სახელმწიფო გარდაბნის რაიონში 75-მილიონიან "აბსურდულ" პროექტს აფინანსებს
ვინ აიღებს პასუხისმდგებლობას თუ მოშავებში მოსავალი ჩავარდა?
გარდაბნის რაიონში ე.წ პობედის დასახლებაში ვეტერანთა სასოფლო-სამეურნეო გაერთიანების შესაქმნელად ბიუჯეტიდან 75 მილიონ ლარამდე გამოიყოფა. ვეტერანთა კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო თემის პროექტის საბოლოო ვერსია ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე უკვე მოიწონეს. ე.წ.„ქართული მოშავების“ შესაქმნელად საჭირო თანხა თავდაპირველად ჰოლანდიურ კომპანია „ფორტუნა ჰოლდინგს“ უნდა მოეზიდა, თუმცა პროექტში ცვლილებები შევიდა და ყველა ხარჯს საკუთარ თავზე სახელმწიფო აიღებს.
„ვინაიდან, ეს არის საპილოტე პროგრამა და სახელმწიფო თავად არის დაინტერესებული, რომ საზღვრისპირა რეგიონებში დასახლდნენ და დასაქმდნენ ვეტერანები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასაშენებლად სახელმწიფო გაიღებს თანხას, პირველ ეტაპზე ეს იქნება 60-დან 75 მილიონ ლარამდე. „ფორტუნა ჰოლდინგს“ კი ევალება ინფრასტრუქტურის მოწყობა, სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიის მომზადება შესაბამის დონეზე, მონიტორინგი, მართვა, ადამიანების მომზადება. ასევე , მათი ვალდებულებაა იქ მოყვანილი პროდუქციის საზღვარგარეთ გატანა და რეალიზაცია. რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა, ერთ-ერთის თანახმად, ჰოლანდიურ კომპანიას უნდა მოეზიდა ეს თანხები, მაგრამ საბოლოოდ, ეკონომიკურ საბჭოზე გადაწყდა, რომ ყველა ხარჯს საკუთარ თავზე სახელმწფიო აიღებს. ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თემა და ბუნებრივია, სახელმწიფო დაინტერესებულია, რომ ყველა მნიშვნელოვან პროექტში თავად მიიღოს მონაწილეობა. მიწები საჩუქრად არავის გადაეცემა, მოყვანილი პროდუქციის გაყიდვის შედეგად შემოსული თანხები დაიბეგრება, მოგება განაწილდება იქ მომუშავე ადამიანებზე. სხვა დეტალებზე ვმსჯელობთ და საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. პირველი - საპილოტე პროგრამაა და არ გამოვცრიხავთ, რომ სხვა პროექტებში უკვე „ფორტუნა ჰოლდინგმა“ მოიზიდოს ინვესტიციები“, - აცხადებს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ჯანდრი უბირია.
ჰოლანდიურ კომპანიაში ამბობენ, რომ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების საკუთარ თავზე აღება მთავრობის გადაწყვეტილება იყო. კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო დასახლებების შექმნის შესახებ პროექტი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა შეიმუშავა და შესაფასებლად ყველა სამინისტროს გადაუგზავნა. სხვადასხვა უწყებამ პროექტის ის ვარიანტი განიხილა, რომლის თანახმადაც, ყველა ხარჯი ჰოლანდიურ კომპანიას უნდა დაეფარა. ერთადერთი უწყება, რომელმაც ინიციატივას უარყოფითი შეფასება მისცა სოფლის მეურნეობის სამინისტროა. მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ პროექტის განხორციელებისას სახელმწიფო საკუთარ თავზე ბევრ ვალდებულებას იღებდა, რაც დაუშვებელია.
