ევროკავშირის ბაზარზე ქართული ყველის პირველი სახეობა, შესაძლოა, ტენილი იყოს
„ტენილი უნიკალურია, არასდროს მინახავს მსგავსი რამ, განსხვავებული გემო აქვს, ნაღებისა და ყველის საინტერესო ნაზავია. მე ფრანგი ვარ, როგორც იცით, საფრანგეთში ძალიან ბევრი სახეობის ყველია, თუმცა, ტენილი განსხვავებულია და არაფერს ჰგავს. ასევე უნიკალურია მისი მომზადების პროცესი, ძალიან საინტერესო სანახაობაა,“- ამბობს ალინ ბრონსტეფერი.
ალინ ბრონსტეფერი უკვე 6 თვეა, ახალციხეში ცხოვრობს და იმ ორგანიზაციისთვის მუშაობს, რომელიც რძის მწარმოებელ ფერმერებს პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება. ახალციხეში მუშაობის პერიოდში ალინასთვის განსაკუთრებით საინტერესო ტენილი და მისი დამზადების ტექნოლოგია აღმოჩნდა. ქართული ყველის ეს სახეობა, რომელიც მესხეთის მხოლოდ 2 სოფელში - ანდრიაწმინდასა და ჭობარეთში მზადდება, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს უცხოელებში.
„გერმანიაში ყოველ წელს იმართება სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენა, სწორედ იქ წავიღე ტენილი. გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირში ვერ შეგვაქვს ყველი, გაყიდვის უფლებაც არ გვქონდა, უცხოელებს ვთავაზობდით, რომ გაეცნოთ ქართული ყველი. ტენილმა დიდი დაინტერესება გამოიწვია. არგენტინის სოფლის მეურნეობის მინისტრს ძალიან მოეწონა. ყველის ეს სახეობა უნიკალურია იმიტომ, რომ მისი ანალოგი არ არსებობს, კონკრეტული ადგილწარმოშობა აქვს. არსად მსოფლიოში მსგავსი ტიპის ყველი არ მზადდება, შესაძლოა, კეთდება ე.წ. სულგუნის ძაფები, მაგრამ მისი ამოვლება ნაღებში, შემდეგ ჩადება ქოთანში პირუკუღმა ნაცარზე დადებით, არსად ამ გზით არ მზადდება ტენილი. მხოლოდ საქართველოშია ასეთი ტექნოლოგია“, - ამბობს საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიის თავმჯდომარე ანა მიქაძე.
ტენილი მესხური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია, რომელიც რძის ნაწარმის დელიკატესად მიიჩნევა. წლების წინ მესხეთში ტენილს მცირე რაოდენობით ამზადებდნენ, რადგან ოჯახისთვის მისი დიდი ოდენობით დამზადება არარენტაბელური იყო. ყველის ამ სახეობისთვის ცხიმიანი რძის სრული რაოდენობა გამოიყენება. ჭობარელებს ტენილი გასაყიდად იშვიათად გაჰქონდათ. ოჯახურ პირობებში ყველის ეს სახეობა მზადდებოდა იმ რაოდენობით, რაც საჭირო იყო სადღესასწაულო დღეებისთვის და სტუმრის პატივსაცემად. დამუშავების ტექნოლოგიისა და საყველე მასის მომწიფების მიხედვით ტენილი ჩედერიზებული ყველის ჯგუფს მიეკუთვნება. საყველე მასა დამარილების გარეშე მწიფდება, შემდეგ კი ამ მასას ადნობენ. ტენილი მნიშვნელოვნად განსხვავდება ადგილობრივი წათხის ყველებისაგან, როგორც დამუშავების ტექნოლოგიური პროცესით, ისე გარეგნული სახით, გემოთი, სუნით, კონსისტენციითა და სხვა თვისებებით. სოფელ ანდრიაწმინდას მცხოვრები გალინა ინასარიძე პირველი იყო, ვინც ტენილის მომზადება განაახლა.
„უკვე 43 წელია, ანდრიაწმინდაში ვცხოვრობ, თავდაპირველად მხოლოდ სააახალწლოდ და სააღდგომოდ ვამზადებდი პატარა ქოთნებში. შემდეგ უკვე თბილისობას ჩამომქონდა ტენილი დედაქალაქში. თითქმის ყველა ოჯახში იცოდნენ ტენილის მომზადება, მაგრამ მივიწყებული იყო, მე რომ მოვამზადე, სხვებმაც დაიწყეს ტენილის გაკეთება. ჩემი საარსებო წყარო ეს არის. საშუალოდ თვეში 40 კილოგრამამდე ვყიდი,“ - ამბობს გალინა ინასარიძე.
