„მთის კანონი“ - შეღავათი მთაში, შესაძლო პრობლემა ბიუჯეტში
საქართველოს პარლამენტმა გასულ ზაფხულს დაამტკიცა კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ. „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროს ჰპირდებოდა მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებლებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მათ ინტერესებს დაიცავდა და ცხოვრებას გაუიოლებდა. სწორედ დასახელებული კანონი მიაჩნია დღევანდელ მმართველ ძალას მთაში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
რას ითვალისწინებს ძველი „მთის კანონი“
საინტერესოა, რომ მსგავსი მოტივით - მთაში მაცხოვრებლების საკეთილდღეოდ ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლებამ 1999 წლის ივნისში მიიღო კანონი „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ". მისი ძირითადი მიზნები იყო: მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა; მოსახლეობის მთიდან მიგრაციის შეჩერება და პირიქით, ხალხის დაბრუნება რეგიონებში; ასევე ადგილობრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, მრეწველობის განვითარება და მოსახლეობის დასაქმების დონის ზრდა და ა.შ. ასევე, ამ კანონში დადგენილია, რომ მაღალმთიან ადგილად მიჩნეულია ზღვის დონიდან 1500 მეტრ სიმაღლეზე არსებული ტერიტორია. თუმცა, კანონს თან ახლავს იმ დასახლებული პუნქტების ჩამონათვალი, რომელიც უფრო დაბალ სიმაღლეზეა, მაგრამ მაშინდელმა ხელისუფლებამ „იზრუნა“.
სწორედ ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს ეხება 1999 წელს დამტკიცებული კანონით გათვალისწინებული შეღავათები და შესაბამისად, მათ უნდა შეძლებოდათ სარგებლის ნახვა. კანონი ძალაშია 2016 წლის პირველ იანვრამდე, სანამ წლევანდელი კანონი შევა ძალაში. რა შედეგი მოიტანა 1999 წელს მიღებულმა კანონმა, ამ სტატისტიკას ვერსად მივაკვლიეთ, მაშინდელი სახელმწიფო მოხელეები კი აცხადებენ, რომ კანონი მხოლოდ „კეთილი სურვილების“ გამოხატულება იყო და რეალურად ეფექტი საერთოდ არ მოუტანია. რაც შეეხება ზოგადად მსგავსი შეღავათების დაწესებას ევროპულ ქვეყნებში, ISET-ის მკვლევარი რატი კოჭლამაზაშვილი მნიშვნელოვან განსხვავებაზე მიანიშნებს.
„მსგავს შეღავათებს განვითარებული ქვეყნები აკეთებენ. მაგალითად, შვეიცარიაში სოფლის მეურნეობაში თითქმის ყველაფერი სუბსიდირებულია და ისეთი სახელმწიფო ბიუჯეტი აქვთ, რაც საქართველოსთვის წარმოუდგენელია. შესაბამისად, თუ ასეთ ქვეყნებში მთაში მაცხოვრებლებს რაიმე შეღავათებს ან სოციალურ პაკეტებს შესთავაზებენ, ეს იმ ქვეყნის განვითარების ხარჯზე შეიძლება იყოს“.
ვის შეეხება შეღავათები
წელს მიღებული კანონი 11 მუხლისგან შედგება და მიზნით დიდად არც განსხვავდება ძველისგან. „ამ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის სტიმულირებისათვის შეღავათების განსაზღვრა, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ამაღლებას, დასაქმების ხელშეწყობას, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - ვკითხულობთ კანონის მიზნებში.
კანონის პირველივე მუხლში მითითებულია, რომ მთაში მაცხოვრებლად ის ჩაითვლება, ვინც ელექტროენერგიის მიმღებ აბონენტად არის დარეგისტრირებული; ასევე, განმარტებულია: მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი – მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
მთაში მუდმივად მაცხოვრებლის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის და შეჩერების გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელი თუ მერი. ამ პროცესზე ზედამხედველობა ევალება რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.
ფიზიკურ პირს მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მაცხოვრებლის სტატუსი მიენიჭება, თუ არის საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში და ცხოვრობს არანაკლებ 9 თვის მანძილზე ამ მისამართზე. სტატუსის შეწყვეტა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პირი გარდაიცვალა; აღარ არის საქართველოს მოქალაქე ან შეიცვალა საცხოვრებელი ადგილის მისამართი. გათვალისწინებულია სტატუსის დროებით შეჩერებაც: თუ სასამართლომ პატიმრობა განუსაზღვრა; თუ სასწავლებლად წავიდა და აღარ აკმაყოფილებს განსაზღვრულ კრიტერიუმებს. საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების შემდეგ სტატუსის აღდგენა მოხდება.
