მთავრობა მშენებლობის ნებართვისა და ქონების რეგისტრაციის შესახებ რეფორმებზე მუშაობს
„doing business“- ის რეიტინგში დაწინაურებისთვის ხელისუფლებას რეფორმები სჭირდება
შესაძლოა საქართველომ ინვესტირებისთვის სასურველი გარემოს სტატუსი დაკარგოს. ყველაფერი კი იმაზეა დამოკიდებული ქვეყნის ახალანდელი ხელისუფლება რა მიმართულებით წაიყვანს საკანონმდებლო რეფორმირების პროცესს. არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოწვევების შესაბამისად ვერ რეაგირებს, რაც ქვეყნის, როგორც მიმზიდველი ბიზნესგარომოს იმიჯს მნიშვნელოვნად აზიანებს.
მსოფლიო ბანკის რეიტინგში ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მეთხუთმეტე ადგილს იკავებს. მსოფლიო ბანკი 189 ქვეყანაში ბიზნესგარემოს იკვლევს და 2004 წლიდან „doing business“-ის სახელწოდებით ყოველწლიურად რეიტინგებს აქვეყნებს. 2013 წელს საქართველო ამ რეიტინგის ათეულში შევიდა და მეცხრე ადგილი მოიპოვა. გასულ წელს კი მერვე ადგილიც დაისაკუთრა, თუმცა მეთოდოლოგიის ცვლილების შედეგად მეთოთხმეტე ადგილი მიეკუთვნა. წელს საქართველომ პოზიციის შენარჩუნება ვერ შეძლო და ერთი საფეხურით უკან, მეთხუთმეტე ადგილზე გადაინაცვლა.
„doing business“-ის რეიტინგში 2011 წელს საქართველოს მეჩვიდმეტე, ხოლო 2012 წელს მეთექვსმეტე ადგილი ეკავა.
"Doing Business"-ის რეიტინგი 10 კომპონენტის ქულების შეჯამებით გამოითვლება. ბიზნესის დაწყება, მშენებლობის ნებართვის მიღება, ელექტროენერგიით მომარაგება, ქონების რეგისტრაცია, კრედიტის მიღება, ინვესტორთა დაცულობა, გადასახადების გადახდა, საზღვრებს შორის ვაჭრობა, კონტრაქტების აღსრულება, გადახდისუუნარობის მართვა - ეს სწორედ ის კომპონენტებია, რომლებიც მსოფლიო ბანკის ანგარიშში ქვეყნების პოზიციებს განსაზღვრავს. თითოეული კომპონენტის შედეგები ინვესტორებს სხვადასხვა ქვეყნებში ბიზნესგარემოს შესახებ წარმოდგენას უქმნის.
საქართველოს ქონების რეგისტრაციის სიმარტივის მიხედვით საუკეთესო შედეგი აქვს და პირველ ადგილს იკავებს. ამას გარდა მშენებლობის ნებართვის მიღების (მე-3 ადგილი), ბიზნესის დაწყებისა (მე-5) და კრედიტის აღების (მე-7) კომპონენტში ლიდერთა ათეულშია. გასულ წელთან შედარებით საქართველოს წელს ბიზნესის დაწყების და ელექტრო ენერგიით მომარაგების კომპონენტში ერთი პუნქტით უარესი შედეგი აქვს, ორპუნქტიანი გაუარესება ფიქსირდება კრედიტის აღებისა და საზღვრებს შორის ვაჭრობის კომპონენტში, ყველაზე დიდი, თექვსმეტპუნქტიანი გაუარესება საქართველოს გადასახადების გადახდის კომპონენტში აქვს. მშენებლობის ნებართვის მიღების, ქონების რეგისტრაციის, ინვესტორთა დაცულობისა და კონტრაქტების აღსრულების კომპონენტში წინა წელთან შედარებით ცვლილება არ არის. მიმდინარე წელს საქართველომ მხოლოდ გადახდისუუნარობის მართვაში შეძლო რვაპუნქტიანი გაუმჯობესების მიღწევა (122 ადგილი).
