“ფოსტის შესახებ” კანონპროექტი ინვესტიციებს აფერხებს
ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება
"მეორე წელია, რაც ისეთი საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, როგორიცაა TNT, საქართველოში ინვესტიციის განხორციელების და ბიზნესის გაზრდის გადაწყვეტილებას ვეღარ იღებს: 1,5 წელია "ფოსტის შესახებ" მომზადებული კანონპროექტი ჩვენს თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია. გამზადებული საინვესტიციო პროექტი გვაქვს, რომელსაც ყოველ 2 თვეში ერთხელ განახლებას ვუკეთებთ და სამომავლოდ ვინახავთ. ეს ძალიან დიდი პროექტია, რომლის განხორციელებაც ქვეყანას დიდ შემოსავალს მოუტანდა, მაგრამ ახალი კანონპროექტის გამო იმდენად გაურკვეველ და არაპროგნოზირებად მდგომარეობაში აღმოვჩნდით, ბიზნესის გაფართოებაზე ვეღარ ვფიქრობთ: თუ პარლამენტი მიიღებს "ფოსტის შესახებ" კანონპროექტის იმ ვერსიას, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს მიერ არის მომზადებული და რომლის მიხედვითაც ექსპრეს და კურიერული მომსახურების განხორციელების უფლება ექსკლუზიურად მხოლოდ "საქართველოს ფოსტას" ექნება, ჩვენი ადგილი ბაზარზე აღარ რჩება და საქართველოს ბაზარს დავტოვებთ", - ამბობს www.eugeorgia.info-სთან საუბარში TNT -ის ხელძღვანელი, ნინო მენთეშაშვილი.
"გვაქვს საინვესტიციო პროექტები, რომლებიც საფოსტო ბაზარზე არსებული გაურკვეველი ვითარების გამო შევაჩერეთ. არაპროგნოზირებად ბიზნესგარემოში არცერთი კომპანია არ დებს გრძელვადიან და მსხვილ ინვესტიციას. ბაზარზე ისეთი მდგომარეობაა, გრძელვადიანი გეგმის გაკეთება შეუძლებელია", - აცხადებს DHL-ის რეგიონული ხელმძღვანელი საქართველოში, ზურაბ საპანაძე.
„ფოსტის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა, ძალაში შესვლის შემთხვევაში „საქართველოს ფოსტას“ კონკურსის გამოცხადების გარეშე მიანიჭებს ეროვნული ოპერატორის სტატუსს, რაც მას სხვა კომპანიებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს. კანონპროექტის ამ ვერსიის თანახმად, მხოლოდ „საქართველოს ფოსტა“ შეძლებს ე.წ. უნივერსალური საფოსტო მომსახურების განხორციელებას. მთავარი სადაო საკითხი ეკონომიკის სამინისტროსა და გადამზიდავ კომპანიებს შორის სწორედ ტერმინის - "უნივერსალური მომსახურება" განმარტება გახდა: თუ ევროკავშირის ქვეყნებში უნივერსალური მომსახურება მხოლოდ საბაზისო საფოსტო მომსახურებაზე წვდომას გულისხმობს, საქართველოში ამ ტერმინის განმარტებაში ექსპრეს და კურიერული მომსახურების განხორციელების ექსკლუზიური უფლებაც შევიდა. შედეგად, კანონპროექტის ამ ვერსიის თანახმად, "საქართველოს ფოსტას" 2 კგ-მდე წერილობითი კორესპონდენციის და 30 კილოგრამამდე წონის ამანათების მიღების, გაგზავნის, გადაზიდვის და ჩაბარების ექსკლუზიური უფლება ექნება.
საქართველოს ფოსტა - მონოპოლიზაციის ისტორია
„საქართველოს ფოსტა" 100 პროცენტით სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიაა. მის საკუთრებაშია 87 000 კვ.მ. მიწის ფართი და 100 000 კვ.მ. ფართის შენობა. „საქართველოს ფოსტას" ქვეყნის მასშტაბით 900-მდე ობიექტი აქვს. მარტო თბილისში ის რამდენიმე ათეული განყოფილებითაა წარმოდგენილი.
„საქართველოს ფოსტის" გაყიდვის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2010 წლის 27 ოქტომბერს გამოაქვეყნა. 2011 წლის 24 ივნისს მთავრობის გადაწყვეტილებით ფოსტა საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოიღეს. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო ობიექტი ფეხზე დაეყენებინა, მომგებიან საწარმოდ ექცია და მხოლოდ ამის შემდეგ გაეყიდა. ამისთვის სახელმწიფომ კომპანიაში 1 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა და მენეჯმენტი შეცვალა: „საქართველოს ფოსტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ფინანსთა ყოფილი მინისტრი კახა ბაინდურაშვილი დაინიშნა, ფოსტის გენერალურ დირექტორად კი ლევან სანაძე, რომელიც მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობდა.
