ქართული ღვინის ექსპორტი ერთ წელიწადში განახევრდა
2015 წელს 2014 წელთან შედარებით ღვინის ექსპორტი 40%-ით შემცირდა და 36 მილიონი ბოთლი (0,75 ლ) შეადგინა, თანხობრივ გამოხატულებაში კი ექსპორტმა, თითქმის, ორჯერ მოიკლო და 98 მილიონი დოლარით განისაზღვრა (გასულ წელს ეს მაჩვენებელი 185 მილიონ დოლარს აღწევდა).
საერთაშორისო გაყიდვებში ნეგატიური ცვლილებები რუსეთში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა განაპირობა, ამ ქვეყანაზე კი ქართული ღვინის ექსპორტის ნახევარი მოდის. რუსეთში ალკოჰოლური სასმელის რეალიზაცია 51%-ით შემცირდა და 18,3 მილიონი ბოთლი შეადგინა. თუმცა, უნდა აღნიშნოს, რომ ღვინის ექსპორტის საერთო მოცულობა 2012 წლის, ანუ ემბარგოს მოხსნამდე არსებულ მაჩვენებელს (23 მილიონი ბოთლი, 64,8 მილიონი დოლარი) მაინც მნიშვნელოვნად აღემატება. ექსპერტები კი შიშობდნენ, რომ არასტაბილურ რუსულ ბაზარზე დაბრუნების შემდეგ ქართული ღვინის ინდუსტრია გასაღების არეალის დივერსიფიცირებაზე აღარ იზრუნებდა და კიდევ ერთხელ დარტყმის წინაშე დადგებოდა.
ექსპორტი 56%-ით შემცირდა უკრაინაშიც და 3,4 მილიონი ბოთლით განისაზღვრა.
ამავე დროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი, 122%-იანი, ზრდა დაფიქსირდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარზე - ჩინეთში (2,7 მილიონი ბოთლი). ჩინეთმა ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილი დაიმკვიდრა რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ.
ღვინის გაყიდვების მცირე ზრდა ფიქსირდება ევროკავშირის მიმართულებით, კერძოდ, 3%-იანი - პოლონეთში (1,6 მილიონი ბოთლი), 4%-იანი - ლიტვაში (0,7 მილიონი ბოთლი), 54%-იანი - ესტონეთში (0,5 მილიონი ბოთლი).
ექსპორტის მოცულობა კვლავ უმნიშვნელოა, თუმცა, მატების ტენდენციით ისეთ სტრატრეგიულ ბაზრებზე, როგორიცაა, აშშ - 31% (248 ათასი ბოთლი), კანადა - 48% (157 ათასი ბოთლი), იაპონია - 5% (138 ათასი ბოთლი).
ამასთან, შარშან 2014 წელთან შედარებით 44%-ით შემცირდა ბრენდის რეალიზაცია უცხოეთში და 7,3 მილიონი ბოთლი (0,5 ლ) შეადგინა, ღირებულებით გამოხატულებაში კი 2-ჯერ მოიკლო და 18,6 მილიონი დოლარით განისაზღვრა (გასულ წელს ეს მაჩვენებელი 41 მილიონი დოლარი იყო), ძირითადად, უკრაინისა და რუსეთის ხარჯზე.