მთავრობა გასაყიდად გამოტანილ სახელმწიფო ქონებას ვერ ყიდის
პრივატიზაციაზე საუბრის უფლება სამინისტროში გიორგი კვირიკაშვილის გარდა არავის აქვს
ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით, მთავრობამ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვა, დაახლოებით 6 თვის წინ გადაწყვიტა. მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ბიზნესმენებთან დაანონსებული გასაყიდი ქონების სიიდან შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის" 70% და ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში ვეღარ მოხვდა.
პრივატიზაცია მთავრობის სავალუტო კრიზისიდან გამოსასვლელი გეგმის ის ნაწილია, რომლითაც ეკონომიკის სამინისტრომ 350-მდე მილიონი დოლარის მობილიზება გადაწყვიტა. გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ლარის კურსის მკვეთრი ვარდნის შემდეგ მიიღო. 2015 წლის 25 თებერვალს ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესმენებს 16-ობიექტიანი სია წარუდგინა.
გასაყიდი ობიექტების ჩამონათვალში მოხვდა: ათონელის სამთავრობო რეზიდენცია, ბორჯომ-ლიკანის ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია, „კურორტი ახტალა", მესტიის რეზიდენცია, წყალტუბოს სანატორიუმები, შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის" 70%, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი - თბილისის ჯანმრთელობის და რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი, ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა, წყნეთის სამთავრობო აგარაკები, პრეზიდენტის ბობოყვათის ყოფილი რეზიდენცია...
ეკონომიკის მინისტრმა სავარაუდო შემოსავალიც დაასახელა: „მარტო ამ ობიექტებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2-3 თვის პერიოდში შევძლებთ დაახლოებით 300–350 მილიონი დოლარის მობილიზებას“.
სახელმწიფოს კუთვნილი მსხვილი ობიექტების აუქციონზე გამოტანის გადაწყვეტილების გამოცხადებიდან თითქმის 6 თვის თავზე სახელმწიფომ გაყიდული ქონებიდან 43 409 626 აშშ დოლარის მობილიზება შეძლო. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან www.eugeorgia.info-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გაყიდული ქონების სია ასე გამოიყურება:
"ბათუმი თაუერი" 25 004 626 დოლარად დეველოპერულმა კომპანია „რედ-კომ” "იყიდა ("ბათუმი თაუერის" საწყისი გასაყიდი ფასი 25 მლნ დოლარი იყო). სახელმწიფოს მოთხოვნით, ბათუმის ტექნოლოგიური ინსტიტუტის უკვე ყოფილ შენობაში სასტუმრო განთავსდება. "რედ-კო" ვალდებულია სასტუმროს ბიზნეში 15 მილიონის ინვესტიცია განახორციელოს. ამისთვის მას 36-თვიანი ვადა აქვს.
ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობა 3 მილიონ 555 ათას დოლარად გაიყიდა. მისი მფლობელი შპს Pasha development გახდა. Pasha development-მა ნარკოლოგიური ცენტრის ადგილზე არანაკლებ 150-ნომრიანი სასტუმრო ან სავაჭრო/კომერციული/საოფისე დანიშნულების მქონე შენობა-ნაგებობა უნდა ააშენოს.
საინვესტიციო ვალდებულებების შესაბამისად, 3 წლის ვადაში არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო უნდა მოეწყოს ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაშიც, რომელიც "ჰუალინგ ჯგუფმა’’ 9 450 000 დოლარად იყიდა. შენობის საწყისი ფასი 6 მლნ დოლარი იყო.
ამ ობიექტების გარდა მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით სამი მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები გაყიდა: თბილისში, ბაღდადის ქუჩაზე მდებარე 26295 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი: N01.17.12.023.044) 2 900 000 აშშ დოლარად შპს „ლუქსორს“ გადაეცა, დავით აღმაშენებლის გამზირის N60-ში მდებარე (ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფო) 582.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ამავე ქუჩის №60-სა და №60ა-ში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და იქ განთავსებული შენობა-ნაგებობები კი 4 000 000 აშშ დოლარად საკუთრებაში შპს „აღმას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: N405040548) გადაეცა.
