სომხეთს შეუძლია საქართველოს გავლით ევროკავშირის ბაზრით ისარგებლოს
“სომხეთი ევრაზიულ კავშირშია, მაგრამ, მიგვაჩნია, რომ საქართველოს ბაზრით შეგვიძლია მოვხვდეთ ევროკავშირის ბაზარზე, ეს იქნება ერთგვარი ფანჯარა ჩვენთვის”
2015 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა შემცირებულია, თუმცა სომხეთი მაინც ერთ-ერთ გამონაკლის ქვეყნად რჩება, რომელთანაც საქართველოს დადებითი სავაჭრო სალდო აქვს. სომხეთისთვის, ჯერჯერობით, ვერც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობა აღმოჩნდა ეკონომიკური ზრდის სტიმული, როგორც ამას ხელისუფლება ვარაუდობდა-საგარეო ვაჭრობის მოცულობა კავშირის წევრებთანაც შემცირდა. eugeorgia.info დაინტერესდა რა პერსპექტივა არსებობს დღეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით, მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროპა, სომხეთმა კი ევრაზიული კავშირი აირჩია.
“სომხეთს შესაძლებლობა მიეცა საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით, ერთობლივი საწარმოების შექმნისა და სხვა ერთობლივი აქტივობებით მისთვის სასარგებლოდ გამოიყენოს საქართველო-ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. საქართველოს კი სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებით სარგებელი არ მიუღია.“- აცხადებს ეკონომიკის სამინისტროს ვაჭრობის პოლიტიკისა და რეგიონული ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს უფროსი მარინე მაჭარაშვილი.
ევროპის ბაზარზე გასვლის სურვილი აქვს აჭარაში სომხური კომპანია “უნიფიშის” ინვესტიციით გახსნილი თევზის საწარმოს. “უნიფიში” სომხეთში ზუთხის თანამედროვე მეურნეობას ფლობს. კომპანიის დირექტორი მამუკა სხვიტორიძე ამბობს, რომ ევროპულ კომპანიასთან 3 ტონა ხიზილალის შეტანაზე წინასწარი ხელშეკრულება უკვე გააფორმეს, სადედე გუნდი სომხეთიდან შემოიყვანეს და წარმოების დასაწყებადაც მზად არიან, თუმცა, ექსპორტირებისთვის ხელს შესაბამისი ლაბორატორიული დასკვნის უქონლობა უშლით. ამასთან, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით სარგებლობისთვის ერთ-ერთი პირობაა ის, რომ პროდუქტი უნდა იყოს ქართული წარმოშობის.
სომეხი ბიზნესმენებისთვის შეიძლება საქართველოში ბიზნესის გაფართოება მომგებიანი იყოს, თუმცა სომხეთი ვერ შეძლებს პირდაპირ ტრანზიტის გზით გაიტანოს პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე. საქართველოში უნდა დაიწყოს პროდუქციის წარმოება, ასოცირების შეთანხმების მიხედვით, პროდუქციის წარმოშობა უნდა იყოს ქართული, ანუ თვითღირებულების 40%-ზე მეტი არ უნდა იყოს იმპორტირებული. - ამბობს “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე.
სომხეთ-საქართველოს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას ემსახურება პროექტი, რომელიც ევროკავშირმა ტერიტორიული თანამშრომლობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დააფინანსა. პროექტისთვის დაახლოებით 211 ათასი ევრო გამოიყო, ის მიზნად ისახავს ქვემო ქართლისა და სომხეთის თავუშის საზღვრისპირა რეგიონებში ბიზნესწრეების დაახლოებას. პროექტს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა”, სომხეთში კი არასამთავრობო ორგანიზაციები “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი” და “მხარდაჭერა ნოიემბერიანისთვის” განახორციელებენ.
“ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირებას, სომხეთი კი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირშია. არცერთ ქვეყანაში არ არის სათანადოდ გაანალიზებული, თუ რა დადებითი მხარეები ან სირთულეები შეიძლება მოიტანოს ამან ბიზნესჯგუფებისთვის. ჩავატარებთ კვლევას- რა ხარვეზებია, რა პირობებითაა შესაძლებელი თანამშრომლობა. ვგეგმავთ 2 აგროტურს- საქართველოდან სომხეთში და სომხეთიდან-საქართველოში. შევეცდებით, შევარჩიოთ ზუსტად ის ბიზნესები, რომელიც დაინტერესებულია საქართველოთი და პირიქით, რომ შეხვედრას არ ჰქონდეს მხოლოდ გაცნობითი ხასიათი.“-აცხადებს “სიდას” ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი.
“ერთ-ერთი პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობაა. ვიმუშავებთ ერთობლივი, “სტარტაპ” ბიზნესის შექმნაზე. სომხეთი ევრაზიულ კავშირშია, მაგრამ, მიგვაჩნია, რომ საქართველოს ბაზრით შეგვიძლია მოვხვდეთ ევროკავშირის ბაზარზე, ეს იქნება ერთგვარი ფანჯარა ჩვენთვის. პროექტის ფარგლებში, სომეხი ფერმერები ევროკავშირის სტანდარტებზეც მიიღებენ ინფორმაციას.” -ამბობს eugeorgia.info-სთან საუბრისას ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროექტების კოორდინატორი ვარსიკ ნერკარარიანი.