საქართველო ევროპის ბაზარზე ცხოველური წარმოშობის პროდუქტს, მათ შორის ყველსა და რძის სხვა ნაწარმს 2020 წლამდე ვერ შეიტანს. ასეთი ტიპის პროდუქციაზე ევროკავშირს მესამე ქვეყნებთან მკაცრი მოთხოვნები აქვს:
-
ცხოველების, მათ შორის მსხვილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია, ელექტრონული ბაზის შექმნა და კონტროლის შესაბამისი მექანიზმების იმპლემენტაცია.
-
ცხოველთა გადამდები დაავადებების პროფილაქტიკისა და კონტროლის ადეკვატური ღონისძიებების გატარება.
-
სასურსათედ განკუთვნილ ცხოველებში სხვა ზოონოზების (სალმონელა) კონტროლის ღონისძიებები.
-
არასასურსათო ცხოველური პროდუქტების კონტროლის ღონისძიებები.
-
ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაცია/ავტორიზაციისა და მათი გამოყენების კონტროლის პროცედურები.
-
ცხოველის საკვების ოფიციალური კონტროლის პროცედურები.
-
ვეტერინარული სერტიფიცირების პროცედურები.
-
სურსათის მ.შ. ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის ზოგადი და სპეციალური წესების დაცვა წარმოების/პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე, (ფერმიდან-სუფრამდე) მიკვლევადობა, შიდასაწარმოო კონტროლის პროცედურები.
-
ცხოველური წარმოშობის სურსათის ოფიციალური კონტროლისა და ბიზნესოპერატორის აღიარების პროცედურები.
-
სურსათთან, ცხოველის საკვებთან, ცხოველების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებული ოფიციალური/სახელმწიფო კონტროლის ორგანიზება.
-
სურსათის მიკრობიოლოგიური კრიტერიუმების დადგენა და კონტროლის პროცედურები.
-
სურსათში სხვა (ქიმიური) დამაბინძურებლების, პესტიციდების ნარჩენი ნივთიერებების ზღვრული დონეების დადგენა და მათი კონტროლის პროცედურები.
-
ცხოველურ სურსათში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგის პროცედურები, ლაბორატორიული კვლევების ორგანიზება.
-
სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება-სურსათის ეტიკეტირება.
საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პარალელურად უნდა მოხდეს კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება, ევროკომისიის მიერ ექსპორტის მსურველი ბიზნესოპერატორების აღიარება და შესაბამის სიაში შეტანა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ მოთხოვნები მკაცრია, თუმცა ტენილს სხვა პროდუქტებთან შედარებით ევროპის ბაზარზე მოხვედრის გაცილებით დიდი პერსპექტივა აქვს.
„ტენილი გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქციად არის დარეგისტრირებული საქპატენტის მიერ. ეს ნიშნავს, რომ ამ ტიპის პროდუქტი ასოცირდება ერთ რეგიონთან და ყოველთვის უნდა იყოს ერთნაირი, უნდა ჰქონდეს ერთი გემო, ფერი, სუნი, უნდა მზადდებოდეს საქპატენტში დარეგისტრირებული რეცეპტის მიხედვით. სწორედ ეს არის ერთ-ერთი უდიდესი პერსპექტივა, რომ ტენილი ევროკავშირის ბაზარზე მოხვდეს, რადგან ევროპელი და ზოგადად ყველა მომხმარებელი ორიენტირებულია, რომ მიიღოს უვნებელი, სტაბილური, ყოველთის ერთნაირი და სტანდარტული პროდუქტი. ასეთი ტიპის პროდუქციას გაცილებით მეტი შანსი აქვს, რომ გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე, ევროპელებს განსაკუთრებით უყვართ ტრადიციული, ისტორიულ ლეგენდებთან დაკავშირებული პროდუქტი. ჩვენ ჭარბი პროდუქციით კონკურენცაის ვერ გავუწევთ მეზობელ ქვეყნებს და სწორედ ამ კუთხით უნდა ვიზრუნოთ,“- აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე თენგიზ კალანდაძე.
გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი ტენილს კიდევ ერთ უპირატესობას ანიჭებს. კანონმდებლობით ასეთი ტიპის საწარმოებთან მიმართებაში გარკვეული შეღავათები მოქმედებს.
„ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ თუ მაღალმთიან რეგიონში ტრადიციული წარმოებაა და ეს ეხება გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქციას, სურსათის უვნებლობის კუთხით კონტროლი შედარებით გამარტივებულია. არ გვაქვს ისეთი განსაკუთრებული მოთხოვნები, როგორც თბილისში არსებულ საწარმოსთან გვექნებოდა. მაგალითად , რიგ შემთხვევებში შეიძლება, რომ ონკანი იყოს ეზოში, შეიძლება, ცალცალკე ოთახები და სათავსოები არ ჰქონდეს მწარმოებელს, შესაძლებელია, მარტივად იყოს გამოყოფილი. თუმცა ძირითადი ჰიგიენურ მოთხოვნებს აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს,“ - ამბობს თენგიზ კალანდაძე.
იმისთვის, რომ გალინა ინასარიძის მიერ მომზადებული ტენილი რამდენიმე წელიწადში ევროკავშირის ბაზარზე გავიდეს, მას რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწევს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ამბობს, რომ ამ პროცესის დაწყება დღესვე შესაძლებელია, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება კი ტენილის მწარმოებელს ევროკავშირის ბაზარზე შესვლას გაუმარტივებს. გალინა ინასარიძე თავდაპირველად ბიზნესოპერატორად უნდა დარეგისტრირდეს.
„ადგილზე, სადაც ტენილი მზადდება, აუცილებელია ზოგადი ჰიგიენის ნორმების დაცვა, ძროხა უნდა იყოს ჯანმრთელი და შესაბამის პირობებში იწველებოდეს, საჭირო ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს რძე, ტრანპორტირდებოდეს, ჩვენ ეს საწარმო შემოწმებული უნდა გვქონდეს, როგორც ბიზნესოპერატორი, ანუ სურსათის მწარმოებელი. შემდეგ უნდა მოგვმართოს კანონმდებლობის შესაბამისად და მიიღოს ამ პროდუქციის დამზადების გამოყენების უფლება. უნდა განაცხადოს, რომ საქპატენტში დარეგისტრირებული რეცეპტის მიხედვით ამზადებს პროდუქტს. ჩვენი სპეციალისტები, მიდიან და ამოწმებენ, მართლაც შესაბამისი რეცეპტურის მიხედვით მზადდება თუ არა, განხილვის შემდეგ კი ამას დავადასტურებთ. მას კი შეუძლია, დაიწყოს ტენილის დამზადება. რა თქმა უნდა, ჩვენი კონტროლი არ არის ერთჯერადი. პერიოდულად გვაქვს უფლება, მივიდეთ და შევამოწმოთ, ხომ არ არღვევს პირობებს.სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეგულაციების მიღების შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლები ჩამოდიან, ამოწმებენ საწარმოს და ანიჭებენ შესაბამის ნომერს. შემდეგ პროდუქტი გავა ევროკავშირში,“ - ამბობს თენგიზ კალანდაძე.
ტენილის დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი ასოციაცია „მზიანეთის“ მოთხოვნის საფუძველზე 2013 წელს მიენიჭა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ტენილის UNESCO-ში წარდგენა არ იგეგმება.
„UNIESCO-ში რაც კი ნომინაცია იყო წარდგენილი არამატერიალურის განხრით, ყველა უშუალოდ სააგენტომ მოამზადა. ნომინაცია ტენილზე კი შემოტანილია ასოციაცია „მზიანეთის“ მიერ. არამატერიალური კულტურული ძეგლი UNESCO-ში გვაქვს 2 - ქართული მრავალხმიანობა და ძველი ტრადიციული მეთოდით ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგია, ამიტომ რადგან ასე ცოტაა, ვცდილობთ, იყოს სააგენტოს ნომინაციები. ასევე, მიმდინარე წელს უკვე გაგზავნილი გვაქვს UNIESCO-ში ქართული ანბანის სამი სახეობა. წელიწადში ერთზე მეტის გაგზავნა არ შეიძლება,“ - ამბობენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
საქართველოში დამზადებული ცხოველური წარმოშობის პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე რომ მოხვდეს, ევროკომისიამ შესაბამისი საწარმო უნდა აღიაროს. დღეს საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ცხოველური წარმოშობის პროდუქციის არც ერთი მწარმოებელი არ არის აღიარებული ევროკომისიის მიერ. მაშინ როდესაც მეზობელ სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არა ერთი საწარმოა, რომლებსაც ევროკავშირში ცხოველური წარმოშობის პროდუქცია შეაქვთ. სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ამის მიზეზი რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება, კერძოდ, წლების განმავლობაში საქართველოში არ მოქმედებდა ადეკვატური მაკონტროლებელი სტრუქტურა, რომელიც დღესაც არ არის სრულყოფილი, არ არსებობს შესაბამისი ლაბორატორიული სისტემა და არ არის მიღებული რეგულაციების დიდი ნაწილი.
ხატია შამანაური