ბიზნესი გარე ვაჭრობაზე ახალი რეგულაციის მოლოდინში ზარალდება
როცა როსტომ პაპიძე სპეციალურად უვნებელი ხორცპროდუქტების რეალიზაციისთვის განკუთვნილ მაღაზია-მანქანებს ყიდულობდა ევროპაში, ალბათ, ძნელად თუ წარმოიდგენდა, რომ თბილისში ასეთი მანქანებისთვის კანონის ფარგლებში გამოყოფილი ადგილი არსად იქნებოდა, საპატრულო პოლიცია კი მოძრავი მაღაზიებიდან ქათმის ნედლი ხორცის გაყიდვას გარე ვაჭრობაში ჩაუთვლიდა და ამის გამო 500 ლარითაც დააჯარიმებდა.
როსტომ და ჯაბა პაპიძეები ესპანეთიდან საქართველოში 2007 წელს დაბრუნდნენ. დანაზოგი თანხით მათ გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთში 3000 კვ. მ მიწის ნაკვეთი შეიძინეს, შპს "როსტერი" დააფუძნეს და მეფრინველეობის მეურნეობა ააწყეს. დღეს მათ მეურნეობაში 10 000 ფრთა ფრინველი ჰყავთ. პაპიძეებმა2007 წლიდან დღემდესაკუთარ ბიზნესში 1,5 მლნ ლარზე მეტიინვესტიცია ჩადეს.
მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების ფარგლებში ახალი რეგულაციები შევიდა ძალაში და ხელისუფლებამ „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის“ შესრულებაზე კონტროლისგამკაცრება გადაწყვიტა, შპს "როსტერი" ახალი გამოწვევის წინაშე დადგა: ქათმის ნედლი ხორცი 2016წლის 1 იანვრიდან (ხელისუფლება კონტროლის გამკაცრებას 2015 წლის 1 ივნისიდან აპირებდა, მაგრამ მეწარმეთა მხრიდან არსებული პრობლემების გამო გარდამავალი პერიოდი 2016 წლის 1 იანვრამდე გადასწია) სავაჭრო დახლებზე რომ მოხვდეს, ამისთვის მას თან ვეტერინარული მოწმობა - ფორმა N2 უნდა ახლდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქათამი ისეთ სასაკლაოზე უნდა დაიკლას, სადაც საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP - Hazard Analysis and Critical Control Point) საწარმოო სისტემაა დანერგილი.
"როსტერმა" საწარმოო პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით თანამედროვე სასაკლაო მოაწყო და იქ HACCP-ის სისტემაც დანერგა. სისტემა სრულყოფილი რომ ყოფილიყო, ამისთვის პაპიძეებმა ჩეხური კომპანია დაიქირავეს, რომელსაც კონსულტაციაში 4 7000 ევრო გადაუხადეს. HACCP-ის სისტემით სასაკლაოს მოწყობას ჯამში 300 000 ლარზე მეტი ინვესტიცია დასჭირდა.უვნებელი პროდუქტის დისტრიბუციისა და რეალიზაციის მიზნით "როსტერმა" ევროპიდან 2 სპეციალიზებულიმანქანა-მაღაზია ჩამოიტანა. ერთი იტალიური, ხოლო მეორე გერმანული წარმოების.
თითოეული ასეთი მანქანა-მაღაზიის ღირებულება დაახლოებით 15 000 ევროა. "როსტერმა" 1 მანქანა-მაღაზია მანქანების პარკირებისთვის გამოყოფილ ადგილზე ვარკეთილში დადგა, მეორე კი - გლდანში, ხიზანიშვილის N19-თან. მაღაზიებში ნედლი ქათამი და ქათმის დაფასოებული ხორცი იყიდებოდა: ქათმის ფრთები (500 გრ) 2.95 ლარად, ნახევარი კგ ფილე 4,45 ლარად, 1 კგ ქათამი კი 6,50 ლარად. ვაჭრობა ყოველდღიურად იზრდებოდა. თუმცა, რამდენიმე დღეში შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციამ "როსტერი" გარე ვაჭრობის მოწყობისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლის დარღვევისთვის ( გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის წესების დარღვევა), 500 ლარით დააჯარიმა.
შპს "როსტერის" დამფუძნებელმა ჯაბა პაპიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს საჩივრით მიმართა და საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმის ბათილად ცნობა მოითხოვა. "როსტერში" აცხადებენ, რომ მანქანა-მაღაზია პარკირების ადგილზე იდგა და ხელს არ უშლიდა არც მანქანების და არც ქვეითად მოსიარულე მოქალაქეების გადაადგილებას, ხორცით ვაჭრობისთვის სპეციალიზებული მაღაზიიდან პროდუქციის რეალიაზაცია კი გარე ვაჭრობად არ უნდა ჩაითვალოს, რადგან პროდუქტი არა ღია დახლზე, არამედ ავტომანქანაზე დამონტაჟებული კაბინიდან იყიდებოდა.