საბაჟო კავშირის საფუძველზე (რუსეთი, ბელორუსი და ყაზახეთი) 2015 წლის 2 იანვარს ახალი გაერთიანება - ევრაზიული კავშირი შეიქმნა, რომელსაც მეზობელი სომხეთიც შეუერთდა. ევრაზიული კავშირის წევრებს საერთო ეკონომიკური საზღვრები და საბაჟო ტარიფები აერთიანებთ, თუმცა ერევანმა ერთიან საბაჟო ტარიფზე გადასასვლელად ვადა 2022 წლამდე აიღო. საქართველოსა და სომხეთს შორის მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი კი კვლავ საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი შეთანხმებით რეგულირდება.
“ეკონომიკური დამოკიდებულებით, საქართველო უფრო სჭირდება სომხეთს ტრანზიტისთვის, ერევანი მაქსიმალურად შეეცდება გამოიყენოს ვადა 2022 წლამდე და მერე გადაწიოს კიდეც, რათა საქართველოსთან ეკონომიკურ ურთიერთობაში პრობლემები არ შეექმნას”- ამბობს ბესო ნამჩავაძე.
ერევანში რეგიონული სწავლებების ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სრულუფლებიან წევრობას სომხეთისთვის რეალური სარგებელი ჯერ არ მოუტანია. ამ პროცესს რუსეთში მწვავე ეკონომიკური კრიზისიც დაემთხვა.ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სომხეთის სავაჭრო ბრუნვა ევრაზიული კავშირის ოთხივე წევრ ქვეყანასთან (რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი) შემცირდა. 2015 წლის პირველ ნახევარში, რუსეთსა და სომხეთს შორის ვაჭრობა თითქმის 22%-ით დაეცა.
“ალბათ, ჯერ ადრეა ზუსტად გაზომო სომხეთის ეკონომიკაზე სრული მასშტაბით გავლენა, თუმცა ნეგატიური ტენდენციებია. სომხეთის გაწევრიანება ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში და საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა ახალ გამოწვევებს აჩენს ორი ქვეყნის ურთიერთობაში, ამის მიუხედავად, საქართველოსთან თანამშრომლობა სომხეთს საშუალებას აძლევს გადალახოს იზოლაცია და შეამციროს მეზობელი აზერბაიჯანისა და თურქეთის მხრიდან ვირტუალური ბლოკადის გავლენა”-ამბობს eugeorgia.info-სთან საუბრისას რიჩარად გირაგოსიანი.
ერევანში ევრაზიულ კავშირს ეკონომიკურზე მეტად პოლიტიკურ გაერთიანებად აღიქვამენ და სომხეთის მასთან შეერთების მიზეზებიც უმეტესად პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება.რიჩარად გირაგოსიანი იმ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა 2013 წელს რუსეთის მხრიდან ზეწოლის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება. სომეხი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ “ ევრაზიულ პროექტს” მომავალი არა აქვს, სომხეთისთვის კი ევროკავშირთან ურთიერთობის განვითარების მეორე შანსი არსებობს.
“ევრაზიული ეკონომიკური კავშირი სომხეთს თავს ახვევს თავის სტრუქტურულ გამოწვევებს, არსებობს პირდაპირი სახმელეთო კავშირისა და რკინიგზის პრობლემა.ასევე, უფრო მაღალ ტარიფებზე გადასვლა და პროტექციონისტული პოლიტიკა, სავარაუდოდ, გამოიწვევს ფასების ზრდას, ექპორტისა და უცხოური ინვესტიციების შემცირებას. დღეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირი ნაკლებად მიმზიდველია სამი მიზეზის გამო: უკრაინის, როგორც მთავარი კომპონენეტის დაკარგვა, რუსეთის ეკონომიკაზე დასავლეთის სანქციების ნეგატიური გავლენა და ის გარემოება, რომ უფრო მეტად ზეწოლას ახდენს თავის წევრებსა და პარტნიორებზე, ვიდრე რეალურ ეკონომიკურ სარგებელს სთავაზობს. სომხეთისთვის არსებობს მეორე შანსი - ევროკავშირთან გამოასწოროს არაგულწრფელი პარტნიორის იმიჯი, თუმცა ამ ურთიერთოებების აღდგენის პარალელურად ჩნდება რუსული ზეწოლის შესაძლო განახლების საფრთხეც. “
ევროკომისიის მონაცემებით, სომხეთის მთლიანი ვაჭრობის დაახლოებით 29.7% მოდის ევროკავშირზე. ევროკავშირი სომხეთიდან ძირითადად ნედლი მასალების, სასმელებისა და თამბაქოს ექსპორტს ახორციელებს, სომხეთში კი გააქვს სატრანსპორტო მოწყობილობები. დღეს ევროკავშირ-სომხეთის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები რეგულირდება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებით, რომელიც 1999 წელს გაფორმდა. ევროკავშირმა სომხეთთან ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებიც დაასრულა 2013 წლის ივლისში, თუმცა ზუსტად 2 თვეში, მოულოდენლად საბაჟო კავშირში გაწევრიანება გადაწყვიტა, სადაც რუსეთი, ბელორუსი და ყაზახეთი იყვნენ გაერთიანებული. მთავრობის არგუმენტი იყო ის, რომ საბაჟო კავშირის წევრებთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებით ერევანი დიდ სარგებელს მიიღებდა.
მაიკო გაბულდანი