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცეპრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში „Doing Business"-ის რეიტინგში საქართველოს პოზიციების გაუარესების მიზეზად ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საკანონმდებლო მიახლოების პროცესი დაასახელა: „ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ სამწლიან გეგმასთან მიმართებაში, რომელიც თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმებით არის გათვალისწინებული, განზრახული გვაქვს მთელი რიგი საკანონმდებლო პაკეტის დანერგვა, რაც ბუნებრივად, ეს ჩვენ ღიად უნდა ვთქვათ, გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებებს, როგორც doing business-ში, ასევე სხვა რეიტინგებში. ეს არ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები უარყოფითი მიმართულებით, მაგრამ შესაძლებელია გარკვეული რხევები იყოს“.
ვიცეპრემიერის მოსაზრებას არ ეთანხმება პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ექსპერტი ნათია სამუშია: „Doing business“-ის ინდიკატორებსა და ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს შორის კვეთა არ არის. ეს ტყუილია. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, მითხრას რა მომენტში კვეთს კონკრეტულად და შემიძლია ავუსხნა მთელი მეთოდოლოგია. ეს არის მცდელობა, ასოცირების შესახებ შეთანხმებას დააბრალო Doing Business-ში საქართველოს რეიტინგის გაუარესება“.
იურისტ როინ მიგრიაულს „Doing business“-ის ერთ-ერთი კომპონენტის გადახდისუუნარობის წარმოების კითხვარებზე მუშაობის გამოცდილება აქვს. მისი განცხადებით ევროკავშირთან საკანონმდებლო მიახლოება მსოფლიო ბანკის რეიტინგში შედეგების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება: „თუ მივუახლოვდით სტანდარტულ ევროპულ კანონებს, პირიქით, გაუმჯობესდება ბიზნეს გარემო. ჩვენ დღეს დამახინჯებული გაკოტრების კანონი, შეზღუდული და შეკვეცილი მეწარმეთა შესახებ კანონი და აჭრელებული საგადასახადო კოდექსი გვაქვს, რომელშიც მარტო აუდიტორი და საგადასახადო ექსპერტი თუ გაერკვევა. ჩვენ იურისტებსაც კი გვიჭირს ამის აღქმა და გაგება,რადგან კანონი არ არის დაწერილი გასაგები ენით. თუ მივაახლოებთ კანონმდებლობას ევროკავშირის კანონმდებლობასთან, „Doing business“-ის რეიტინგში წინ გადავიწევთ“.
თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერის ვატო ლეჟავას განცხადებით „doing business“-ის რეიტინგში წარმატება მხოლოდ რეფორმების განხორციელებით მიიღწევა. მისი აზრით, საქართველოს დღევანდელი მთავრობა რეფორმატორული არ არის: ბიზნესის წარმოების სიმარტივის რეიტინგში ის ქვეყნები აღწევენ წარმატებას, რომლებიც გაცილებით უფრო მეტად ზრუნავენ რეფორმატორულ სტრატეგიასა და დღის წესრიგზე და ნაკლებად რეიტინგში მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ძალიან არასწორი სტრატეგიაა, რომ ცალკე გამოიყოს რეფორმები, რომელიც საჭიროა „doing business“-თვის და ეს არ იყოს ფართო რეფორმების ნაწილი. ქვეყანაში უნდა არსებობდეს ბიზნესკლიმატის გაუმჯობესების ფართო სტრატეგია არა ქაღალდზე, არამედ ქმედებაში. თავადაც მთავრობას ბიზნესგარემოს პულსზე ხელი უნდა ეჭიროს და ცდილობდეს, რომ შეცვლილ გარომოსა და გამოწვევებს სწრაფად და ადეკვატურად უპასუხოს. ამ მთავრობისთვის და მისი ეკონომიკური გუნდისთვის არავის უწოდებია, რომ რეფორმატორები არიან, არადა ორწელიწად ნახევარია, რაც მთავრობაში არიან“.
