ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა იზრდება, დსთ-სთან კი - მცირდება
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 2014 წელთან შედარებით 6%-ით გაიზარდა და 3 მილიარდ 165 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან, ექსპორტის მოცულობამ 4%-ით მოიმატა და 646 მილიონი დოლარით განისაზღვრა, ხოლო იმპორტმა - 6%-ით და 2 მილიარდ 518 მილიონი დოლარი შეადგინა.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის წილი ერთ წელიწადში 26%-დან 32%-მდე გაიზარდა.
საწინააღმდეგო ტენდენცია დაფიქსირდა დსთ-ის ქვეყნებთან ვაჭრობაში, რომლის ბრუნვამ ერთ წელიწადში 22%-ით მოიკლო და 2 მილიარდ 808 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან, ექსპორტი შემცირდა 43%-ით, 840 მილიონ დოლარამდე, ხოლო იმპორტი - 7%-ით, 1 მილიარდ 968 მილიონ დოლარამდე. შესაბამისად, დსთ-ის ქვეყნების წილმა სავაჭრო ბრუნვაში 31%-იდან 28 %-მდე იკლო.
ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი მოცულობით ექსპორტი ბულგარეთში გადის (214 მილიონი დოლარი), მეორე ადგილზე გერმანიაა (76 მილიონი დოლარი), შემდეგ ადგილებს კი იტალია (74 მილიონი დოლარი), ნიდერლანდები (44 მილიონი დოლარი) და ესპანეთი (42 მილიონი დოლარი) ინაწილებენ. რაც შეეხება იმპორტს, ამ მხრივ ლიდერობენ: ირლანდია (456 მილიონი დოლარი), გერმანია (431 მილიონი დოლარი), რუმინეთი (207 მილიონი დოლარი), იტალია (196 მილიონი დოლარი) და ბულგარეთი (168 მილიონი დოლარი).
საქართველოსთვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი კი კვლავ თურქეთია, სადაც 2015 წელს 2014 წელთან შედარებით ექსპორტმა 22%-ით მოიკლო და 186 მილიონი დოლარით განისაზღვრა, ხოლო იმპორტმა კი - 23%-ით (1 მილიარდ 331 მილიონი დოლარი).
მეორე ადგილზე რუსეთია, სადაც ექპორტის კლებამ 41% შეადგინა (163 მილიონი დოლარი), ხოლო იმპორტმა კი, პირიქით, 9%-ით მოიმატა და 626 მილიონი დოლარით განისაზღვრა.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, ექსპორტი მეზობელ ქვეყანაში ერთ წელიწადში განახევრდა და 240 მილიონი დოლარი შეადგინა. იმპორტი 15%-ით შემცირდა, 543 მილიონ დოლარამდე.
სულ საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2015 წელს წინა წელთან შედარებით 13%-ით შემცირდა და 9 მილიარდ 928 მილიონი დოლარი შეადგინა, აქედან ექსპორტი - 23%-ით, 2 მილიარდ 204 მილიონ დოლარამდე, ხოლო იმპორტი - 10%-ით, 7 მილიარდ 724 მილიონ დოლარამდე. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა ბრუნვის 56% შეადგინა (2014 წელთან შედარებით 6%-ით გაუარესდა).