„საქართველოს ფოსტის" “ფეხზე დაყენება” უცნაური გარიგებით დაიწყო. 2011 წლის 9 აგვისტოს „საქართველოს ლატარიის კომპანიის" 100%-იანი წილის მფლობელმა, ოფშორში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულმა კომპანიამ „ლექსორ კაპიტალ კორპმა" ლატარიის კომპანიის 70%-იანი წილი ეკონომიკის სამინისტროს „უსასყიდლოდ და უპირობოდ" გადასცა (ხელშეკრულება უვადოა და „ლექსორ კაპიტალს" წილის უკან გამოთხოვა ეკრძალება). 2 დღის შემდეგ „საქართველოს ლატარიის კომპანიის" 70%-იანი წილი ეკონომიკის სამინისტრომ 5-წლიანი მართვის უფლებით „საქართველოს ფოსტას" გადასცა. ეფექტიანი მენეჯმენტისთვის სახელმწიფომ კომპანიას კიდევ ერთი შეღავათი მისცა და „ლატარიის კომპანია" დამატებული ღირებულების გადასახადისგან გაათავისუფლა. „ჩვენი მიზანი არის ქართული ბაზრის უპირატესი წილის მოპოვება, რაც გაზრდის საქართველოს ფოსტის ბრუნვას", - ასე განმარტა ფოსტის მისია კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს იმდროინდელმა თავმჯდომარემ, კახა ბაინდურაშვილმა.
„ქართული ბაზრის უპირატესი წილის მოპოვების" პროცესში „საქართველოს ფოსტას" ხელისუფლება დაეხმარა: ერთი-მეორის მიყოლებით გაფორმდა მემორანდუმები სხვადასხვა სამინისტროებთან და "საქართველოს ფოსტა" ჩაერთო სასკოლო წიგნების დისტრიბუციის პროცესში, პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში ამანათების გაგზავნისა და სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ბენეფიციარებისთვის პოლისების დარიგების საქმეში.
2012 წლის 1 ოქტომბერს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე გახდა, რომელიც მანამდე "ამომრჩეველთა ლიგის" აღმასრულებელი დირექტორი იყო. შეიცვალნენ გენერალური დირექტორის მოადგილეებიც. მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ შეიცვალა "საქართველოს ფოსტის" ფინანსური მაჩვენებლებიც.
2012 წელს "საქართველოს ფოსტის" შემოსავალი 61 მლნ ლარი იყო, ხოლო მოგება 7 მლნ ლარი.
2013 წელს შემოსავალი 47 მლნ ლარამდე, მოგება კი 494 000 ლარამდე შემცირდა.
2014 წელს შემოსავალი 54 მლნ ლარი იყო, ხოლო მოგება - 0 ლარი.
განულდა სალარო აპარატით მიღებული შემოსავლების ოდენობაც. თუ 2012 წელს სალარო აპარატით მიღებული თანხა 21 მლნ 721 ათას ლარს აღემატებოდა, 2013 და 2014 წლებში საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენებით აღრიცხული შემოსავლის ოდენობა ნოლია.
სამაგიეროდ, გაიზარდა ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხა:
2012 წელს ფოსტის ხელფასებზე 14 მლნ ლარი დაიხარჯა. 2013 წელს - 19 მლნ, ხოლო 2014 წელს - 21 მლნ.
ლევან ჩიკვაიძე კი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ადამიანი გახდა: მარტო 1 წლის განმავლობაში ხელფასის სახით მან 141 000 ლარი მიიღო, ანუ თვეში - 11 750 ლარი.
ახლა "საქართველოს ფოსტა" ბაზრის უპირატესი წილის მოპოვებისთვის იბრძვის. ის ექსპრეს და კურიერული მომსახურების ბაზრის მოპოვებას აპირებს. ამისთვის ეკონომიკის სამინისტრომ "ფოსტის შესახებ" ახალი კანონპროექტი შეიმუშავა.
ევროკომისიის შენიშვნებში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველო – ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს, რომელიც საფოსტო და საკურიერო მომსახურების ბაზრების ლიბერალიზაციას მოითხოვს და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების საპირისპიროდ, აწესებს კანონისმიერ მონოპოლიას და სამართლიანი და კონკურენტული გარემოს შექმნას არ უზრუნველყოფს.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი საზღვრის გადამკვეთ საკურიერო კომპანიებს შეზღუდვებს უწესებს: თუ მომხმარებელი საზღვარგარეთიდან ამანათს DHL-ის, TNT -ს, UPS-ის, ან FEDEX–ის მეშვეობით გამოგზავნის, ის საქართველოს საზღვარზე "საქართველოს ფოსტის" კონვერტში უნდა განთავსდეს და ადრესატამდეც ამ კომპანიამ მიიტანოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეიცვლება გადამზიდი, რაც ისეთი საერთაშორისო კომპანიებისთვის, როგორებიცაა DHL-ი, TNT, UPS-ი და FEDEX-ი, მიუღებელია.