სოციალური და საგადასახადო შეღავათები
ის პენსიონერები, ვინც მაღალმთიან დასახლებაში ცხოვრობენ, ახალი კანონით ყოველთვიურად დამატებით სახელმწიფო პენსიის არანაკლებ 20 პროცენტს მიიღებენ. მომავალი წლის ივლისიდან პენსია გახდება 180 ლარი, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში პენსიონერებს „მთის კანონით“ განსაზღვრულ 20%-იან დანამატს სექტემბრიდან მისცემენ და მათთვის პენსია 216 ლარი იქნება.
შეღავათია გათვალისწინებული სამედიცინო პერსონალისთვის, ვინც მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს. ექიმი დამატებით მიიღებს სახელმწიფო პენსიის ორმაგ ოდენობას, ხოლო ექთანი – სახელმწიფო პენსიის მოცულობას;
გათვალისწინებულია ზამთრის პერიოდში (15 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 15 აპრილის ჩათვლით) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებლებისთვის ელექტროენერგიის საფასურის გადახდა ბიუჯეტიდან. აბონენტს (საყოფაცხოვრებო მომხმარებელს) 100 კილოვატამდე მოხმარებული ენერგიის ნახევარს სახელმწიფო აუნაზღაურებს. ანუ, თვეში მაქსიმუმ 50 კილოვატის საფასურს ბიუჯეტი გადაუხდის.
გათვალისწინებულია შეღავათები ბავშვების დაბადებისას. 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული პირველი და მეორე ბავშვისათვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად არანაკლებ 100 ლარია გათვალისწინებული, ხოლო მესამე და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის – 2 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი დახმარება არანაკლებ 200 ლარი იქნება;
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის და პროფესიული სასწავლებლის მასწავლებლებისთვის გათვალისწინებულია ხელფასზე დამატებით საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35 პროცენტის მიცემა;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრული შესაბამისი პროგრამის მონაწილე მასწავლებლისათვის, რომელიც პროგრამის ფარგლებში მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობს, მიიღებს დანამატს – შრომის ანაზღაურების არანაკლებ 50 პროცენტს.
რაც შეეხება, იმ მეწარმეს, ვინც მაღალმთიან რეგიონში საქმიანობს, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების შემდეგ საშემოსავლო გადასახადისგან 10 წლით თავისუფლდება და ამ საწარმოს საქმიანობით მიღებულ შემოსავალს სახელმწიფო არ დაუბეგრავს.
ასევე მაღალმთიანი დასახლების საწარმო თავისუფლდება მოგების გადასახადისგან სტატუსის მინიჭებიდან 10 წლის მანძილზე.
სტატუსის მინიჭების შემდეგ მაღალმთიანი დასახლების საწარმო 10 წლის მანძილზე არ გადაიხდის საკუთრებაში არსებული, ამავე ტერიტორიაზე მდებარე ქონების გადასახადს. საყურადღებოა, რომ ქონების გადასახადისგან ასევე თავისუფლდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის საკუთრებაში არსებული, ამავე ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი;
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი არ მიენიჭება თუ მეწარმე ახორციელებს: ა) ლიცენზირებისადმი/ნებართვის გაცემისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობას; ბ) მომსახურების გაწევას (თუმცა, ამ კატეგორიის მეწარმეებისთვის საქართველოს მთავრობას შეუძლია სტატუსის ინდივიდუალურად მინიჭება); გ) საქონლით ვაჭრობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელდება საქონლის გადამუშავება და მიწოდება.
მეწარმეების მოლოდინი
ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სოფლების 45%-ს, კერძოდ, კი 1600 პუნქტს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება. ამ სიას გარკვეული დასახლებები დაემატება. ამისთვის მუნიციპალიტეტებმა 1-ელ აპრილამდე უნდა მიმართონ კომისიას და გაირკვევა, თუ კიდევ რა დასახლებები შეიძლება დაემატოს აღნიშნულ სიას.
შპს „წალკის რძის პროდუქტების“ დამფუძნებელ ემზარ გობაძეს მიაჩნია, რომ „მთის კანონი“ მისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია, რადგან 10 წლით გადასახადისგან გათავისუფლება დიდი შეღავათია.
