რიგის ლაბორატორიაში ქართულმა თაფლმა გაუმჯობესებული შედეგები აჩვენა
თაფლის გაზრდილი მოხმარებისა და შიდა წარმოების შემცირების გამო დღეს ევროკავშირი ვერ აკმაყოფილებს ადგილობრივ მოთხოვნას და მოხმარებული თაფლის დაახლოებით 40%-ს სხვა ქვეყნებიდან ყიდულობს. მომდევნო 5 წლის განმავლობაში ევროპაში იმპორტის ზრდას ელოდებიან. რამდენიმე თვის წინ სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებდა, რომ ქართული თაფლი თებერვლიდან შეძლებდა ევროკავშირის ბაზარზე გასვლას, თუმცა სურსათის უვნებლობის სფეროში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ამ თარიღმა, შესაძლოა, 1 წლით კიდევ გადაიწიოს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რიგის ლაბორატორიაში გაგზავნილი თაფლის ბოლო სინჯების პასუხები რამდენიმე კვირის წინ მიიღო. 104 ნიმუშიდან 20-ში კვლავ აღმოჩნდა ანტიბიოტიკების ნარჩენები. წინა მონაცემთან შედარებით მაჩვენებელი გაუმჯობესებულია (2014 წელს გაგზავნილი 103 სინჯიდან 32 იყო დაბინძურებული), თუმცა ევროპისთვის, სადაც უვნებლობის პარამეტრებს დიდ ყურადღებას აქცევენ, დამაკმაყოფილებელი მაინც არ არის.
“ევროკავშირი აფასებს, როგორია ზოგადი ტენდენცია, ქვეყანაში სურსათის უვნებლობის კუთხით რამდენად მდგარდია სიტუაცია, საუბარია კონტროლის სისტემაზე, მათ შორის ვეტერინარული პრეპარატების მიმოქცევაზე, ასევე, ნარჩენების მონიტორინგის გეგმაზე, ჩვენ ახლა ვმუშაობთ ამაზე და უახლოეს მომავალში, 1-1.5 თვის განმავლობაში, წარვუდგენთ კვლევის შედეგებსა და მომავალი წლის გეგმას და კიდევ გვექნება მცდელობა, რომ ევროკავშირმა შეგვიყვანოს მესამე ქვეყნების ოფიციალურ ჩამონათვალში”,-ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა სოხაძე.
ევროკავშირის კანონმდებლობით, აკრძალულია იმპორტი ქვეყნიდან თუ ის არ შედის ე.წ. მესამე ქვეყნების სიაში. აღნიშნულ სიაში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას აქვს თაფლის ხარისხის შესაბამისი კონტროლის/შემოწმების სისტემა, რაც ერთგვარი გარანტია იმისა, რომ ამ ქვეყნიდან იმპორტირებულ თაფლში არ იქნება რომელიმე აკრძალული ნარჩენი და ვეტერინარული პრეპარატი.
ევროპაში კომერციული ბიზნესპარტნიორი უკვე იპოვნა თაფლის მწარმოებელმა “ბრეტი”. გიორგი კეპაშვილმა მემორანდუმი ჰოლანდიელებთან გააფორმა, რომლებიც მყიდველების მოძიებაში დაეხმარებიან, თუმცა როგორც მეფუტკრეთა გილდიის თავმჯდომარემ eugeorgia.info-სთან საუბრისას აღნიშნა, რეფორმების ტემპი ძალიან ნელია და რეალური მყიდველის გამოჩენის შემთხვევაში, მაინც ვერ შეძლებს წელს თაფლის ევროკავშირში გატანას.