„იდეა, რომ თბილისის მახლობლად აშენდეს სოფელი, ახალი ინფრასტრუქტურით და ეს ყველაფერი სახელმწიფომ გააკეთოს, არა თუ მომხიბვლელი, არამედ აბსურდულია. იმ ტერიტორიაზე სოფლის აშენება არც პოლიტიკურად არის გამართლებული და არც ეკონომიკურად. პროექტში ისეთი ვალდებულებები ეწერა, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი სახელმწიფოზე გადადიოდა. ბანკის პროცენტი, რომელიც გამოყოფილი იყო, არც ისე დაბალია. არ არის ეს იაფი ფული. იქ ფიგურირებდა, რომ სახელმწიფო იღებდა გარკვეულ ვალდებულებას, არანაირ ვალდებულებებს სახელმწიფო, როგორც წესი, არ იღებს. თუ რაღაც არ გამოვიდოდა, სახელმწიფო აგებდა პასუხს ფინანსურად. არსებობს პროექტები, სადაც ასეთი ტიპის ორგანიზაციები შემდეგ სახელმწიფოს ედავებიან და უჩივიან. მე გამოვხატე ჩემი პოზიცია დასკვნაში, რა თქმა უნდა, მინისტრთან შეთანხმებით. არანაირი აუცილებლობა არ არის ასეთი პროექტის განხორციელების. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. თუმცა, ჩვენი წინააღმდეგობის მიუხედავად, შესაძლოა, ეს პროექტი მაინც განხორციელდეს“, - ამბობს გოჩა ცოფურაშვილი.
პროექტის თანახმად ე.წ. ქართულ მოშავში თავდაპირველადდ 550 ვეტერანი იცხოვრებს. თითოეული ბენეფიციარის ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ფართს, სასოფლო-სამეურნეო დასახლებაში არსებული სახნავ-სათესი მიწები, სასაქონლე მეურნეობა, საჭირო აღჭურვილობა და სხვადასხვა დანიშნულების საწყობები კი სახელმწიფო საკუთრება იქნება. მოშავების შექმნა ისრაელის პრაქტიკის გათვალისწინებით იგეგმება, სადაც ასეთი ტიპის კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო დასახლება სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მოშავები ძირითადად საზღვრისპირა რეგიონებში შეიქმნა, ქალაქიდან მოშორებით, დაუსახლებელ ტერიტორიაზე. დღეს ისრაელში 300 მოშავზე მეტია, სადაც მიწების დამუშავება ხდება კოლექტიურად, მოსავალი და წარმოებული პროდუქცია რეალიზდება და შემოსავალი თანაბრად ნაწილდება მოშავის წევრებზე. ჰოლანდიურ კომპანია "ფორტუნა ჰოლდინგს", რომელიც ქართული მოშავების შექმნასა და მართვაზე იქნება პასუხსიმგებელი, ამ კუთხით აფრიკაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
„როდესაც პირველად საქართველოში ჩამოვედით, დავინახეთ დიდი პოტენციალი. თქვენ გაქვთ ყველაფერი - მიწა, წყალი, კლიმატი, ხალხი, შეგიძლიათ, გახდეთ ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოების მხრივ. ჩვენ მხოლოდ ცოდნისა და ტექნოლოგიის ნაკლებობას ვხედავთ. ხალხმა უნდა ისწავლოს, როგორ აკეთოს ეს საქმე სწორად. საინტერესო მაგალითს მოგიყვანთ, თქვენ გაქვთ პომიდორი მხოლოდ სეზონზე, სხვა დროს შემოგაქვთ ეს პროდუქცია მეზობელი ქვეყნებიდან, თუ თქვენ შეძლებთ პომიდვრის მოყვანას მთელი წლის განმავლობაში, ფასი იქნება სტაბილური, ასევე შეეძლებთ ექსპორტსაც და აღარ დაგჭირდებათ ამ პროდუქციის იმპორტირება. ეს კი გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. ჩვენ ჩამოვიყვანეთ სპეციალისტები ისრაელიდან, რომლებიც ვაშლს ევროპაში ყიდიან, თქვეს, რომ თქვენს ხეებზე ძალიან ბევრი ვაშლია, ასევე ძალიან ბევრი ტოტია ხეზე, ამის გამო კი ვაშლი ძალიან პატარა ზომისაა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვაშლები ინახებოდეს სპეციალურ ადგილებში, ამ გზით სხვადასხვა სეზონზე თქვენ შეძლებთ ამ პროდუქციის კარგ ფასში გაყიდვას ინგლისში, გერმანიაში, რუსეთში. საინტერესოა, რომ თქვენი მეზობლები - სომხეთი და თურქეთი ყიდულობენ თქვენგან ვაშლს ძალიან დაბალ ფასში სეზონზე, ინახავენ საკუთარ ტერიტორიაზე და როდესაც ფასები იზრდება, ისინი თქვენ მოგყიდიან თქვენ მიერ მოყვანილ ვაშლს ხუთჯერ მაღალ ფასში“, - ამბობს „ფორტუნა ჰოლდინგის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნირ ბარექეთი.