როინ მიგრიაულის განცხადებით, ახალი ხელისუფლების პირობებში ბიუროკრატიული პროცედურები გამარტივების ნაცვლად გართულდა: „ჩინოვნიკების რაოდენობა გაზრდილია, რის გამოც კომპეტენციების აშკარა დუბლირება და შეჯახება ხდება. კონკრეტული ჩინოვნიკი ვერ იღებს გადაწყვეტილებას, რადგან იცის, რომ ანალოგიურ საკითხზე გადაწყეტილების მიღება სხვასაც შეუძლია, ამიტომ ეშინია, რომ შეცდომა არ დაუშვას. სახელმწიფოს სერვისების პროცედურები რომ გართულებულია, ეს შესაძლოა სწორედ ამ გაზრდილი ბიუროკრატიის ბრალია. ამას ბიზნესგარემოზე უარყოფითი გავლენა აქვს“.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლალი ღოღობერიძე აცხადებს, რომ „doing business“-ის შედეგები გაანალიზდა და რეიტინგში პოზიციების გაუმჯობესებისთვის რეფორმებიც ხორციელდება: „რეფორმებზე მუშაობა მიმდინარეობს და მათ შორის იმ რეფორმებზე, რომლებიც „doing business“-ისთვის არის საჭირო. ამ პროცესში ეკონომიკის, იუსტიციის და ფინანსთა სამინისტროები სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად არიან ჩართულები. ჩვენ მოვახდინეთ რეიტინგში ჩვენი პოზიციის კარგად გაანალიზება, არის რამდენიმე მიმართულება, რომლის გამოსწორება და გაუმჯობესება შესაძლებელია. პრინციპში ჩვენ ყველა კომპონენტი გავაანალიზეთ. მიუხედავად იმისა, რომ ქონების რეგისტრაციის მხრივ ჩვენ რეიტინგში პირველ ადგილზე ვართ ეს კომპონენტიც გაანალიზდა. ამ კომპონენტის კითხვარებში რაღაც უზუსტობები აღმოჩნდა. ამის გამო მსოფლიო ბანკისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება და რაღაცების დასაბუთება გახდა საჭირო. მშენებლობის ნებართვის კომპონენტიც დაზუსტებას და დამატებით არგუმენტაციას მოითხოვდა. ჩვენ ჩავატარეთ ვიდეო კონფერენციები და აქტიურად ვიმუშავეთ ამ კუთხით „doing business“-თან, მივაწოდეც წერილობით არგუმენტები და საკანონმდებლო სივრციდან ამონარიდები. ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის რეიტინგი უფრო წამატებული იქნება“.
მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგში საქართველოს უკანსვლა ინვესტორთა დაცულობის კომპონენტში ცვლილებებით არ იყო გამოწვეული (43-ე ადგილი 2014-2015 წწ), როინ მიგრიაულის აზრით, ინვესტორების დაცულობის კუთხით მნიშნელოვანი რეფორმებია განსახორციელებელი: „ჩვენთან უცხოელი ინვესტორისადმი მიდგომა კატასტროფულია. ინვესტორი კრედიტორთა რიგში ბოლოს წინა ადგილზეა. მოდის ინვესტორი და კითხულობს, მე საწარმოში ვდებ ფულს და ის საწარმო გაკოტრდა, მე ფულს როდის ამოვიღებ და რომელ რიგში ვიქნები? იმას რომ ეტყვიან, რომ შენ მეექვზე ადგილზე ხარ შვიდრიგიან სქემაში, ფულს რომელი ინვესტორი ჩადებს? ინვესტორის წინ სახელმწიფო და ბანკია. ბანკი გასაგებია, რადგან უზრუნველყოფილი მოთხოვნები აქვს, მაგრამ სახელმწიფოს რა უნდა ინვესტორზე წინ? როცა იყიდება ქონება, სახელმწიფოს მოთხოვნა კმაყოფილდება დანარჩენების არა, ანუ გადაგდებულები არიან. საინვესტიციო გარემოს ეს ძალიან ურტყამს“.
მსოფლი ბანკის კვლევის მიხედვით ყველაზე ხელსაყრელი ბიზნესგარემო სინგაპურშია, შესაბამისად ის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს, ყველაზე უარესი შედეგი კი ერითრეას აქვს. მოლდოვა, რომელმაც ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს აჯობა და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეთანხმება გააფორმა, „doing business“-ის რეიტინგში საქართველოს ბევრად ჩამორჩება და მხოლოდ 63-ე ადგილზეა.
საქართველოს მეზობელი ქვეყნების რეიტინგი ასე გამოიყურება: სომხეთი 45-ე, თურქეთი 55-ე, რუსეთი 62-ე, უკრაინა 96-ე და ირანი 130-ე ადგილი.
ზურაბ მოდებაძე