“ხვალ რომ დამირეკოს და მითხრას- გამოჩნდა მყიდველი და 10 ტონა უნდაო- ხომ ვერ მივცემ?! ვერ მივიღებ სერტიფიკატს, ქვეყანა ”მესამე ქვეყნების სიაში” არ არის. დღეს რომ მქონდეს ISO და HACCP, მაინც ვერ გავიტან. როდესაც მეფუტკრე მუშაობს საფუტკრეში ეს არის პირველადი წარმოება, ის ქმნის ნედლეულს, რომელიც შემდეგ გადამუშავდება სამრეწველო ქსელში, პირველი რიგში, ქვეყანაში უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რომ პირველად წარმოებაში იწარმოებოდეს ნედლეული, რომლის შემდგომი გადამუშავების პროცესში მივიღებთ პროდუქციას, რომელიც დააკმაყოფილებს თაფლის ტექნიკურ რეგლამენტს და საქართველო იქნება აღიარებული, როგორც ამ პროდუქტის მიმწოდებელი ქვეყანა და მეორე- შიდა კონტროლი და ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორია იქნება მაღალ დონეზე, ამისთვის კი საჭროა ვასწავლოთ მეფუტკრეებსა და ლაბორატორიის თანამშრომლებს. ვფიქრობ, წელს გატანა გამორიცხულია, მინისტრი იძახის თებერვალშიო და თებერვალი გადის უკვე”,- ამბობს კეპაშვილი.
სოფლის მეურნეობის ლაბორატორიამ 2015 წელს თაფლის შესამოწმებლად 20-მდე მეთოდი დანერგა, როგორც მძიმე და ტოქსიკური ელემენტების, ასევე პესტიციდებისა და ანტიბიოტიკების ნარჩენების დასადგენად. რამდენიმე კვირის წინ ლაბორატორიას საერთაშორისო მააკრედიტებელი ორგანოს ANAB-ის სპეციალისტები სტუმრობდნენ, რომელთაც შეისწავლეს რამდენად პასუხობს ლაბორატორიაში ახლად დანერგილი მეთოდები საერთაშორისო სტანდარტს. საბოლოო შეფასების შემდეგ კვლევის 20-მდე მეთოდი ლაბორატორიის სააკრედიტაციო სფეროს დაემატება და მეწარმეებს შეეძლებათ თაფლში მძიმე და ტოქსიკური ელემენტების, ასევე პესტიციდებისა და ანტიბიოტიკების ნარჩენები შეამოწმონ.სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი გულედანის განცხადებით, ამ პროცესს რამდენიმე კვირა დასჭირდება.
“დავნერგეთ ისეთი მეთოდები, რომლებიც პირველ რიგში მოწმდება ევროპული ბაზრისთვის. მაგალითად, ანტბიოტიკები, რომელთა ქართულ თაფლში მოხვედრის რისკებიც არსებობს... ევრორეგულაციები იმდენად ყოვლისმომცველია უვნებლობის პარამეტრებში, რომ ეს 20-მდე მეთოდი ზღვაში წვეთია. რამდენიმე კვირაში ჩვენი აკრედიტაციის სფეროში ეს ახალი მეთოდებიც ჩაიდება და საჭირო იქნება სპეციალისტების ისევ გადამზადება... შემოწმება იყოფა ორ მიმართულებად: ხარისხობრივი მაჩვენებელი და უვნებლობის პარამეტრები.ევროპის ბაზარი ძირითადად აკონტროლებს უვნებლობის პარამეტრებს. ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს ხარისხის მაჩვენებელებს, უვნებლობის პარამეტრებზე ახალი დადგენილება მიღებულია და 1 ივლისს ამოქმედდება, რომელიც თაფლის ნაწილობრივ პარამეტრებს დაარეგულირებს, მაგ. პესტიციდებს. უვნებლობის პარამეტრები სხვადასხვა რეგულაციაშია მოქცეული და ჩვენც ეტაპობრივად დავნერგავთ ახალ მეთოდებს“,- ამბობს ირაკლი გულედანი.
ევროკავშირში განსაკუთრებით კონტროლდება ნარჩენების შემცველობა, ევრორეგულაციებით დადგენილია ნარჩენების მაქსიმალური დასაშვები დონეები ვეტერინარული პრეპარატების გამოყენების დროს.
