რუსული კომპანია სულგუნს ევროპაში ყიდის
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ იტალიასა და ბულგარეთში ფალსიფიცირებული სულგუნი აღმოაჩინა.
როგორც სურსათის უვნებლობის სააგენტოს უფროსის მოადგილემ, თენგიზ კალანდაძემ, eugeorgia.info-ს განუცხადა, რუსული კომპანიის მიერ დაფასოებული ქართული ყველი ევროპაში ინტერნეტის საშუალებით აღმოაჩინეს.
მისი თქმით, სულგუნი დარეგისტრირებულია როგორც ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტი, შესაბამისად, მისი წარმოება სხვა ქვეყანაში ფალსიფიკაციად ითვლება. ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში მხარეები ერთმანეთის პროდუქციის დაცვაზე შეთანხმდნენ, თუმცა, არსებულ ჩამონათვალში სულგუნი მითითებული არ არის, შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტზე რეაგირებას ჯერ ვერ ახერხებენ.
„სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეთანხმება 2010 წელს გაფორმდა, სულგუნი კი "საქპატენტმა" 2012 წელს დაარეგისტრირა. ამ საკითხის მოგვარებაზე ვმუშაობთ, უკვე გაიმართა ერთობლივი კომიტეტის სხდომა და სიაში ქართული ყველის გარდა, ბოლო პერიოდში დარეგისტრირებულ სხვა პროდუქტებსაც შევიტანთ. თუმცა, დოკუმენტს პარლამენტის რატიფიკაცია სჭირდება“, - განუცხადა eugeorgia.info-ს „საქპატენტის" თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ.
"საქპატენტში" ვარაუდობენ, რომ ცვლილება საერთაშორისო ხელშეკრულების დანართში მომავალი წლის დასაწყისში შევა.
eugeorgia-მ მცირე მოკვლევა ჩაატარა და გამოარკვია, რომ "სულგუნის" ბრენდით ყველი არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ლატვიასა და აშშ-შიც იწარმოება.