ტურისტები სავიზო პროცედურების გამარტივებას ითხოვენ
“10 დღე ელექტრონული ვიზის მისაღებად ძალიან დიდი დროა. თურქეთის ვიზა ონლაინაპლიკაციის შევსებისთანავე ავიღეთ”
“...ირანულ ვებგვერდებზე საქართველოში ტურიზმის შესახებ რეკლამები მომრავლდა, თუმცა ინვესტორები კვლავ თავს იკავებენ, რამდენიმეს პირადად ვესაუბრე და მითხრეს, რომ წესები ადვილად იცვლება და არ არის სტაბილური ვითარება”
4 თვეა საქართველოში ჩამოსვლის მსურველ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ვიზის აღება ელექტრონული პორტალის მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტურისტული ან საქმიანი მიზნით ჩამოდიან. პარლამენტმა, სავიზო რეგულაციების გამარტივების მიზნით, რიგით მეორე ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, თუმცა გათვალისწინებული არ ყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა, რომ ელექტრონულად ყველა კატეგორიის ვიზის აღება ყოფილიყო შესაძლებელი.
eugeorgia.info საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოსულ მოქალაქეებს გაესაუბრა, რომელთაც ელექტრონული ვიზით პირველად ისარგებელს. მათ საუბრისას აღნიშნეს, რომ ბევრად მარტივია ელექტრონული განაცხადის გაკეთება, ვიდრე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მისვლა, თუმცა შენიშვნები მაინც აქვთ. ჩვენი პირველი რესპონდენტები ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ.
“ელექტრონული სავიზო აპლიკაციის შესავსებად დაგვჭირდა ავიაბილეთი ორივე მიმართულებით, სასტუმროს ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა და ფინანსური სახსრები. ვფიქრობ, მოთხოვნები ზომიერია. აპლიკაცია დაახლოებით 10 წუთში შევავსე, თუმცა მის განხილვას 7-10 დღე მოანდომეს.“-ამბობს ჩინ ჩინ ჰუანი
“10 დღე ელექტრონული ვიზის მისაღებად ძალიან დიდი დროა. თურქეთის ვიზა ონლაინაპლიკაციის შევსებისთანავე ავიღეთ. ვფიქრობ, დოკუმენტების წარდგენა, რასაც ონლაინაპლიკაციის შევსების დროს ითხოვენ, უნდა ხდებოდეს აეროპორტში, საბაჟოზე, უფრო გამარტივდებოდა ელექტრონული ვიზის გაცემის პროცედურაც და ამდენი დროც არ დასჭირდებოდა, ასე აკეთებს თურქეთის საელჩო.”- გვითხრა ჩინეთის მოქალაქე ფენგ იუიუნმა.
ფენგმა ჩვენთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ გასულ წელს, როდესაც საქართველოს შესახებ ინტერნეტში შეფასებებს კითხულობდა, ბევრი ტურისტი წერდა ვიზის აღებასთან დაკავშირებულ სირთულეებზეც- “ჩინეთსა თუ აღმოსავლეთი აზიის სხვა ქვეყნებში ცოტამ თუ იცის საქართველოს შესახებ. ინტერნეტში მცირე ინფორმაცია მოვიძიე. გასულ წელს დაწერილ ყველა შეფასებაში ნახსენები იყო, რომ ვიზის მიღება ადვილი არ არის, მაგრამ ელექტრონული მომსახურების შემდეგ, ალბათ, ტურისტებისთვის ეს აღარ უნდა იყოს პრობლემა”
2014 წლის 1 სექტემბრიდან ახალი სავიზო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ ვიზიტორთა რიცხვმა ჩინეთიდანაც იკლო. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული შსს-ის მონაცემებით, ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით ჩინეთიდან შემოსულთა რაოდენობა 2013 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 42%-ით შემცირებულია. ეს ტენდენცია 2015 წლის პირველ კვარტალშიც შენარჩუნდა და ჩინელი მოქალაქეების რაოდენობა, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28%-ით დაეცა.