ნარჩენები | მაქსიმალური დასაშვები დონე |
ქლორამფენიკოლი -ლევომიცეტინი ქლოროფორმი კოლხიცინი დაპზონი დიმეტრიდაზოლი ფლუმეტრინი მეტრონიდაზოლი ნიტროფურანები (მათ შორის ფურაზოლიდინი) მჟაუნმჟავები რონიდაზოლი |
0 0 0 0 0 0 0
0 |
ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ევროკავშირმა გარკვეული სახის პესტიციდებიც აკრძალა (კლოტიანიდინი, იმიდაკლოპრიდი და ტიამეტოქსამი). ეს გადაწყვეტილება ვრცელდება იმ მცენარეებსა და მარცვლეულ კულტურზე, რომელიც ფუტკრებსა და სხვა პოლინატორებს იზიდავს. თაფლის წარმოების ქვეყანაში ნარჩენების მონიტორინგის მკაცრი სისტემები მნიშვნელოვან როლს თამაშობს თაფლის პოზიტიური იმიჯის შენარჩუნებაში.
სანამ საქართველოში შესაძლებელი იქნება ყველა ნარჩენის შემოწმება, რასაც ევროკავშირი ითხოვს, სურსათის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა სავაჭრო ქსელიდან აღებული თაფლის სინჯებს რიგაში გზავნის. რიგის ლაბორატორიაში ბოლოს გაგზავნილი 104 ნიმუში 4 ჯგუფ ანტიბიოტიკებზე შემოწმდა (თითოეულ ჯგუფში 8-10 დასახელებაა). ნიმუშებს შორის იყო კოოპერატივის “საჩვენებელი საფუტკრე” წარმოებული თაფლის სინჯიც, რომელშიც ანტიბიოტიკის ნარჩენები არ აღმოჩნდა. კოოპერატივის თავმჯდომარე რომანოზ ოქრომელიძის თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ მეფუტკრეებმა კარგად არ იციან -როდის, რა ოდენობის და რა ანტიბიოტიკი უნდა გამოიყენონ, ამასთან, არ კონტროლდება ქვეყანაში ვეტერინარული პრეპარატების მიმოქცევა.
“არ შეიძლება ძველებური მეტალის საწური, რომელიც მძიმე მეტალებს შეიცავს, რაც გადმოდის თაფლში. ადრე ალუმინის ბალონებში ინახავდნენ, რაც ასევე არ შეიძლება, ჩვენ მინის ჭურჭელს ვიყენებთ. ბევრი მირჩევს ანტიბიოტიკების მიცემას, არ არის ფუკტარი დაავადებული და რატომ უნდა მივცე ანტიბოტიკი, ის მერე ხომ გამოვა თაფლში?!. ფუტკარს ტკიპი უჩნდება და ამიტომ ყოველთვის სჭირდება ტკიპზე შეწამვლა, მაგრამ ბევრი ფალსიფიცირებული წამალი შემოდის, შარშან შევიძინეთ ფუტკარი, რომელიც უკვე შეწამლული იყო ტკიპზე, ვისაგანც ვიყიდეთ, იმან გვაჩვენა აფთიაქში ნაყიდი ამპულები, რითაც შეწამლა ანუ ტკიპის საშიშროება აღარ უნდა ყოფილიყო, შემოდგომაზე, როცა თაფლი ავიღეთ, ვნახეთ რომ ფუტკარს საშინლად მოედო ტკიპი, ანუ აღმოჩნდა, რომ წამალი იყო ფალსიფიცირებული, არ იმოქმედა ტკიპზე. ზოგი მეფუტკრე პროფილაქტიკის მიზნით აძლევს, არ იციან ზომები”,-ამბობს ოქრომელიძე.
მეფუტკეთა გილდიის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ მთავარი გამოსავალი საფუტკრე მეურნეობების პასპორტიზაციაა, რაც ხელისუფლებას არსებული პრობლემების იდენტიფიცრებსა და დარგის მართვაში დაეხმარება.
