რეგიონებში წარმოების დამაბრკოლებელი მიზეზები და სამთავრობო უწყებებთან კომუნიკაციის პრობლემა
“გაუთავებელი ბიუროკრატიაა, ახლა აღმოაჩინეს, რომ თურმე საოკუპაციო ხაზთან მიწაზე მუშაობა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაშია, უსაფრთხო არ ყოფილა. ჩვენ აქ რომ ვცხოვრობთ, ეს უსაფრთხოა?! 30 ადამიანი ვართ კოოპერატივში, არ გვეშინია და ვიმუშავებთ”- კოოპერატივის “ნიქოზი” განაცხადი 4 თვეზე მეტია ქონების მართვის სააგენტოშია. გიორგი მჭედლიძეს 70 ჰა მიწის ნაკვეთის იჯარით აღება და ნუშის ბაღების გაშენება უნდა. ქონების მართვის სააგენტოს მჭედლიძისთვის წერილობითი პასუხი ჯერ არ გაუცია, თუმცა სააგენტოში eugeorgia.info-ს განუცხადეს, რომ “ზემო ნიქოზში უძრავი ქონების საპრივატიზებოდ მომზადება ფაქტობრივად დასრულებულია და აუქციონზე უახლოეს მომავალში განთავსდება”. “ამ მიწაზე ნუშის ბაღის გაშენება გვინდოდა, რომელმაც, დაახლოებით, 10 წელიწადში, ჩვენივე სოფელში, 2-მილიონევროიანი ბრუნვა უნდა შექმნას, წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი დასაქმდება. ბაღის გაშენების ვადა 3.5 თვეა, მარტი-აპრილში თუ მივიღეთ მიწაზე თანხმობა, ერთი წელიწადი მაინც დაგვიანებულია”,-ამბობს მჭედლიძე.
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაწყება ერთი წლით დააგვიანდა უკრაინული ინვესტიციით გახსნილ შპს “ამბრისაც”. კომპანიამ დმანისის რაიონის სოფელ გომარეთში 101.4 ჰა მიწაზე ქონების მართვის სააგენტოსთან იჯარის ხელშეკრულება 2015 წლის მაისში გააფორმა, თუმცა მიწის ნაკვეთზე შესვლა მხოლოდ 3 კვირის წინ შეძლო. რამდენიმე ადგილობრივი მოსახლე სახნავი კატეგორიის მიწას სათიბებად იყენებდა და ინვესტორს არ უშვებდა. შპს “ამბრის” წარმომადგენელებმა ადგილობრივი ხელისუფლება, მათ შორის ქვემო ქართლის გუბერნატორიც ჩააყენეს საქმის კურსში, პრობლემა მხოლოდ სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ მოგვარდა, დავა ნახევარი წელი გაგრძელდა.
“როცა სამართალდამცველები ჩაერთვნენ და განუმარტეს რა შეიძლება მოყოლოდა, ალბათ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შეეშინდათ. შეიძლება, ადგილობრივი ხელისუფლება (გამგებელები) ინფორმაციას ბოლომდე და ამომწურავად არ აწვდიდა სოფლის მოსახლეობას, ასევე, ჩვენთან არ შემოდიოდნენ დიალოგში, ალბათ, ჩვენც უფრო მეტად უნდა გვეკაკუნა კარებზე, კომუნიკაცია რომ ჰქონოდათ. საინვესტიციო ვალდებულებები გვაქვს აღებული, 30 დეკემბრამდე უნდა წარგვედგინა სოფლის მეურნეობის სამინისტროში რომ ავითვისეთ მიწის ნაკვეთების 90% და დავთესეთ კულტურები, რაც ვერ მოვახერხეთ. ასევე, ეკონომიკის სამინისტროს წინაშე გვქონდა იჯარის მეორე ნაწილის გადახდის ვალდებულება. არ გადაგვიხდია, ვიზარალეთ, ერთი წელი დავკარგეთ, ახლა გვერიცხება პირგასამტეხლოები”,- ამბობს კომპანიის წარმომადგენელინინო სამხარაძე.