კიდევ ერთი მსხვილი ობიექტი, რომელიც ამ პერიოდში გაიყიდა, გარდაბნის კომბინირებული თბოელექტროსადგურია. თბოელექტროსადგური, რომლის აშენებაც “საპარტნიორო ფონდს” 230 მლნ დოლარი დაუჯდა, შპს „პეგასუს ისთ ვესტმა“ 290 მილიონ დოლარად იყიდა. როგორც www.eugeorgia.info-ს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, პრივატიზაციის პროცესში გაყიდულ ქონებას შორის გარდაბნის თბოელექტროსადგური იმ უბრალო მიზეზის გამო არ ირიცხება, რომ ის “საპარტნიორო ფონდმა” გაყიდა, და არა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
მინისტრის მიერ ბიზნესმენებისთვის წარდგენილი სიიდან აუქციონზე არ გავიდა შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის" 70% და ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს შორის გამართულ შეხვედრაზე გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა, შესაძლოა, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადაეცეს. www.eugeorgia.info -სთვის ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის ყოფილი შენობის შესყიდვით ერთ-ერთი კომპანია ჯერ კიდევ 2012 წელს დაინტერესდა. ინვესტორი თანახმა იყო, შენობაში 15 მლნ დოლარი გადაეხადა. თუმცა, ხელისუფლებისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო.
სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ამჟამად გასაყიდად გამოტანილი აქვს:
ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია, რომლის საწყისი ფასიც 34 390 553 ლარია
წყნეთის სამთავრობო აგარაკები ( სულ 21 შენობა) - 21 560 000 $
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი ( საწყისი ფასი განსაზღვრული არ არის) ღვინის ქარხნები - შპს "გრუზვინპრომი" და სს "აკურა" ( საწყისი ფასი განსაზღვრული არ არის)
წყალტუბოს სანატორიუმები:
სანატორიუმი "მეშახტე" - 5 530 300 ლარი
სანატორიუმი "წყალტუბო" - 2 663 500 ლარი
სანატორიუმი "ცისკარი" - 980 000 ლარი
სანატორიუმი "ივერია"- 2 490 000 ლარი
ყოფილი სტალინის სანატორიუმი სამაკაშვილის ქუჩა N10-ში - 8 457 000 ლარი
ბორჯომ -ლიკანის ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია ( გარდა სასახლისა) - (საწყისი ფასი განსაზღვრული არ არის)
სს "კურორტი ახტალა" - ( საწყისი ფასი განსაზღვრული არ არის)
აღმაშენებლის N138-ში მდებარე ყოფილი რკინიგზის კოლეჯი - 11 235 000 ლარი
ეკონომისტი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, აკაკი ცომაია პრივატიზების პროცესის გამოცოცხლებას დაგვიანებულად მიიჩნევს: "გადაწყვეტილება სწორია, თუმცა დაგვიანებული. ამ ობიექტების პრივატიზაცია მთავრობას 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უნდა დაეწყო. სახელმწიფოს კუთვნილი მსხვილი ობიექტების გაყიდვა მთავრობამ მაშინ გადაწყვიტა, როცა ქვეყანა უკვე კრიზისში იყო: ლარის კურსი ეცემა, არასტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოა, ეკონომიკური ზრდის ტემპი ძალიან დაბალია - ეკონომიკა, ფაქტობრივად, არ იზრდება. ამის გამო ბიზნესმენების ინტერესი ამ ობიექტების მიმართ ძალიან დაბალია და შესაბამისად, ამ ქონების გაყიდვაც ჭირს. გარდა ამისა, არსებობს რისკი, რომ ზოგიერთი ეს ობიექტი რუსეთის ხელში გადავიდეს, რადგან არსებულ მდგომარეობაში ამ ქონების პოტენციური მყიდველი მხოლოდ რუსეთია".
www.eugeorgia.info დაინტერესდა, რატომ არ არის ზოგიერთი ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასი დაფიქსირებული და რატომ ვერ მოხვდა გასაყიდ ობიექტთა შორის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დაანონსებული შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის" 70% და ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასის განსაზღვრა იმ შემთხვევაში ხდება, თუ მასზე ინვესტორთა ინტერესს გამოხატავს, საპრივატიზაციო პოლიტიკას და გასაყიდი ობიექტების სიას კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განსაზღვრავს და არა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
www.eugeorgia.info ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაც დაუკავშირდა. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ერთადერთი პირი, ვისაც საპრივატიზაციო პოლიტიკის შესახებ კვალიფიციური და კომპეტენტური პასუხის გაცემა შეუძლია, მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია. ის კი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ან სამინისტროს რომელიმე სხვა მაღალჩინოსანი ამ საკითხზე კომენტარს გააკეთებს, www.eugeorgia.info მას აუცილებლად შემოგთავაზებთ.