კიდევ ერთი ქვეყანა, საიდანაც ვიზიტორების კლება დაფიქსირდა ირანია, რომელიც საქართველოში შემოსული უცხოელი მოგზაურების რაოდენობით პირველი 15 ქვეყნის ჩამონათვალში შედის. ირანიდან ვიზიტორთა შემცირება ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო, რაც უვიზო მიმოსვლის ცალმხრივად გაუქმებას დაემთხვა. ამის შემდეგ ვიზის აღება საზღვარზე იყო შესაძლებელი, 2014 წლის 1 სექტემბრიდან კი მხოლოდ საკონსულოებში, შედეგად, ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით 80%-ით შემცირდა ირანიდან შემოსულთა რიცხვი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2015 წლის პირველ კვარტალში კი საქართველომ 8645-ით ნაკლები ირანელი ტურისტი მიიღო, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში.
ჩვენმა ირანელმა რესპონდენტმა გვითხრა, რომ ბოლო რამდენიმე თვეა ირანულ ვებგვერდებზე საქართველოს შესახებ სარეკლამო რგოლები გაჩნდა და ბევრმა გამოთქვა საქართველოში სტუმრობის სურვილი, თუმცა არა ინვესტორებმა.
“დღეს ბევრად მარტივია ვიზის აღება, ონლაინ სავიზო განაცხადის მეშვეობით. ბოლო დროს, ირანულ ვებგვერდებზე საქართველოში ტურიზმის შესახებ რეკლამები მომრავლდა, თუმცა ინვესტორები კვლავ თავს იკავებენ, რამდენიმეს პირადად ვესაუბრე და მითხრეს, რომ წესები ადვილად იცვლება და არ არის სტაბილური ვითარება. ერთ-ერთი ჩემი ძმაცაა, მას ამის გამო აღარ აინტერესებს საქართველო “- ამბობს მორტეზა.
მორტეზას თქმით, ირანელი ტურისტების მისაზიდად ყველაზე კარგი დრო ახალი წელია, რომელიც 21 მარტიდან 5 აპრილამდე გრძელდება, თუმცა ეს შესაძლებლობა საქართველომ წელს ვერ გამოიყენა.
“თურქეთი და სომხეთი ირანულ ახალ წლამდე 1-2 თვით ადრე ირანელი მომღერლების კონცერტებს აანონსებენ. ირანში კონცერტები აკრძალულია და ხალხს უყვარს კონცერტებზე სიარული. დაახლოებით 400 ათასი ირანელი წავიდა თურქეთში გასულ ახალ წელს. ასევე, მნიშვნელოვანია ავიარეისების აღდგენა, თუ აღდგა, ამ ზაფხულს, ვფიქრობ, 3000-მდე გაიზრდება ირანიდან ჩამომსვლელთა რაოდენობა”
საქართველოსა და ირანს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა გასული წლის ოქტომბრიდან შეჩერდა. ავიარეისების აღდგენის საკითხი მიმდინარე კვირას ირანში ეკონომიკის მინისტრისა და თბილისის მერის ოფიციალური ვიზიტისას განიხილეს. როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, თბილისსა და თეირანს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ერთ თვეში განახლდება, მანამდე კი ირანელ ტურისტებს საქართველოში თვითმფრინავით სტამბოლისა და ბაქოს გავლით ჩამოსვლა უწევთ.
პირდაპირი ავიარეისების აღდგენას ელოდებიან ერაყის მოქალაქეებიც. 2013-2014 წწ-ში ერაყიდან საქართველოს მიმართულებით კვირაში 16 რეისი ხორციელდებოდა, თუმცა 1 სექტემბრის საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ (13 სექტემბრიდან) პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყდა. დღეს ერაყის მოქალაქეები საქართველოში, ძირითადად, სტამბოლის გავლით ჩამოდიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ერაყში საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური წარმომადგენლობა.
“10 დღეში მივიღე ვიზაზე თანხმობა. საქართველო მშვენიერი ქვეყანაა, ბევრ ერაყელს უნდა აქ ჩამოსვლა, მათ შორის ინვესტიციების ჩადება. ბაღდადიდან თბილისში პირდაპირი ავიარესიების დანიშვნას პოზიტიური ეფექტი ექნებოდა, ბაღდადში ბევრისგან მსმენია, რომ მათ სურვილი აქვთ საქართველოში ჩამოსვლის”-ამბობს ერაყის მოქალაქე საიფი.