საქალაქო სასამართლომ "როსტერი "პარკირების ადგილის არამიზნობრივი გამოყენების გამო სამართალდამრღვევად სცნო და ჯარიმა ძალაში დატოვა. სასამართლოს დადგენილება საბოლოოა და ის გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
"სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნები პირნათლადრომ შეგვესრულებინა, ჰასპის-სტანდარტით აღჭურვილი სასაკლაო გავაკეთეთ, 40-მდე მცირე ფერმერი შევიამხანაგეთ და ბაზარზე გასვლა გაერთიანებული ძალისხმევით ვცადეთ. მომხმარებელმა უვნებელიპროდუქტი რომ მიიღოს, ამისთვის პროდუქციის გასაყიდიპუნქტიც სურსათის უვნებლობის სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. ჩვენ ისეთი მაღაზია-ავტომობილები შევიძინეთ, სადაცHACCP-ისსტანდარტია დანერგილი. ავტომობილი სპეციალური დახლმაცივრებით არის აღჭურვილი. მასში დაცულია ტემპერატურული რეჟიმი და სურსათის უვნებლობის ყველა მოთხოვნა," - ამბობს www.eugeorgia.info-სთან საუბარში როსტომ პაპიძე, - "ასეთი სპეციალიზებული, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან იყიდება ხორცი და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტები ევროკავშირში.გვინდოდა, მოსახლეობას უშუალოდმწარმოებლისგან შეეძინასუფთა და უვნებელიპროდუქცია, თან ყოველგვარი ფასნამატის გარეშე. მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში ჩვენი პროდუქცია დაახლოებით 20%-ით ძვირდება. ჩვენს კონკურენტ კომპანიას, რომელიც საქმეს კანონიერად აკეთებს, თბილისში 50-მდე სავაჭრო წერტილი აქვს. სუპერმარკეტებში გვეუბნებიან, რომ გარეთ მოწყობილ სავაჭრო კიოსკებში არსებული დაბალი ფასის გამო ჩვენი პროდუქცია, ფაქტობრივად, აღარ იყიდება. ჩვენი მიზანი იყო, ქათმის ნედლი ხორცის მწარმოებელი მცირე ფერმერები გაკოტრებისგან დაგვეცვა. ეს ჩვენთვის ერთგვარი საპილოტო პროექტი იყო. ანალოგიურიპროექტები შეიძლებოდა საქართველოს სხვა კუთხეებშიცგაკეთებულიყო, რაც საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა მეხორცული მეფრინველეობის გადასარჩენად. ახლა ჩვენ არათანაბარ მდგომარეობაში ვართ კონკურენტ მსხვილ კომპანიასთან შედარებით და თბილისის ბაზარზე პირდაპირი წვდომა აღარ გვაქვს".
2015 წლის პირველ ივლისს შპს "როსტერმა" თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს განცხადებით მიმართა და დედაქალაქის ტერიტორიაზე სპეციალიზებული, მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებით ქათმის ხორცის რეალიზაციის ნებართვა ითხოვა.
"გვინდა, რომ კომერციული საქმიანობა კანონის ფარგლებში ვაწარმოოთ. მზად ვართ, ჩვენი სავაჭრო მანქანა იმ ზონაში განვათავსოთ, რომელსაც თბილისის მერია გამოგვიყოფს და ჩვენთვის დაკისრებული გადასახადიც გადავიხადოთ. მერიის ქონების მართვის სააგენტოში გვიპასუხეს, რომ ჩვენs "განცხადებაში დასმული საკითხის დაკმაყოფილება სცდება სააგენტოსთვის კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებს", ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურში კი განაცხადეს, რომ გარე ვაჭრობის სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევის მიზნით გარე ვაჭრობის რეგულირების საკითხებზე აქტიურად მუშაობენ და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დამატებით გვაცნობებენ."
გარე ვაჭრობას თბილისში საკრებულოს 2006 წლის 29 დეკემბრის №4-27 გადაწყვეტილება არეგულირებდა. არსებობდა ამ საქმიანობისთვის სპეციალურად გამოყოფილი ზონები და ამ ზონებში შენობა-ნაგებობებისან დანადგარების განთავსების მიზნით აუქციონი ცხადდებოდა. არსებობდა რეგულაციები, რომლებიც შენობა-ნაგებობების და დანადგარების სახეობებს და მათი სარგებლობის პირობებს განსაზღვრავდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ 2009-2012 წლებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თბილისის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობაზე ნებართვას ძირითადად ხელისუფლების მიერ პრივილეგირებული კომპანიები, მათ შორის: "ნუგეში", "უაიდ დისტრიბუშენი", "აუთდორ.ჯი", "მაგი მედია" და "საქართველოს ლატარიის კომპანია" იღებდნენ. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გარე ვაჭრობის მოწყობაზე აუქციონი აღარ გამოცხადებულა.
2014 წლის 30 დეკემბრის №20-89 დადგენილებით „გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 29 დეკემბრის №4-27 გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოცხადდა. ახალი დადგენილებით, გარე ვაჭრობად მიჩნეულია ქალაქის ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა.
თუმცა, თბილისის საკრებულოს დღემდე არ აქვს განსაზღვრული გასაყიდად დაშვებული საქონლის ნომენკლატურა, გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები და ამ ადგილებით სარგებლობის ფორმები.
როდის მიიღებს დედაქალაქის თვითმმართველობა ახალ რეგულაციებს და როგორი იქნება გარე ვაჭრობის მოწყობაზე მერიის პოლიტიკა? www.eugeorgia.info-მ რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად ამ კითხვებზე თბილისის მერიიდან პასუხი ვერ მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ მერია ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის გამოთქმას მოისურვებს, ჩვენ მათ მოსაზრებას აუცილებლად გამოვაქვეყნებთ.