შპს “ამბრი” ჰოლანდიური ჯიშის მაღალპროდუქტიული 100 მეწველი ძროხის ჩამოყვანას გეგმავდა საქართველოში, აღნიშნული მიწის ნაკვეთი კი საქონლის გამოსაკვები კულტურებისთვის სჭირდებოდა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ამ ეტაპზე არსებული მარაგებით 100 ძროხის გამოკვებას ვეღარ შეძლებენ და 68 სულის ჩამოყვანაზე შეთანხმდნენ.
საქონლის გამოსაკვები მარცვლეულის საწყობისთვის სჭირდება კოოპერატივს “წიქარა” სოფელ შავშვებში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3 ჰა მიწა, თუმცა სახელმწიფოსთან მორიგებას ვერ ახერხებს. კოოპერატივის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მთავრობა მიწას ძვირად აფასებს,-“120 ათასი ლარამდეა შეფასებული და ამ ფასად შეგვიძლია 120ჰა სახნავ-სათესი მიწა შევიძინოთ. ტერიტორია მოსახერხებელია სასაწყობო მეურნეობისთვის და ამიტომ გვინდა. ვისაც გინდა მიმართე, პატარა გლეხების გამო კანონს არავინ შეცვლის. ამ ეტაპზე არავისთან არ გვაქვს მოლაპარკებები,თუ ხელისუფლების ნებაა შეიძლება სიმბოლურ ფასადაც გადმოგვეცეს”,-ამბობს როინ ფსუტური.
ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შავშვებში მდებარე ეს ტერიტორია დამოუკიდებელი აუდიტის მიერ 2015 წლის 15 დეკემბერს შეფასდა. სააგენტომ ფასი არ გაგვიმხილა, იმ მიზეზით, რომ ქონება აუქციონზე ჯერ არ გაუტანიათ. კოოპერატივთან ბოლო მიმოწერა კი 21 ოქტომბერს შედგა, რომლის შინაარსიც მათი თქმით, ასევე კონფიდენციალურია, თუმცა ქონების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ “საინვესტიციო შინაარსის წინადადება არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო”.
სახელმწიფოსთან მორიგება ვერ შეძლო ვერც კოოპერატივმა “თაფლი საჩინო”. მინდია ქავთარაძეს ვანის ცენტრში 54 ათას 500 ლარად შეფასებულ 205 კვადრატული მეტრი შენობაში თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობა უნდა. კოოპერატივმა “ენპარდის” ფარგლებში ყველა საჭირო ტექნიკა-დანადგარი მიიღო, მაგრამ შენობა არა აქვს.
“ეკონომიკის მინისტრს (გიორგი კვირიკაშილი იყო მაშინ) მივმართეთ ვანის ცენტრში მდებარე ეს შენობა “აწარმოე საქართველოში” შეეტანა. შეიტანეს და იმხელა ფასი დაადეს, 2-ჯერ დიდ შენობას ავაშენებთ იმ ფასად, რაც ინვესტიციებში უნდა ჩავდოთ. პროგრამის პირობაა, რომ საბაზრო ღირებულების 4-მაგი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს, დაახლოებით 220 ათასი ლარის ოდენობის. მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ საბანკო გარანტიითვის ამ თანხის 10% 30 თვის განმავლობაში ბანკში უნდა მქონდეს ტყუილად გაჩერებული. ამასთან, შენობა სარემონტოა და 40 ათასი ლარი დაგვიჯდება, რომ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებიც დავაკმაყოფილოთ. პრივატიზების პროცესში სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ დროს გადააფასოს, სამწუხაროდ, ამას არ აკეთებენ. 2 წელია შენობა პროექტშია და არავინ შესულა, თუ ხალხისთვის გინდა მიეცი, რომ უყურებ როდის დაინგრევა. მარტო წელიწადნახევარი იმისთვის დავდივარ, რომ გამეგო ინვესტიციაში რა ჩაგვეთვლებოდა. სამხარაულიდან გამიშვეს ეკონომიკის სამინისტროში, ბოლოს მივედით ადგილობრივი ქონების მართვის სააგენტოში. გვინდოდა სურსათის უვნებლობის დაცვით გვქონოდა თაფლის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც მთელ რეგიონს მოემსახურებოდა”,-ამბობს კოოპერატივის ხელმძღვანელი მინდია ქავთარაძე.
“სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ს პირობები საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის #365 დადგენილებითაა გაწერილი, რომელიც წარმოადგენს შესასრულებლად სავალდებულო ნორმატიულ/კანონქვემდებარე აქტს, შესაბამისად, აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული რეგულაციის შეცვლა სააგენტოს კომპეტენციას სცილდება. ამასთან, საბანკო გარანტია წარმოადგენს ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელიც ფართოდ გამოიყენება სახელშეკრულებო ურთიერთობებში”- განუცხადეს eugeorgia.info-ს ქონების მართვის სააგენტოში.
პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში,მეწარმეს სახელმწიფო მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება უსასყიდლოდ, თუმცა გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებით გადაცემა - თბილისში შესაბამისი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ ექვსმაგი, ხოლო რეგიონებში-არანაკლებ ოთხმაგი ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
კიდევ ერთი საკითხი, რაც რეგიონებში მეწარმეების მუშაობას აფერხებს მიწების მფლობელობას უკავშირდება. საქართველოში მიწის ნაკვეთების 70% დღემდე დაურეგისტრირებელია, რაც სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად სახელდება. გაუფორმებელი მიწები კი მეწარმეებს სამთავრობო პროგრამებში მონაწილეობაში უშლის ხელს, დახმარების პროგრამებით ვერ სარგებლობენ იმის გამოც, რომ ბევრ სოფელში ირიგაციის სისტემა მოწყობილი არ არის.
“პროგრამაში “დანერგე მომავალი” მონაწილეობა რომ მიიღოს გლეხმა, საჭიროა ერთიანი ფართობი, რაც ჩვენთან 99%-ს არ გააჩნია, ცალ-ცალკეა მიწები. პროგრამა არ არის სწორად გათვლილი და მორგებული გლეხზე. ასევე, გორის რაიონის საზღვრისპირა სოფლებში ირიგაციის სისტემა ბოლომდე მიყვანილი არ არის, “დანარეგე მომავალში” კი 500 მ-ში წყალს ითხოვენ”,- ამბობს გიორგი მჭედლიძე.
თანამედროვე ბაღის გაშენების მიზნით, პროგრამაში მონაწილეობა უნდოდა კოოპერატივს “წიქარა”, თუმცა მას შემდეგ, რაც ყველა ხარჯი დათვალა, განცხადება აღარ შეუტანია.
“რა ნაკვეთებიც გაგვაჩნია, ბევრი გასაფორმებელია და სერიოზული შეფერხებებია: საარქივო წიგნების ჩანაწერები ზოგი დაკარგულია, ზოგი განადგურებული. 2 კვირის წინ დავამთავრე ერთი ნაკვეთის გაფორმება. 1 ჰა მაქვს საერთო ჯამში და მეწერა 2.5 ჰა, ალბათ სხვისი ნაკვეთები, გაორებებია. თითო ჩასწორებაზე 50 ლარი გადამახდევინეს რეესტრში. გვაქვს ტერიტორიები, სადაც შეგვიძლია გავაშენოთ ჟოლო, კაკალი, თხილი. აქაც ვაწყდებით დენის მიყვანისა და წყლის ჭაბურღილების პრობლემას, დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ვთქვათ, ერთ ჰა-ზე მინდა ბაღის გაშენება, მაქვს ელექტროენერგიაც და წყალიც, შემდეგ უკვე ჩვენი თანამონაწილეობა იმდენია, კერძოდ რომ მოვიძიოთ ნერგები, იმავე თანხაში ვეტევით, კერძოდ მოძიებული სავაჭრო თემაა, უფრო იაფადაც შეგვიძლია ვიშოვოთ და სამაგიეროდ, არ გვიწვეს წვალება ამ პროექტებზე”,- ამბობს ფსუტური.