“სურსათის ეროვნული სააგენტო მეფუტკრეებს ყოველ წელს ეუბნება, რომელი პრეპარატებია აკრძალული, რა წესები უნდა დაიცვან, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა იცოდეს რა ხდება ამ დარგში. თუ პასპორტიზაცია მოხდება, მეცოდინება დისლოკაცია, ყველა საფუტკრე მეურნეობაში ვეტერინარული მდგომარეობა. როცა თითოეული მეურნეობა იქნება პასპორტიზირებული და მოხდება ვეტერინარული კონტროლი-სამკურნალო პრეპარატების ბრუნვის კონტროლი- ვინ შეიმოიტანა, ვინ ყიდის, როდესაც მეფუტკრეს ვასწავლით, როგორი პრეპარატი იყიდოს, ინსტრუქცია როგორ დაიცვას, მხოლოდ ამ შემთხვევაში დადგება შედეგი”,- ამბობს კეპაშვილი.
მეფუტკრეებში ცოდნის პრობლემას სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც აღიარებენ. სამინისტრო მარტიდან რეგიონებში საინფორმაციო ტრენინგს იწყებს. პირველი შეხვედრა სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდსა და მარტვილში გაიმართება. პროექტის ორგანიზატორი ქეთი ლაცაბიძის განცხადებით, ტრენინგში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ჩაერთვებიან და თავიანთი პროფილის მიხედვით მიაწვდიან მეფუტკრეებს საჭირო ინფორმაციას.
“ექნება ინფორმაციის გადაცემის ფორმატი, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ლაბორატორიის თანამშრომლები წარადგენენ პრეზენტაციებს. პროგრამა გავრცელდება იმ მეფუტკრეებზე, ვინც ისარგებლა კოოპერტივივების გაცემული სკებით და ასევე მათზე, ვინც დარეგისტრირებულია სოფლის მეურნეობის კოოპერატივად. თუ საყოველთაო პროგრამას გამოვაცხადებთ, რაოდენობა ძალიან დიდი იქნება, ამიტომ ამ ეტაპზე ეს სეგმენტი შევარჩიეთ, მაგრამ თუ ვინმეს დასწრების სურვილი აქვს, რასაკვირველია, შეუძლია”,-ამბობს ლაცაბიძე.
თაფლი და ევროპის ბაზარი
ევროკავშირში თაფლის მწარმოებელი ბიზნესოპერატორებისთვის ერთ-ერთი მოთხოვნაა HACCP-ის პრინციპების დანერგვა, სერთიფიკატის ქონა არ არის სავალდებულო. თუმცა, შესაძლოა, ევროპულ კომპანიებს დამატებითი მოთხოვნები ჰქონდეთ, რაც კანონმდებლობაში არ არის აღნიშნული.
---HACCP-თან ერთად, შესაძლოა, მოითხოვონ სურსათის უვნებლობის მართვის უფრო მკაცრი სისტემა, ISO 22000, BRC და IFS.
---არაგენმოდიფიცირებული სურსათის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
---სერტიფიკატი ჰალალისა (ნებადართული საკვები იუდაიზმში) და კოშერისთვის (ნებადართული საკვები ისლამში):იმის დასამტკიცებლად, რომ თაფლი არ შეიცავს ინგრედიენტებს, რაც შეუთავსებელია ჰალალისა და კოშერის პროდუქტებისთვის, ამისთვის ბევრი ითხოვს რელიგიურ შემოწმებას და სერტიფიკატს.
---ორგანული სერტიფიკატი:ორგანული თაფლი ევროპაში ბაზრის მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს. იმპორტიორები ითხოვენ შესაბამის სერტიფიკატსაც. მთავარი მოთხოვნები ორგანული მეფუტრკეობისთვის:
- სკები განლაგებული უნდა იყოს ისეთ ადგილას, რომელიც ქიმიკატებით დაბინძურებული არ არის და 3 კილომეტრითაა დაშორებული ინდუსტრიული კომპლექსებიდან, აერპორტებიდან ან მთავარი მაგისტრალებიდან.
- ფუტკრების საკვები მარცველული კულტურა არ უნდა იყოს ქიმიურად დამუშავებული.
