ASACERT ქართულ საექსპორტო პროდუქციას ევროპულ ნიშანს (CE) საქართველოში მიანიჭებს
სამშენებლო მასალების გარდა, სერტიფიცირება ხელოვნების ნიმუშებსაც ჩაუტარდება
სამშენებლო კომპანიებს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიკატის ასაღებად ევროპაში აკრედიტებული კომპანიების საქართველოში მოწვევა აღარ დასჭირდება. სურვილის შემთხვევაში, მათ პროდუქციას CE ნიშანს (ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობის ნიშანი) ინსპექტირებისა და სერტიფიცირების იტალიური კომპანია “აზაჩერტი” (ASACERT) მიანიჭებს, რომელიც კავკასიის ფილიალის თბილისში გახსნას გეგმავს. კომპანია, გარდა სერტიფიცირებისა, შეამოწმებს სამშენებლო პროექტებს და მშენებლობის პროცესში მოახდენს ინსპექტირებას. ASACERT, შესაძლოა, ვერეს ხეობის რეკონსტრუქციის სამუშაოებშიც ჩაერთოს. კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების მოწვევით ჩამოვიდნენ და სამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან 3 დღის განმავლობაში შეხვედრებს მართავდნენ.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა დირექტორმა ფაბრიციო კაპაჩიოლმა eugeorgia.info-თან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში ევროპული რეგულაციების დასამკვირდებლად მსგავსი სახის აქტივობების დაწყება აუცილებელია.
“იტალიაში ნავსადგურის, რკინიგზის თუ ხიდის მშენებლობის დაწყებამდე, პროექტი უნდა შეამოწმოს აკრედიტებულმა ორგანომ. ჩვენი ექსპერტები პროექტთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს ამოწმებენ, პროცედურების დამთავრების შემდეგ საბოლოო მოხსენებას ვწერთ და ვუგზავნით ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ან ხელისუფლებას, რომ გამოაცხადოს ტენდერი მშენებლობაზე. შევისწავლეთ ქართული ბაზარი და ვაპირებთ გავხსნათ ფილიალი, რომელიც სამშენებლო კომპანიებს ინსპექტირებასთან დაკავშირებულ მომსახურებას შესთავაზებს. საქართველომ თავისი რეგულაციების ევროპულთან ჰარმონიზაცია უნდა მოახდინოს. იტალიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში სავალდებულოა სამშენებლო კომპანიას ჰქონდეს ხარისხის მენეჯმენტის სისტემა, ყველა შენობას სჭირდება მდგრადობისა და უსაფრთხოების სერტიფიკატი, ისე ვერ შევა ექსპლუატაციაში”-ამბობს ფაბრიციო კაპაჩიოლი.
საქართველოსგან განსხვავებით, ევროპული კანონმდებლობით, სავალდებულოა ISO 9001 სერტიფიკატი (ხარისხის მენეჯმენტის სერტიფიკატი) ჰქონდეს ყველა სამშენებლო კომპანიას, რომელსაც სურს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა ან ასრულებს სახელმწიფო სამუშაოებს. სერტიფიცირების პროცესი ყველა სახის სამშენებლო პროდუქციაზე CE ნიშნის მინიჭებით სრულდება და შემდეგ იწყება ინსპექტირება - “როცა ვსაუბრობთ ინსპექტირებაზე, ჩვენი ექსპერტები ორი სხვადასხვა ტიპის სამუშაოს ასრულებენ: პროექტის შეფასება- კონტროლდება, შეესაბამება თუ არა პროდუქტი სტანდარტებს. თუ პროდუქტმა გაიარა ეს ეტაპი, შემდეგ იწყება მეორე ეტაპი- როგორ ხორციელდება პროექტი მშენებლობის დროს, ჩვენი ექსპერტები მშენებლობის ადგილას ყველა მასალას ამოწმებენ, მაგალითად, ყიდულობს თუ არა კომპანია CE ნიშნით სერტიფიცრებულ მასალებს.”-ამბობს ფაბრიციო.
