თაფლის მწარმოებელი “ბრეტი” ჰოლანდიელ პარტნიორებთან მემორანდუმს იანვარში გააფორმებს
“პროდუქტი კარგია, რადგან ნატურალური, ალპური თაფლია კავკასიიდან. დარწმუნებული ვარ, რეკლამირებით, სწორი მარკეტინგით, კრეატიული შეფუთვით ქართული თაფლი ევროპაში პოპულარული გახდება”
13 იანვარს ამსტერდამში, ჰოლანდიის სამეფო ინდუსტრიულ კლუბში ძველით ახალი წლის ღონისძიებაზე ქართული თაფლის დეგუსტაცია გაიმართება. ცალკე მაგიდა დაეთმობა თაფლის მწარმოებელი “ბრეტის” პროდუქციას. მიწვეულ სტუმრებს ქართული თაფლი სუვენირის სახითაც გადაეცემათ. 350-მდე ადამიანს უკვე დაურიგდა ღონისძიებაზე მოსაწვევი ბარათი, რომელზეც კომპანია”ბრეტის” ლოგოცაა განთავსებული. ქართული პროდუქტის პოპულარიზაციაზე ამჯერად თავად ჰოლანდიელები იზრუნებენ.
“ბატონ კეპაშვილს ძალიან კარგი პროდუქტი აქვს და ევროკავშირში ეძებს შესაძლებლობებს, მზად ვართ, დავეხმაროთ კონტაქტების მოძიებაში და ვიყოთ მისი კომერციული ბიზნესპარტნიორი. პროდუქტი კარგია, რადგან ნატურალური, ალპური თაფლია კავკასიიდან. დარწმუნებული ვარ, რეკლამირებით, სწორი მარკეტინგით, კრეატიული შეფუთვით ქართული თაფლი ევროპაში პოპულარული გახდება. ასევე, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შედეგად უფრო მარტივად მოხდება საქართველოდან ევროკავშირში პროდუქტების ექსპორტი. საქართველოს ნიდერლანდებში კარგი რეპუტაცია აქვს, ისეთი, როგორიც საფრანგეთს ჰქონდა 50-იან წლებში: ბუნება, ღვინო, კარგი კლიმატი, ძველი კულტურა და მეგობრული ხალხი“,- ამბობს eugeorgia.info-სთან ჰოლანდიის სამეფო ინდუსტრიული კლუბის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების ხელმძღვანელი ჰელენ ოვერ დე ლინდენი.
თაფლის მწარმოებელი “ბრეტის” დირექტორ გიორგი კეპაშვილსა და ჰელენ ოვერ დე ლინდენს შორის კონტაქტი ნოემბერში, ჰააგაში შედგა, სადაც ორივე მათგანი ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით გამართულ ფორუმს ესწრებოდა. გიორგი კეპაშვილმა ფორუმის დასრულების შემდეგ გამოფენაზე ქართული თაფლი წარადგინა. თაფლით ყველაზე მეტად ჰოლანდიის სამეფო ინდუსტრიული კლუბის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულება დაინტერესდა.