საქართველოში მოშავის მსგავსი დასახლებების გაშენების იდეა ჰქონდა საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიის თავმჯდომარეს ანა მიქაძეს, თუმცა, მასშტაბური დასახლების შექმნა ვერ მოახერხა. ანა მიქაძე ჩვენთან ინტერვიუში მსგავსი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე ლაპარაკობს.
„ქართველებს არ ესმით, რა არის ეს, კოლექტიური შრომა ჰგონიათ კოლმეურნეობა. მაგალითად, ტრაქტორს რომ ვყიდულობთ, პირველი საკითხი დგება - ვის ეზოში უნდა იდგეს ეს ტრაქტორი. იმით კი არ ინტერესდებიან, ტრაქტორმა რა უნდა მოხნას? ქართველი ბუნებით მესაკუთრეა და წინ არ იყურება. თანაცხოვრება ძალიან რთულია, ერთი არ შრომობს საკმარისად, მეორე იტყვის, შენ არ მუშაობ და რატომ ჭამ ჩემს ნაშრომს? ამ ყველაფერს სპეციალური განათლება სჭირდება, ქართველებს არ შიათ საკმარისად, რომ ასეთი ტიპის გაერთიანებები გამოუვიდეთ. როდესაც მოშივდებათ სათანადოდ, მიხვდებიან, რომ 5 ადამიანის გაერთიანებაც მნიშვნელოვანი ძალაა. თუმცა თუ ვეტერანები წავლენ ასეთ დასახლებაში, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია. ვეტერანებს არა აქვთ ფული, სამსახური, საკვები, ისინი დათანხმდებიან. მათ სხვა გზა არა აქვთ, რა თქმა უნდა თუ შეძლებენ ფიზიკურ შრომას,“ - ამბობს ანა მიქაძე.
ISET კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი რატი კოჭლამაზაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი პროექტის განხორცილებებისას ხელისუფლებას ოქროს შუალედის დაცვა მოუწევს.
„კოოპერატივების განვითარების გზაზე ძალიან ბევრი გამოწვევაა. თუ ასეთი მოშავის დასახლებებისა და კოოპერატივების განვითარება გვინდა, თან სწრაფად, მათ დროის გარკვეულ ეტაპზე ესაჭიროებათ საქონლის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლში ძალიან დიდი დახმარება , განსაკუთრებით მარკეტინგში. გასათვალისწინებელია ასევე ადგილობრივ ბაზარზე უკვე მოქმედი ფირმებისათვის (ან ფერმებისათვის) ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შენარჩუნება - ერთის განვითარებით მეორეს არ უნდა შევუშალოთ ხელი. რამდენადაც ასეთ დასახლებებს გარკვეულ „სასათბურე პირობებს“ ვუქმნით განვითარებისათვის, ამ უკანასკნელმა, შესაძლოა, მოტივაცია და შესაბამისად ინვესტიციების ჩადების სურვილი დააკარგვინოს უკვე მოქმედ, ან მომავალში დაინტერესებულ ინვესტორებს. ამდენად, ჯანსაღი კონკურენციის შენარჩუნება უნდა მოხდეს იმ ოქროს შუალედის პოვნით, რომ ერთის განვითარება მეორეს ხარჯზე არ მოხდეს,“ - ამბობს რატი კოჭლამაზაშვილი
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ პროექტის განხორციელებისას რაიმე სახის დაბრკოლება ან ფინანსური პრობლემა შეიქმნება, ამაზე პასუხისმგებლობას ჰოლანდიური კომპანია „ფორტუნა ჰოლდინგი“ აიღებს, თუმცა, რა ფორმით, ეს ჯერჯერობით უცნობია. ხელშეკრულების პირობები სახელმწიფოსა და „ფორტუნა ჰოლდინგს“ შორის თანხმდება, დოკუმენტს ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება.
ხატია შამანაური