,4%). ჩინეთს ევროკავშირში ძირითადად წიწაკა და ჯანჯაფილი შეაქვს, ვიეტნამს - პილპილი.
როგორც კვლევებმა აჩვენა, ევროკავშირში მწვანილის იმპორტი ეკონომიკური კრიზისის დროსაც იზრდებოდა, თანაც პროდუქტებზე ფასების შემცირების გარეშე. eurostat-ის პროგნოზით, ევროკავშირის ბაზარზე მწვანილზე მოთხოვნა მომავალშიც გაიზრდება, რაც სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მწარმოებლებს ევროპის ბაზარზე შესვლის კარგ შანსს აძლევს.
ქართული მწვანილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორი კომპანია "ჰერბია" პროდუქციის ევროპის ქვეყნებში გატანის მიზნით შეიქმნა. კომპანიის სასათბურე მეურნეობა და საკონსოლიდაციო ცენტრი თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. "ჰერბია" სათესლე მასალად მხოლოდ მოწინავე გამოცდილების მქონე მწარმოებლების - "ენზას" და "ბეიოს" პროდუქციას იყენებს. "ჰერბიას" ძირითადად: კამა, ოხრახუში, ქინძი, ნიახური, სალათები (ლოლო-როსა, ლოლო-ბიონდა, რეკოლა და სხვა), ჩივისი, მწვანე ხახვი, რეჰანი, პიტნა, ორეგანო, წიწაკა და როზმარინი მოჰყავს. ევროპის ბაზარზე შესვლის მიზნით კომპანიამ წარმოებაში GLOBAL GAP-ის სტანდარტიც დანერგა.
GLOBAL GAP სასოფლო-სამეურნეო წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტია. ეს სტანდარტი აუცილებლად უნდა დაიცვან იმ ფერმერებმა, რომლებიც ხილს, ბოსტნეულს და აკვაკულტურებს აწარმოებენ. სტანდარტი მოიცავს სასოფლო-სამეურნეო და აკვაპროდუქტის წარმოების სრულ ციკლს - ადგილის შერჩევიდან და ნიადაგის დამუშავებიდან დაწყებული, პროდუქტის დამზადებით, დაფასოებითა და შეფუთვით დამთავრებული. თუ მეურნეობა GLOBAL GAP-ის სტანდარტებს აკმაყოფილებს, ეს ევროპელი მომხმარებლისთვის ნიშნავს იმას, რომ კვების პროდუქტების წარმოება მართლზომიერად ხდება, საზიანო ეკოლოგიური გავლენა და ქიმიკატების გამოყენება კი მინიმუმამდეა დაყვანილი.
GLOBAL GAP-ის სტანდარტი რომ მიეღო, ამისთვის "ჰერბიამ" რთული პროცესი გაიარა: ესპანური საკონსულტაციო კომპანია მოიწვია და მეურნეობა მათი რჩევით მოაწყეს. შემდეგ კი აუდიტი გაიარა, რომელმაც GLOBAL GAP-ის სტანდარტებთან წარმოების შესაბამისობა შეისწავლა და კომპანიას შესაბამისი სერტიფიკატიც მისცა.
"ჰერბიას" პროდუქცია მაღალი ხარისხისაც არის და მოთხოვნადიც, მაგრამ ამ ეტაპზე ევროკავშირის ბაზარზე შეზღუდულად - მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და ბულგარეთში შედის და ისიც მცირე რაოდენობით. "ჰერბიას" გენერალური დირექტორი ზურაბ ჯანელიძე www.eugeorgia.info-სთან საუბარში ამბობს, რომ ევროპული მარკეტები დიდი და გარანტირებული მოცულობების სტაბილურ მიწოდებას ითხოვენ, მისი კომპანია კი ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. "ჩვენი პროდუქცია რომელიმე ევროპული ქვეყნის სუპერმარკეტების ქსელში რომ იყიდებოდეს, ამ ქსელს ყოველ მეორე დღეს სულ მცირე 20 ტონა მწვანილს უნდა ვაწვდიდეთ. ჯერჯერობით, ჩვენ ამ რაოდენობის მწვანილს ვერ ვაწარმოებთ", - აცხადებს ჯანელიძე. მეურნეობაში მოყვანილი მწვანილი ბოლო წლების განმავლობაში ძირითადად უკრაინასა და მოლდოვაში იყიდებოდა.