„შესაბამისი მოწყობილობა არ გვქონდა და რომ არ დავჯარიმებულიყავით, გავჩერდით. გაზაფხულიდან ვაპირებთ განახლებული საწარმოს ამუშავებას. პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ვართ ჩართული და შენობა მოგვცეს. საგადასახადო შეღავათების შემოღებით იმედი გვაქვს, რომ ინვესტორს მოვიზიდავთ. დაახლოებით 200 000 დოლარამდე გვიჯდება წარმოების აწყობა. აქედან თანხის 40%-მდე გრანტის სახით ველოდებით დონორისგან, რომელიც გაზაფხულისთვის გვპირდება. ასევე იმედი გვაქვს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ წაგვადგება. პირველ ეტაპზე დღე-ღამეში დაახლოებით 5 ტონა რძის გადამუშავებას შევძლებთ. ველოდებით, რომ მოსახლეობაში ინტერესი კვლავ გაჩნდება და საქონელს შეიძენს, რათა მერე რძე ჩაგვაბაროს“.
გობაძეს რამდენიმე წლის შემდეგ ნაწარმის ექსპორტზე გატანის იმედიც აქვს, თუკი საქართველოში ისეთი დაავადების (მაგალითად, ბრუცელოზის) კერების აღმოფხვრა მოხდება, რაც დღეს ISO სტანდარტის მინიჭებას გამორიცხავს. მეწარმე ასევე ადგილობრივი ბაზრისთვის საინტერესო პროდუქციის შეთავაზებასაც აპირებს.
„ასევე შეგვიძლია მაგალითად, შვეიცარიაში დამზადებული ცნობილი ყველის სახეობები წალკაში გავაკეთოთ. იგივე სიმაღლეა რაც ალპებშია და იგივე რძე აქვს ძროხას. მთავარია იგივე ტექნოლოგიით დამზადდეს. ისეთივე ყველით მოვამარაგებთ ადგილობრივ ბაზარს, რაც შვეიცარიიდან თუ იტალიიდან შემოდის“.
ყაზბეგში, სტეფანწმინდაში რესტორან „წანარეთის“ მფლობელი გუგუა მარსაგიშვილი, ასევე იმედიანად არის განწყობილი. მისი თქმით, ინვესტორებს ინტერესი უჩნდებათ წარმოებები დააფინანსონ. მასაც გეგმაში რძის გადამამუშავებელი საწარმოს ამუშავება აქვს.
შპს „სვანურის“, დამფუძნებელი ამირან გარდაფხაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ რძის გადამამუშავებელ საწარმოს ლენტეხში ახლა ხსნის და 10-წლიანი საგადასახადო შეღავათი ბიზნესის განვითარებისთვის კარგი ვადაა.
„საწარმოში მუდმივად 25 ადამიანი დასაქმდება. მოსახლეობის 80%-ს საქონელი ჰყავს და მათგან ვაპირებთ რძის ჩაბარებას, რაც სტიმულია მთაში მეცხოველეობის განვითარებისთვის“, - ამბობს ამირან გარდაფხაძე.
მისი თქმით, მეცხოველეობის განვითარებას ასევე სახელმწიფო პოლიტიკა აფერხებს, როდესაც სოციალურ დახმარებას აძლევს იმ ადამიანებს, ვისაც საქონელი არ ჰყავს, ხოლო თუ ძროხა გაიჩინა, იმას დახმარებას უხსნიან.
„იმის შიშით, რომ ძროხის ყოლაზე სოციალური დახმარება მომეხსნებაო, ხალხი გაზარმაცდა და ურჩევნიათ ხელფასივით აიღონ არაფერში ის სოციალური დახმარება, ვიდრე ძროხა ჰყავდეთ და იმას მიხედონ. აქაურ გლეხს ახალმა რეგულაციამ კიდევ უფრო გაურთულა საქმე. რძის პროდუქტების შეფუთვა, ეტიკეტის გაკეთება და სტანდარტების დაცვა ძალიან რთულია. ამ შემთხვევაში რძეს თუ გადამამუშავებელ ქარხნებს ჩააბარებენ, მათთვის შეღავათი იქნება. ქვემო სვანეთი, ლეჩხუმი და რაჭა იქნება ჩვენი ძირითადი მომმარაგებელი“.