- ფუტკრის ხელოვნურ საკვებს უნდა ჰქონდეს ორგანული სერტიფიკატი
- დაავადებების მკურნალობის დროს მეფუტკრემ უნდა გამოიყენოს მხოლოდ დადასტურებული ორგანული სუბსტანციები.
- სკა დამზადებული უნდა იყოს ბუნებრივი მასალებისგან.
საინტერესო ბაზრები ახალი მიმწოდებლებისთვის:
ევროკავშირი მსოფლიოში თაფლის მოხმარებით პირველზე, წარმოებით კი მეორე ადგილზეა. გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ბაზრები ინაწილებს თაფლის მთლიანი იმპორტის დაახლოებით 50%-ს. იმპორტი იზრდება ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებშიც. ეს ტენდენცია უკავშირდება უკრაინული თაფლის ექსპორტის რუსეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში გადატანას. ევროკავშირს საბაჟო გადასახადის გარეშე უკრაინიდან 5 ათასი ტონა თაფლის მიღება შეუძლია. გეოგრაფიული სიახლოვის გათვალისწინებით, უკრაინული ექსპორტი, ძირითადად, მიმართულია პოლონეთის, რუმინეთისა და ბულგარეთისკენ. 2010-2014 წლებში განვითარებადი ქვეყნებიდან თაფლის იმპორტი განსაკუთრებით გაიზარდა და 178 ათას ტონას (€ 357 მლნ) მიაღწია, რაც ევროკავშირში მთლიანი იმპორტის 48%-ია.
ხარისხთან დაკავშირებული შენიშვნების მიუხედავად, ჩინეთი რჩება ევროკავშირისთვის ყველაზე მსხვილ მიმწოდებლად. ჩინეთს ყოველწლიურად 83 ათას ტონაზე მეტი თაფლი შეაქვს, რაც მთლიანი იმპორტის 26%-ია. ჩინური თაფლის მიწოდება სტაბილურია, ფასები კი დაბალი, იაფი მუშა ხელის გამო. განვითარებადი ქვეყნებიდან სხვა მიმწოდებლებს შორის არიან: მექსიკა (8%), არგენტინა (3%) და ტაილანდი (2%). ბოლო პერიოდამდე, არგენტინა იყო თაფლის ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელი ევროკავშირში, 2010 წლამდე კი-სიდიდით მეორე. თუმცა ცუდმა კლიმატურმა პირობებმა და არგენტინულ თაფლში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების არსებობამ შეამცირა მისი მოხმარება ევროპაში.
ევროპაში თაფლის იმპორტის ზრდა, ძირითადად, უკავშირდება წარმოების შემცირებას გერმანიასა და ესპანეთში. წარმოება დაეცა ევროპაში თაფლის მთავარ მწარმოებელ ქვეყნებშიც: რუმინეთი, უნგრეთი და პოლონეთი. წარმოების დაცემა ფუტკრების დაავადებებსა და სოფლის მეურნეობაში ქიმიკატების ინტენსიურ გამოყენებას უკავშრდება, რაც ფუტკრების სიკვდილიანობას იწვევს. პესტიციდების მზარდი მოხმარების გამო დღესაც არსებობს ფუტკრების განადგურების საფრთხე.
დღეს თაფლისთვის ყველაზე დიდი ბაზარი დასავლეთ ევროპაშია, ეს ქვეყნები განვითარებად ქვეყნებს ასევე სთავზობს შესაძლებლობას დაიკავონ სანიშე ბაზარი, როგორიცაა, ორგანული თაფლი. როგორც eugeorgia.info-თან საუბრისას ჰოლანდიის სამეფო ინდუსტრიული კლუბის წარმომადგენელმა ჰელენ ოვერ დე ლინდენმა აღნიშნა, სწორი მარკეტინგითა და კრეატიული შეფუთვით ქართულ თაფლს შეუძლია თავისი გემოვნური თვისებებითა და ხარისხობრივი მაჩვენებლებით დააინტერესოს ევროპელი მოხმარებელი, რომელიც მზადაა განსხვავებული გემოსა და ხარისხის პროდუქტში შედარებით მეტი გადაიხადოს.
მაიკო გაბულდანი