"ევროკავშირის ბაზარი მწვანილის ექსპორტიორებისგან გარანტირებული და სტაბილური ხარისხის პროდუქციის დიდი მოცულობების სტაბილურ მიწოდებას ითხოვენ. მწვანილის ქართველი მწარმოებლები კი ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ," - აცხადებს www.eugeorgia.info-სთან საუბარში ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული "ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის" პროექტის მენეჯერი პაატა ჭარაქაშვილი, - „ბოლო პერიოდში მეზობელ ქვეყნებში განვითარებულმა კრიზისულმა მოვლენებმა საქართველოდან მწვანილის ექსპორტის მკვეთრი შემცირება გამოიწვია. შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების თემამ. მწვანილის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება ევროპის ბაზრის მიმართულებით, შეზღუდულია ფერმერული მეურნეობებისა და მიწის ნაკვეთების ფრაგმენტაციის გამო, რაც არ იძლევა საკმარისი მოცულობისა და მაღალი ხარისხის პროდუქციის დამკვეთისათვის სტაბილურად მიწოდების საშუალებას".
"ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის" ინიციატივით, მწვანილის წარმოების დარგში არსებული მდგომარეობა ჰოლანდიურმა კომპანიამ - "bilancia" შეისწავლა. კომპანიამ უკვე მოამზადა პირველადი სამოქმედო გეგმა მწვანილისთვის სასათბურე მეურნეობების განვითარებისა და ახალი ბაზრების მოძიების მიზნით.
"bilancia-ს დასკვნით, ქართული მწვანილის ხარისხი კარგია და სასათბურე მეურნეობებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და სათანადო მოვლის შემთხვევაში, შესაძლებელია, წარმოების მოცულობა 50%-ით გაიზარდოს. აუცილებლად უნდა დაინერგოს GLOBAL GAP-ის სტანდარტები. ჰოლანდიური კომპანიის რეკომენდაციით, აუცილებელია, რომ ფერმერებმა კოოპერატივი დააფუძნონ. ეს შეამცირებს ახალი ტექნოლოგიების და GLOBAL GAP-ის სტანდარტის დანერგვის ხარჯებს ( ამ სტანდარტის დანერგვა 50 000 ევრო ღირს) და გაზრდის წარმოების მოცულობას. bilancia გვირჩევს, რომ აქცენტი გავაკეთოთ მწვანილის წარმოებაში ორგანული სასუქის გამოყენებაზე - ეს იმერეთში მოყვანილი მწვანილის უპირატესობაა და ეს ასპექტი ქართული მწვანილის მარკეტინგში აქტიურად უნდა გამოვიყენოთ. თუ bilancia-სთან ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება, ჰოლანდიური კომპანია ვადებულებას იღებს დაგვეხმაროს ჰოლანდიურ და ევროპულ სავაჭრო სახლებთან კონტაქტების დამყარებაში და ქართული მწვანილის წარდგენა-რეკლამირებაში," - აცხადებს ჭარაქაშვილი.
ინდუსტრიული განვითრების ჯგუფის ინფორმაციით, ევროკავშირის ბაზარზე შესვლის შემთხვევაში ქართული მწვანილი ევროპის ბაზრის 0,2%-ს დაიკავებს. 1 კგ ქართული მწვანილის ფასი კი 2-4 ევრო იქნება. ამ ეტაპზე საუბარია ოხრახუშის, კამას და ქინძის წარმოებაზე.
"ჩემი ჩათვლით 10-მდე მსხვილმა მწარმოებელმა უკვე გამოთქვა კოოპერატივში გაერთიანების სურვილი. მთავარია, ეს გეგმა გეგმად არ დარჩეს. ასეთი შემთხვევები წარსულში ბევრი იყო - ლაპარაკობდნენ, მაგრამ არაფერი კეთდებოდა. ქმედითი ნაბიჯები თუ გადაიდგმება და ხალხი ნახავს, რომ ევროპის ბაზარზე შევალთ და მწვანილს სტაბილური ფასი დაედება, GLOBAL GAP-საც დანერგავს ხალხი და კოოპერატივშიც გაერთიანდებიან. წელს ყველამ ვიზარალეთ. ბანკის ვალი აქვს ყველას. პერსპექტივა თუ გაჩნდება, ყველა შემოგვიერთდება", - ამბობს ბადრი კილაძე.
15 აპრილს მეწარმეებსა და ინდუსტრიული განვითარების ჯგუფს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიხედვით მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მჭიდრო ურთიერთანამშრომლობისთვის. მეწარმეები აიღეს კოოპერატივის დაფუძნების და GLOBAL GAP სტანდარტის დანერგვის ვალდებულება. ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი კი კოოპერატივებს ფინანსების მოზიდვაში დაეხმარება.