ქართული წარმოების მინის ბოთლები იტალიაში გაიყიდება
ქსნის მინის ტარის ქარხანამ მსხვილ იტალიურ კონცერნ „Societa di Santa Aerallba“-სთან ბოთლების მიწოდებაზე კონტრაქტი გააფორმა. კონცერნი, ძირითადად, მინერალური წყლების ჩამოსხმითაა დაკავებული.
ხარისხის მონიტორინგისთვის იტალიელ ექსპერტთა ჯგუფი ქართულ საწარმოს საგანგებოდ ესტუმრა.საწყის ეტაპზე, ევროპაში 25 მილიონი ბოთლის ტრანსპორტირება იგეგმება, მომავალში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ იტალიაში ექსპორტისთვის საგანგებო ფორმის, მასალისა და ფერის 13 სახეობის ბოთლი ექსკლუზიურად დამზადდა. მინის ნაწარმის დიზაინზე როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი პროფესიონალები მუშაობდნენ. ეკონომიკის მინისტრის მოდგილის, ქეთევან ბოჭორიშვილის, განცხადებით, მინის ბოთლების ექსპორტირების შესაძლებლობა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მიეცა.
კომპანია „მინის“ პროდუქცია ექსპორტზე თურქეთსა და აზერბაიჯანშიც გადის. საწარმო, სადაც 280 ადამიანია დასაქმებული, შიდა და საერთაშორისო ბაზრებისთვის 60 ტონა პროდუქციას აწარმოებს.