პროექტი “დანერგე მომავალი” სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ინტენსიური და ნახევრადინტენსიური ბაღებისა და სანერგე მეურნეობების გასაშენებლად 2015 წელს დაიწყო. ბაღების კომპონენტის ფარგლებში სახელმწიფო შესაძენი ნერგების ღირებულების მაქსმიმუმ 70%-ს იხდის, დადგენილია თითოეულ ნერგზე თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა. ასევე, ფინანსდება სარწყავი სისტემის მოწყობის ღირებულების მაქსიმუმ 50%, მაგრამ არაუმეტეს 2 500 ლარისა 1ჰა-ზე. სანერგე მეურნეობის მოწყობის შემთხვევაში კი თანადაფინანსების მოცულობა პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%-ს შეადგენს.
“პროექტში მონაწილე ყველა სანერგე მეურნეობა ჩვენი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლობის მიერ შეირჩა. როდესაც ბენეფიციარები ამბობენ, რომ მათ იციან კონკრეტული სანერგე მეურნეობა, სადაც სურთ ნერგების შეძენა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მიავლენს თავის წარმომადგენლებს და თუ იქ დაცულია ყველა პირობა, რის მიხედვითაც უნდა იწარმოებოდეს ნერგი, ისინი ხვდებიან კვალიფიციურ სანერგე მეურნეობათა სიაში. ნერგი შესწავლილი უნდა იყოს, ეს ბენეფიციარისთვისაც მნიშვნელოვანია, ინვესტიციას დღეს ახორციელებს და შედეგი 5-6 წლის შემდეგ იქნება. ცალკე კომპონენტად გვაქვს სანერგე მეურნეობების დაფინანსება, გვინდა ეს როგორც ბიზნესი განვითარდეს, რადგან საქართველოში არ არის განვითარებული და მნიშვნელოვან ინვესტიციებთანაა დაკავშირებული”,- ამბობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე მამუკა კვარაცხელია.
პროექტის დაწყებიდან დღემდე ბაღების კომპონენტში დაფინანსდა 117 მეწარმე და სულ 4 მილიონ 400 ათასი ლარი გაიცა (დაფინანსებულ კულტურებს შორის წამყვან ადგილს კაკალი და ვაშლი იკავებს), სანერგე მეურნეობის მოწყობაზე კი მხოლოდ 4 განცხადებაა განხილვაში. სწორედ სანერგე მეურნეობის განვითარებას ცდილობს ზემო ნიქოზში გიორგი მჭედლიძე, რომლის მეურნეობაც ჯერ ვერ მოხვდა სამთავრობო პროგრამაში. eugeorgia.info-სთან ინტერვიუში მეწარმე საქმიანობის დამაბრკოლებელ მიზეზებს შორის “იაფი კრედიტის” ხელმიუწვდომლობასაც ასახელებს და ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში კონფლიქტისპირა სოფლებშია, სადაც რისკის ფაქტორი მაღალია და საფინანსო ინსტიტუტები სესხის გაცემაზე არ თანხმდებიან.
რეგიონებში მეწარმეების პრობლემების შესწავლის შედეგად წარმოების დამაბრკოლებელი შემდეგი მიზეზები გამოიკვეთა:
- რთულია კომპეტენტური და დროული პასუხის მიღება საჯარო უწყებებიდან- ხშირია სცენარი, როდესაც ერთი უწყებიდან მეორეში აგზავნიან და პირიქით, რაც მეწარმეების დროის კარგვასთან ერთად წარმოების პროცესსაც აფერხებს.
- ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ინვესტორისადმი გულგრილი დამოკიდებულება
- სამთავრობო დახმარების პროგრამებში მონაწილეობას აფერხებს ის ფაქტორები, რომ მიწის 70% დაურეგისტრირებელია და ბევრ სოფელში საირიგაციო სისტემა საერთოდ არ არსებობს.
- “იაფი ფული” ანუ კრედიტის ხელმისაწვდომობა მეწარმეების მხრიდან ერთხმად სახელდება წარმოების შეფერხების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად.
მაიკო გაბულდანი