საქართველოში წარმოებული ინდუსტრიული პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტის დროს ერთ-ერთი ბარიერი სწორედ სერტიფიცირების პროცესს უკავშირდება. დღეს, თუ რომელიმე ინდუსტრიული კომპანია ევროპის ბაზარზე გასვლას გადაწყვეტს, მან უნდა მიმართოს ევროკავშირში აკრედიტებული სერტიფიცირების ორგანოებს და მოიწვიოს ექსპერტები საქართველოში, ვინაიდან ეროვნული აკრედიტაციის ცენტრს არა აქვს საერთაშორისო აღიარება. უცხოელი ექსპერტების ევროპიდან მოწვევა კი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
“თუ ქართულ კომპანიებს სურთ იყვნენ ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში და მათ სამშენებლო პროდუქციას ჰქონდეს ევროკავშირის სიმბოლო CE, შეუძლიათ, ნებაყოფლობით, მიმართონ ASACERT-ს, იმის მიუხედავად, რომ CE ნიშანი საქართველოში ჯერ სავალდებულო არ არის. ესენი გასცემენ სერტიფიკატს, ევროკომისიისგან აქვთ აკრედიტაცია. 3 წელიწადში კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ჩვენც უნდა მოვახდინოთ და შემდეგ, უკვე, სავალდებულო გახდება ჩვენთვისაც. ქართულ კომპანიებს ევროკავშირში ექსპორტისთვის CE ნიშანი დასჭირდებათ, ASACERT კი იქნება ერთ-ერთი, რომელიც ამ ნიშანს მიანიჭებს და გარკვეულწილად, წაახალისებს კომპანიებს, რადგან მათ აღარ მოუწევთ საზღვარგარეთ მიმართონ ევროპაში აკრედიტებულ ინსტიტუტებს” -ამბობს ეკონომიკის დოქტორი ნათია კუტივაძე.
ASACERT-ის წარმომადგენლებმა უკვე მიიღეს ბიზნესწრეებისგან წინადადება, რომ ჩაერთონ ვერეს ხეობის აღდგენით სამუშაოებში- “ვერეს ხეობის რეკონსტრუქციის დროს ყველა მომსახურება, რაც ჩვენ გვაქვს, იქნება ხელმისაწვდომი”- გვითხრა ფაბრიციომ.
“ვერეს ხეობის რეკონსტრუქციის პროექტის დამტკიცების შემდეგ ASACERT-ს შეუძლია შეაფასოს პროექტი, მდგრადობის, ტექნიკური სტანდარტებისა და ზოგადად, რეალიზაციის შესაძლებლობის კუთხით. რეალიზაციის პროცესში კი გააკონტროლოს- ხორციელდება თუ არა შესაბამისად და გამოყენებული სამშენებლო მასალები არის თუ არა სერტიფიცირებული- შესაბამისობაში მდგრადობისა და უსაფრთოხების სტანდარტებთან. 2014 წლის ოქტომბერში, როდესაც ქალაქი გენუა დაიტბორა, სახელმწიფომ 100 მილიონი ევრო გამოყო წყალგაყვანილობის სისტემის რეკონსტრუქციისთვის. ინსპექტირებისა და ტექნიკური შეფასების სამუშაოებს სწორედ კომპანია ASACERT ატარებდა.”- ამბობს ნათია კუტივაძე.
კიდევ ერთი მომსახურება, რასაც კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ხელოვნების ნიმუშების შეფასებას შეეხება. საქართველოს არ აქვს კულტურული ობიექტების ღირებულების შეფასების სტანდარტები. როდესაც ნახატები ან ხელოვნების სხვა ნიმუშები საზღვარგარეთ გამოფენებზე იგზავნება, დაზღვევა მხოლოდ ტრანსპორტირებას ეხება-ფასდება, როგორც ჩვეულებრივი ნივთის და არა კულტურული ობიექტის ღირებულება. კულტურული ობიექტების ღირებულების შეფასების შემდეგ კი დაზღვევა უკვე ამ მონაცემების საფუძველზე იმოქმედებს. ძეგლთა დაცვის სააგენტომ უკვე გამოხატა მსგავსი სისტემის საქართველოში დანერგვის ინტერესი.
ASACERT-ს ქართულ ბაზარზე შემოსასვლელად საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად აღიარებული ორგანოს მხრიდან აკრედიტაციაც სჭირდება. კომპანია აკრედიტაციის ეროვნული სააგენტოსგან პასუხს დაახლოებით 5-6 თვეში მიიღებს, მანამდე კი როგორც დამფუძნებელმა დირექტორმა eugeorgia.info-ს განუცხადა, საერთაშორისო აკრედიტაცია მათ საშუალებას აძლევს მთელ რიგ სფეროებში განახორციელონ თავიანთი საქმიანობა. დღეს ASACERT-ს ევროპის გარდა ფილიალები აქვს აზიაში, აფრიკასა და ამერიკის კონტინენტებზე, სათავო ოფისები კი იტალიასა და დიდ ბრიტანეთში მდებარეობს.
მაიკო გაბულდანი