გადამზიდავმა კომპანიებმა "ფოსტის შესახებ" კანონპროექტის შეფასების თხოვნით კონკურენციის სააგენტოს მიმართეს. თუმცა, სააგენტოდან გამოგზავნილ, 2014 წლის 6 ნოემბრით დათარიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, ევროკავშირის ექსპერტთა მიერ გამოთქმული შენიშვნების საფუძველზე სამინისტრო კანონპროექტის ახალ ვერსიაზე მუშაობს და შესაბამისად, პროექტის საბოლოოო რედაქციის ჩამოყალიბებამდე მასზე ექსპერტული შეფასების გაკეთება საფუძველს მოკლებულია.
არსებობს კანონპროექტის კიდევ ერთი ვერსიაც, რომელიც ბიზნესომბუდსმენის ხელმძღვანელობით შექმნილმა ჯგუფმა შეიმუშავა, სადაც გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად ეკონომისტებიც მონაწილეობდნენ.
"კანონპროექტი გადავამუშავეთ და ამ პროცესში ევროკომისიის ყველა შენიშვნა გავითვალისწინეთ. პროექტის ის ვერსია, რომელიც ბიზნესომბუდსმენის ხელმძღვანელობით შეიქმნა და რომელიც ევროკავშირის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, ახლა თაროზეა შემოდებული. 2014 წლის ნოემბრის შემდეგ ეკონომიკის სამინისტროსთან არანაირი კომუნიკაცია აღარ არსებობს: ჩვენს კითხვებს არ პასუხობს სამინისტროს არცერთი წარმომადგენელი. ინსტიტუციური გარემოს ცვლილების მოლოდინი და ასეთი გაურკვეველი ბიზნესგარემო უარყოფით გავლენას ახდენს გადამზიდავი კომპანიების საქმიანობაზე. რამდენიმე თვის წინ ეკონომიკის სამინისტრომ უნივერსალური საფოსტო მომსახურების უზრუნველყოფისთვის საჭირო ხარჯების შესაფასებლად შპს "KPMG GEORGIA"-ს სპეციალური კვლევა დაუკვეთა. აქ მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორი: "KPMG GEORGIA" კვლევას ატარებს უნივერსალური საფოსტო მომსახურების იმ განმარტების შესაბამისად, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს შემუშავებულ და ევროკავშირის მიერ "დაწუნებულ" ვერსიაში იყო გამოყენებული. ეს გვაფიქრებინებს, რომ ეკონომიკის სამინისტრო პარლამენტში ისევ ამ "ხარვეზიანი" კანონპროექტის გატანას აპირებს," - ამბობს ეკონომიკის დოქტორი, ნათია კუტივაძე.
ეკონომიკის სამინისტრომ უნივერსალური საფოსტო მომსახურების უზრუნველყოფისთვის საჭირო ხარჯების შეფასებისთვის შპს "KPMG GEORGIA"-სთან საფოსტო ბაზრის კვლევის ჩატარებაზე ხელშეკრულება 2015 წლის 15 იანვარს გააფორმა. კვლევისთვის "KPMG GEORGIA" გამარტივებული შესყიდვის წესით, ტენდერის გარეშე შეარჩიეს. შეთანხმების თანახმად, ეკონომიკის სამინისტრომ მომსახურებისთვის კომპანიას 102 660 აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს, მომსახურება კი ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 13 კვირის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.
"KPMG GEORGIA"-სთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 13 კვირა უკვე გავიდა. როგორია კვლევის შედეგები? რატომ ტარდება კვლევა კანონპროექტის იმ ვერსიის და “უნივერსალური მომსახურების” იმ განმარტების შესაბამისად, რომლის თაობაზეც ევროკავშირის ექსპერტებმა არაერთი შენიშვნა გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ ეს პროექტი ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება? - ჩვენ არაერთხელ დავუკავშირდით ეკონომიკის სამინისტროს იმისთვის, რომ ამ კითხვებზე პასუხები მიგვეღო, მაგრამ ჩვენი ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო "ფოსტის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის გამოთქმას მოისურვებს, www.eugeorgia.info მათ მოსაზრებას აუცილებლად გამოაქვეყნებს.