ერაყი სავიზო რეჟიმის სიაში გასული წლის 1 სექტემბრიდან მოხვდა. ახალი რეგულაციების ამოქმედებიდან ზუსტად სამ თვეში ერაყიდან შემოსულთა რიცხვი თითქმის 98%-ით შემცირდა. ეს ტენდენცია 2015 წლის პირველ კვარტალშიც შენარჩუნდა და ერაყიდან შემოსულთა რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 81%-ით ნაკლებია.
სავიზო რეგულაციები არაერთხელ გახდა კრიტიკის საგანი არასამთავრობო სექტორის, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ასევე, არაერთხელ დასახელდა ტურისტების შემცირების მიზეზად, მათ შორის თავად ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ. პრობლემის შემსუბუქება საგარეო საქმეთა სამინისტრომ თებერვალში სწორედ ელექტრონული სავიზო პორტალის - www.evisa.gov.ge ამოქმედებით სცადა. პორტალით სარგებლობა მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას მყოფ უცხოელს შეუძლია, თუმცა ვიზის მიღების თაობაზე ინფორმაცია და განაცხადის გაკეთება მხოლოდ ინგლისურ ენაზეა შესაძლებელი, რაც ჩვენი რესპონდენტების აზრით, პროცესს აფერხებს.
“რთული შესავსები არ ყოფილა, მაგრამ არ ვიცი არც ქართული და არც ინგლისური ენა და მეგობარი დამეხმარა”-ამბობს საიფი.
“ირანელებმა ჯერ კიდევ არ იციან, რომ სასტუმროების ონლაინ დაჯავშნისთვის ფულის გადახდა არ სჭირდებათ. ტურისტული სააგენტოები ბევრ ფულს ითხოვენ ამ მომსახურების სანაცვლოდ. ჩემი აზრით, ელექტრონული ვიზის გვერდი სხვადასხვა ენაზე უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რომ თავად შეძლონ ამის გაკეთება”- გვითხრა მორტეზამ.
ელექტრონული სავიზო მომსახურება აქვს თურქეთსაც, აქ ონლაინ აპლიკაციის შევსება 7 ენაზეა შესაძლებელი (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, პოლონური, ესპანური, თურქული და ჩინური). როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, ამ საკითხზე მუშაობა საქართველოშიც დაწყებულია.
2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედებული სავიზო რეგულაციების გამარტივება ხელისუფლებას უკვე მეორედ მოუწია. ბოლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტმა 8 მაისს დაამტკიცა. ცვლილებების ძალაში შესვლიდან 30 დღეში მთავრობამ უნდა წარმოადგინოს იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლის მოქალაქეებისთვისაც საქართველოში უვიზოდ დარჩენის ვადა 90 დღიდან 360 დღემდე გაიზრდება. ამასთან, უვიზოდ შემოსვლას შეძლებენ უცხოელები, რომლებსაც გააჩნიათ ბინადრობის ნებართვა ან ვიზა ქვეყნებში, რომელთა ჩამონათვალსაც მთავრობა ადგენს. 50$-დან 20$-მდე მცირდება ელექტრონული ვიზის მოსაკრებელიც.
“საერთაშორისო გაჭვირვალობა საქართველოს” საპარლამენტო მდივნის განცხადებით, ორგანიზაციის თითქმის ყველა შენიშვნა აისახა ცვლილებების პაკეტში- “2 მოთხოვნის გარდა ყველაფერი გაითვალისწინეს. ერთი იყო ბინადრობიასთან დაკავშირებით და მეორე ის, რომ ელექტრონული ვიზა ყველა კატეგორიაზე გავრცელებულიყო”-ამბობს ლიკა საჯაია.
დღეს ელექტრონული სავიზო სერვისის გამოყენების უფლება მხოლოდ ტურისტული და საქმიანი, მოკლევადიანი ვიზის მსურველებს აქვთ. ამასთან, ვიზაზე ელექტრონულად განაცხადის გაკეთება არ შეუძლიათ საქართველოში მყოფ უცხოელებს, რომელთაც ვიზის გახანგრძლივება სურთ.
მაიკო გაბულდანი