“სავარუდოდ, იანვარში გავაფორმებთ მემორანდუმს ჰოლანდიის სამეფო ინდუსტრიულ კლუბში არსებულ ერთ-ერთ მიმართულებასთან, რომელიც აღმოსავლეთი ევროპისა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს ემსახურება. დავსახავთ ღონისძიებებს, რომელიც უნდა გატარდეს ორივე მხრიდან: გამოფენები, ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაცია, დეგუსტაციები, რასაც ჩაატარებს ჰოლანდიური მხარე. მემორანდუმი იმუშავებს 1-2 თვე, სანამ მოიძებნება დაინტერესებული მყიდველი და გაფორმდება ხელშეკრულება ან ამ კლუბის მეშვეობით ან პირდაპირ მყიდველთან”,-ამბობს კეპაშვილი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია საერთაშორისო აღიარებას იანვარში ელოდება. ლაბორატორიის დირექტორი ლალი მაძღარაშვილი ამბობს, რომ ყველა მეთოდი - ტესტირებები ანტიბიოტიკების, პესტიციდების და მძიმე მეტალების ნარჩენებზე- სრულად ვალიდირებულია, ანუ დაზუსტებულია და შეესაბამება თაფლის ტესტირების ევროპულ სტანდარტებს. როგორც კი საქართველო ევროპისგან მიიღებს დასტურს, რომ თაფლი შეესაბამება ევროპულ ხარისხს და იწარმოება ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, ამის შემდეგ საქართველო მოხვდება მესამე ქვეყანათა სიაში და მიეცემა უფლება განახორციელოს ექსპორტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
“ექსპერტები ჩამოვლენ იანვრის ბოლოს და ამ დროს მოხდება დადასტურება, შემდეგ გაიცემა ახალი სააკრედიტაციო მოწმობა და მის თანმხლებ აკრდიტაციის სფეროში მითითებული იქნება ეს მეთოდები, სხვა მეთოდებთან ერთად. აკრედიტაცია საშუალებას გვაძლევს მთლიან ბაზარს, მთლიან სეგმენტს- იქნება ეს სახელმწიფო სამსახური, რომელიც ამ ტიპის ტესტირებით არის დაინტერესებული, იურიდიული თუ კერძო პირები- შევთავაზოთ ჩვენი მომსახურება”,- ამბობს მაძღარაშვილი.
ჰააგაში კონკრეტული შემოთავაზება არ მიუღია კოოპერატივის “ვარდისუბანი” დირექტორ ჯემალ ხაჩიძეს, რომელმაც სუბტროპიკული ხურმა, ხურმის ჩირი, თხილი, მინდვრის კიტრი და ასკილი წარადგინა. ყველაზე მეტად ხურმის ჩირი მოეწონათ. ჯემალ ხაჩიძე ამბობს, რომ მისთვის ევროპაში პარტნიორების მოძიება პრობლემა არ არის, რადგან ბევრი პოლონელი მეგობარი ჰყავს, მათ შორის ბიზნესწრეებში, 3 წლის წინ კი ვარშავაში საკუთარი შ.პ.ს. “იდეა ჟესკო” გახსნა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც თავადაა.
“2 წლის წინ, 10 ტონა ხურმა წავიღე და კარგად გავყიდე. აქ თუ 1 კგ 1 ლარი ღირს, იქ 1 ცალი ერთი ევროა. ხურმა, ჩირი, ასკილი- ევროპაში სარეალიზაციოდ ყველაზე მოთხოვნადია. მინდვრის კიტრი 1 კგ ღირს 2 ევრომდე, აქ 50 თეთრია. მინდა რაღაც გავაკეთო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოში 4-ჯერ წარვადგინე პროექტი და ყველაზე უარი მითხრეს, ხურმაზეც მქონდა, ჩირის გადამუშავებაზე, მეცხოველეობის კომპლექსზე, ყველაზე უარი მითხრეს. 4.5 მილიონი გრანტია გაცემული 15-17 ფირმაზე, სულ თავიანთ ხალხზე, მილიონერებს კიდევ გრანტი უნდათ? ახლა თხილზე აიღეს პრიორიტეტი და თხილის გადამამუშავებელ საწარმოზე შევიტანე განაცხადი, 6 თვე გავიდა და ვერ გადაუწყვეტიათ და ამათი შემყურე ვერც პოლონეთში წავედი და ვერც ვერსად“,- ამბობს ხაჩიძე.
ჰოლანდიაში მოეწონათ ქართული ჩურჩხელაც, მაგრამ კოოპერატივის “ალვანი” ხელმძღვანელ ლია პაპიაშვილს ბიზნესმენებთან მოლაპარაკებები არ გაგუგრძელებია, ვინაიდან ვერ ახერხებს იმ რაოდენობის გაგზავნას, რასაც ევროპაში ითხოვენ.
