ტურიზმის ახალი სტატისტიკა: ჩინელებმა, ამერიკელებმა და ბრიტანელებმა მოგზაურობაზე ხარჯები გაზარდეს, რუსებმა კი -შეამცირეს
საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 2015 წელს 2014 წელთან შედარებით 4,4%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს, 1 მილიარდ 184 მილიონს მიაღწია, - სტატისტიკური ინფორმაცია გაეროს ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა.
„საერთაშორისო ტურიზმი ახალ მწვერვალებს იპყრობს. ამ სექტორის სწრაფი განვითარება მსოფლიოს ცალკეულ რეგიონებში ეკონომიკურმა ზრდამ და სამუშაო ადგილების შექმნამ განაპირობა. ეს ყურადსაღები ინფორმაციაა ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ტურიზმის ზრდაზე, მათ შორის, მოგზაურობის გამარტივებაზე, ადამიანური რესურსებისა და მდგრად განვითარებაზე“, - განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, თალებ რიფაიმ.
როგორც რიფაიმ აღნიშნა, ტურისტულ სექტორში მოთხოვნა მაღალი იყო, ვალუტების კურსის რყევების, ასევე ნავთობსა და სხვა საბირჟო პროდუქტებზე ფასების მკვეთრი დაცემის მიუხედავად.
საერთაშორისო ტურისტების რაოდენობის ყველაზე მაღალი ზრდით (5%-ით) რეგიონებს შორის ევროპა, ამერიკა და აზია-წყნარი ოკეანეთი გამოირჩეოდა, 3-3%-იანი ზრდა დაფიქსირდა ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში.
რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებიც ტურისტების წყაროს წარმოადგენენ და ამ კუთხით ყველაზე მეტს ხარჯავენ, პირველ ადგილზე ჩინეთია. ამ ქვეყანაში ტურისტული ხარჯების ზრდა 2004 წლიდან ყოველწლიურად ორნიშნა ციფრს შეადგენს; თუმცა, ჩინელებისთვის დანიშნულების ძირითადი ადგილი იაპონია, ტაილანდი, აშშ და ევროპაა.
მოგზაურობის მოყვარული ტრადიციული ქვეყნები - რუსეთი და ბრაზილია - ეკონომიკური სიდუხჭირის და რუბლის გაუფასურების გამო გასულ წელს აქტიურობით არ გამოირჩეოდნენ.
სამაგიეროდ, 9%-ით გაიზარდა ტურისტული ხარჯები აშშ-ში (ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს), 6%-ით კი - დიდ ბრიტანეთში. შედარებით მცირე იყო - გერმანიაში, იტალიასა და ავსტრალიაში (+2%).
საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზით, პოზიტიური ტენდენცია ტურიზმის სფეროში წელსაც შენარჩუნდება, მოგზაურთა რაოდენობა 4%-ით გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ საქართველოში შარშან 2014 წელთან შედარებით 2,2 %-ით მოიმატა და 2,3 მილიონი შეადგინა. ვიზიტორთა ტოპ სამეულში კი ტრადიციულად სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი მოხვდა.