როგორც მეწარმე ამბობს, საწარმო სრული დატვირთვით თუ ამუშავდა, დღე-ღამეში 20 ტონაზე მეტი რძის გადამუშავებას შეძლებენ. სამომავლოდ კი, იმ იტალიელ პარტნიორებთან ერთად, ვისთანაც საწარმოს აღჭურვილობებზე თანამშრომლობს, პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც ფიქრობს.
„მთის კანონი“ და შეღავათები არ ეხება ხულოს რაიონში მდებარე რძის გადამამუშავებელ საწარმოს, თუმცა, შემოთავაზებული კარგ სტიმულად მიაჩნია შპს „ელგუჯა ბარამიძეს“ წარმომადგენელ ლაშა მიქელაძეს:
„ჩვენი წარმოება ბათუმთან ახლოს არის. 6-7 თვის წინ დავიწყეთ მუშაობა და ახალი წლის შემდეგ ვაპირებთ უკვე საწარმოს გახსნას. ჩვენ არ ვართ იმ გეოგრაფიულ სიმაღლეზე, სადაც წარმოებას შეღავათები უწესდება, მაგრამ მივესალმებით ამ ინიციატივას. ვიცი, რომ ხალხმა დაინტერესება გამოხატა ამ შეღავათების გაგების შემდეგ.
ცოტა რომ დაგვეგვიანა, შეიძლება ჩვენც გვეფიქრა მაღალმთიან ადგილას დაფუძნება. ან თუ მომავალში დამატებითი საწარმოს ან ფილიალის გახსნას გადავწყვეტთ, შეიძლება ვიფიქროთ მაღალმთიან ადგილას საწარმოს აშენებაზე“, - ამბობს მიქელაძე.
რეალობა, რისკი და საფრთხე
ISET კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი, რატი კოჭლამაზაშვილი „მთის კანონში“ იმ ადამიანების ინტერესების გაუთვალისწინებლობაზე მიანიშნებს, ვისი საქმიანობაც მთას უკავშირდება, მაგრამ მუდამ არ იმყოფება მთაში. მაგალითად მოჰყავს მეცხოველეობაში, განსაკუთრებით კი მეცხვარეობაში ჩართული ადამიანები, ტურისტული საქმიანობით დაინტერესებული ხალხი, ვინც სეზონზე ადის მთაში. ასეთი საქმიანობით დატვირთულ რეგიონებს კი ქვემო ქართლს, თუშეთს, ხევსურეთს ასახელებს.
„9 თვით უცვლელად ცხოვრება ხალხს უბიძგებს რომ მაღალმთიან რეგიონში გაჩერდნენ, მაგრამ ასე რომ მოიქცნენ, ეს გამოიწვევს იმ დოვლათის შემცირებას, რასაც ეს ხალხი მომთაბარეობით ქმნის. შეიძლება მუდმივად 1000 მეტრის ზემოთ არ იყოს და მოძრაობდეს, მაგრამ ვისზე ნაკლები შრომა და რთული პირობები აქვთ?“
ექსპერტი სარისკოდ მიიჩნევს სტატუსის მინიჭების საკითხს და ვარაუდობს, რომ აქ კორუფციის რისკი ჩნდება - ესა თუ ის გამგებელი ან რაიმეს სანაცვლოდ დაეხმარება სტატუსის მოპოვებაში ვინმეს, ან საკუთარ ახლობლებს დაარეგისტრირებს უპრობლემოდ.
საფრთხეს ხედავს თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი ვატო ლეჟავა:
„ჩვენთან ჩაწერის ინსტიტუტი არ არსებობს. ადამიანებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ იქ, სადაც მათ სურთ. თუკი რაღაცა შეღავათებია რომელიღაც ადგილას, არავინ უშლის ხელს, რომ მაგალითად, ყველა პენსიონერი დარეგისტრირდეს ონის რაიონში. შესაბამისად, ხარჯების ნაწილს ვეღარ გააკონტროლებ. ეს კანონი გამოიწვევს ასეთ ფსევდო მიგრაციის პროცესს. ასევე, მაგალითად რომ ონი ავიღოთ, არის ზღვის დონიდან 800 მეტრზე. იგივე სიმაღლეზეა მაგალითად, სოფელი ოქროყანა ან წავკისი. ვისაც აგარაკი აქვს წავკისში, იმასაც შეღავათები უნდა ჰქონდეს?“, - ამბობს ვატო ლეჟავა.