“დღეს ოჯახურ პირობებში ვამზადებთ და ამ მოთხოვნას ოჯახური პირობები ვერ დააკმაყოფილებს. პირველ რიგში, უნდა გაკეთდეს საწარმო. გვინდა სამთავრობო პროგრამებში მონაწილეობა. რომ გვქონდეს პირობები, საშრობები, დიდი რაოდენობით დამზადებას შევძლებდით. ბრიუსელშიც ვიყავით მაისში, მოეწონათ ჩვენი ჩურჩხელა, შემოთავაზება იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვამზადებთ იმ რაოდენობას, თვეში 10 ათას ცალზე იყო საუბარი და ჩვენ ეს ვერ დავამკმაყოფილეთ”,- ამბობს პაპიაშვილი.
სვანეთში მდებარე სასტუმროს პოპულარიზაციის მიზნით წავიდა ჰოლანდიაში სანდრო გოშთელიანი, თუმცა ტურიზმზე მეტად ჰოლანდიელები სვანურმა მარილმა მოხიბლა. 22 წლის სანდროს მესტიაში სასტუმროსთან ერთად სვანური მარილის საწარმო “ლუშნუ” აქვს გახსნილი. მარილს, ჯერჯერობით, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.
“3-4 ადამიანთან დღესაც მაქვს კონტაქტი, რომელთა დახმარებითაც შეიძლება გავიტანო მარილი. ვუთხარი რომ 2 თვე მჭირდება სტანდარტიზაციისთვის. გამოწერილი მაქვს დანადგარები. მარილი ჰააგაში ლაბორატორიაში დავტოვე, სინჯები უნდა გააკეთონ, პასუხი რომ იქნება, მერე მეცოდინება კიდევ რა არის საჭირო. ISO სერტიფიკატის აღებაც მინდა, მაგრამ მინიმუმ 2 წელი უნდა მუშაობდე ბაზარზე რომ ISO მქონდეს. მართალია, ამის გარეშეც შემიძლია გატანა, მაგრამ ISO რომ აღებული გაქვს, ხარისხთან დაკავშირებით შეკითხვები არა აქვთ,”- ამბობს გოშთელიანი.
ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაჭომ ბიზნესფორუმების ციკლი 2014 წლის ნოემბერში ავსტრიიდან დაიწყო, ამის შემდეგ გაიმართა შეხვედრა ბრატისლავაში და ბიზნესკონფერენცია ბრიუსელში. რიგით მეოთხე ბიზნესფორუმი 24 ნოემბერს ჰააგაში ჩატარდა. სულ 107 კომპანია იყო წარმოდგენილი, მათ შორის დაახლოებით 35 საქართველოდან.
“მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებს ეხმარება თავიანთი თავის პოზიციონირებაში. დიდ კომპანიებს ისედაც აქვთ თავიანთი რესურსი პოპულარიზაციისთვის, რომ თავიანთი არხების მეშვეობით გავიდნენ პარტნიორებთან, მცირე და საშუალო მეწარმეებს კი შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ. ვარჩევთ კომპანიებს, რომელთაც უკვე შექმნეს გარკვეული პროდუქტი და არსებობს რეალური პოტენციალი, რომ პარტნიორის მეშვეობით გაიტანონ ბაზარზე. შემდეგი ვიზიტი გერმანიაში იქნება, სავარაუდოდ, ზაფხულში. გერმანია მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, დიდი ბაზარია და მნიშველოვანი დაინტერესებაა”,-ამბობს ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს უფროსი მრჩეველი ვალერიან გვალია.
ზაფხულში ბერლინში დაგეგმილ ბიზნეს-ფორუმს დაესწრება თაფლის მწარმოებელი ”ბრეტის” ხელმძღვანელიც. ფორუმის შემდეგ გამოფენაზე ქართული თაფლის პრეზენტაციას უკვე ჰოლანდიის ინდუსტრიული კლუბი, კერძოდ, აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაგიდა გააკეთებს. ამ დროისთვის, როგორც სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის დირექტორი აცხადებს, საერთაშორისო აღიარება მიღებული უნდა ჰქონდეს ლაბორატორიას, ამასთან, მინისტრი ოთარ დანელიაც ირწმუნება, რომ 2016 წლის თებერვლიდან ქართული თაფლი ევროპულ ბაზარზე საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატით გავა.
მაიკო გაბულდანი