1999 წელს მიღებულმა კანონმა რომ დიდი ვერაფერი შედეგი მოიტანა, ადასტურებს ვატო ლეჟავა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი იყო. მისი თქმით, 1999 წელს და წელს მიღებულ კანონებს შორისაც გარკვეული სხვაობაა.
„პრინციპული სხვაობა ის არის, რომ ახალ კანონს ახლავს საბიუჯეტო ინდიკაციები ხარჯვით ნაწილში, რაც მაინცდამაინც პროგნოზირებადი არ არის. უხეშად რომ ვთქვათ, ძველი კანონი იყო კეთილი სურვილების გამოხატულება. სუბსიდირების ნაწილშიც და შემოსავლების მხრივაც. თან, 1999 წელს რა შემოსავლებზე შეიძლება ყოფილიყო ლაპარაკი? მთაში არც მაშინ არსებობდა შემოსავალი და არც მერე. ამიტომ, იმ კანონით საბიუჯეტო დანაკარგების შეფასება ცოტა რთულია“.
რაც შეეხება „მთის კანონის“ შედეგად საბიუჯეტო ტვირთს, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილმა განაცხადა, რომ 2016 წელს 60 ხოლო 2017 წელს 100 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. სწორედ ამ თანხის ადეკვატური ეფექტის მოლოდინი არ აქვთ ექსპერტთა ნაწილს.
„მაღალმთიან რეგიონებში სამუშაო ძალა ნაკლებადაა. ძირითადად ასაკიანი ხალხი ცხოვრობს. ამიტომ ამ კუთხით უფრო სოციალური დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ამ კანონს, ვიდრე მეწარმეობის განვითარება. ზოგადად, ვიღაცა სასტუმროს გახსნის, ვიღაც რაღაცას ააშენებს, მაგრამ საკითხავი ის არის, რამდენად იქნება სახელმწიფოს მიერ გაწეული დანახარჯების შესაბამისი ეს ეფექტი. მთლიანობაში ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება უფროა და საარჩევნოდ ხალხის გულის მოგება, ვიდრე მეწარმეობის განვითარება“, - ამბობს რატი კოჭლამაზაშვილი.
ეკონომისტები მიიჩნევენ, ხარჯები ძალიან რომ არ გაიზარდოს, ხელისუფლებას მოუწევს კონტროლის მთელი მასშტაბით ამოქმედება, რათა რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მოხვდეს საშეღავათო არეალში. ახალი პოლიტიკური ცენტრი - "გირჩის" დამფუძნებელი, ზურა ჯაფარიძე ძველ და ახალ კანონებს ერთნაირად უარყოფითად აფასებს.
„საბოლოო ჯამში, თუ საგადასახადო შეღავათებზეა საუბარი, ცხადია ჯობია, რომ გადასახადები უფრო დაბალი იყოს, უკეთესი ეკონომიკური გარემო იყოს ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით მთელ ქვეყანაში და არა მხოლოდ მთაში. სამართლებრივად, შეიძლება ადამიანმა საწარმო დაარეგისტრიროს მთაში, მაგრამ იქ არაფერი აკეთოს და მთელი საქმიანობა აწარმოოს ბარში. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მოუწევს დამატებით მაკონტროლებელი მექანიზმების შემუშავება და დამატებითი ბიუროკრატია დასჭირდება, რომ წავიდეს და შეამოწმოს რეალურად იქ არის საწარმო თუ მხოლოდ დარეგისტრირებულია და ბარში საქმიანობს. ჩაიხლართება სიტუაცია და რეალურად, ხვრელი გაჩნდა საგადასახადო კოდექსში,“ - აცხადებს ჯაფარიძე.
„ეს პრინციპი თუ ამოქმედდა, ერთი მხრივ, იქნება მცდელობა, რომ რაც შეიძლება „მეტი საქართველო“ მოხვდეს ამ ნაწილში და ყველა მაჟორიტარის „წმიდათა წმიდა“ ვალი იქნება, რომ თავისი სოფლები თუ რეგიონები შეიტანოს ამ სიაში, და მეორე მხრივ იქნება ფინანსთა სამინისტროს გმირული მცდელობა, რომ აღკვეთოს უკონტროლო ხარჯები და ნაკლები ადამიანი იყოს ბიუჯეტიდან თანხის მიმღები“, - ამბობს ვატო ლეჟავა.
თემურ იობაშვილი