„ვინც კარგ ფასად მოგვაწვდის გაზს, მასზე შევაჩერებთ არჩევანს” - „რუსთავის აზოტი“ ყაზახმა და რუსმა კონკურენტებმა შეავიწროვეს
სასუქების ექსპორტი ერთ წელიწადში 28 მილიონი დოლარით შემცირდა
აზოტოვანი სასუქების იმპორტი საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში 4,5-ჯერ გაიზარდა და 19,3 ათასი ტონა შეადგინა, ღირებულებით გამოხატულებაში კი- 3,5-ჯერ მოიმატა და 6,8 მლნ დოლარს მიაღწია.
სასუქების იმპორტი გაიზარდა, ძირთადად, ორი ქვეყნიდან - ყაზახეთსა (0,5 ათასი ტონიდან 7 ათას ტონამდე) და რუსეთიდან (0-დან 3,4 ათასი ტონამდე).
როგორც ადგილობრივი მწარმოებლის „რუსთავის აზოტის“ მეჯემენტი აცხადებს, კონკურენტებმა შედარებით დაბალი ფასით დაჯაბნეს: გასულ წელს ერთი ტომარა ქართული წარმოების ამონიუმის გვარჯილა 42-45 ლარი ღირდა, უცხოურის კი - 33 ლარი.ფასთა სხვაობა ძვირმა ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. ყაზახეთიც და რუსეთიც გაზს თავად აწარმოებს, რასაც გვარჯილის თვითიღირებულებაში 65% უკავია.
„სხვა ინდუსტრიისგან განსხვავებით ჩვენთვის ბუნებრივი აირი - ნედლეულია. გაზი ქიმიური პროცესების შედეგად ჯერ ამიაკად გარდაიქმნება, მისგან კი სასუქები იწარმოება. ჩვენი კომპანია წელიწადში 270 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს. მთელ მსოფლიოში ენერგომატარებლებზე ფასები დაბლა მოდის, თუმცა, ჩვენი მომწოდებლისგან - „სოკარისგან“ - გაზს ისევ ძველი ტარიფებით ვიღებთ“- განუცხადეს eugeorgia.info-ს კომპანიაში.
“რუსთავის აზოტს“ აქამდე გვარჯილის ადგილობრივ ბაზარზე 80% ეკავა, თუმცა, იაფფასიანი იმპორტის შედეგად წილი 50%-მდე შეუმცირდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კონკურენტები აქტიურ აგრესიულ მარკეტინგულ კამპანიასაც ახორციელებენ.
„ფერმერებს სერვისცენტრებში ეუბნებიან, რომ ყაზახური სასუქი ქართულს სჯობს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ქართული გვარჯილის ნიტრატის კონცენტრაცია 34,5%-ია, ხოლო ყაზახურში კი - 32%. ჩვენი პროდუქციის ძირითადი ნაწილი - 90% - ექსპორტზე ისეთ ქვეყნებში გადის, სადაც ხარისხზე განსაკუთრებული მოთხოვნაა,მაგალითად, აშშ-სა და ევროკავშირში. ვფლობთ სპეციალურ საერთაშორისო სერთიფიკატს - RЕАCH-ს. ყაზახეთში კი, პირიქით, მოძველებული ტექნოლოგიები აქვთ, არ აკმაყოფილებენ სტანდარტებს, არ აქვთ სერთიფიკატი, შესაბამისად, ისღა დარჩენიათ, ჩვენნაირ ქვეყნებში შემოიტანონ პროდუქცია, სადაც ხარისხს ევროპული სტანდარტების მიხედვით არავინ ამოწმებს“, - აცხადებენ „რუსთავის აზოტში“.
მენეჯმენტის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ვალდებულია, თავისი კანონმდებლობა, ხარისხის უზრუნველყოფაზე რეგულაციები და სტანდატები ევროპულს მიუახლოვოს, თუმცა, ეს საკმაოდ გრძელვადიანი და შრომატევადი პროცესია.
„როგორც ვიცით , სავარაუდოდ, ამ პროცესს ხუთი წელი მაინც დასჭირდება“, - ვარაუდობენ კომპანიაში.
ვიდრე მთავრობა შესაბამის კანონმდებლობას შეიმუშავებს, „რუსთავის აზოტმა“ მოგების მარჟა მაქსიმალურად შეიმცირა და ადგილობრივი ბაზრის შენარჩუნებისთვის საგაზაფხულოდ ამონიუმის გვარჯილაზე ფასი 33 ლარამდე დასწია. ამავე დროს მოლაპარაკებებს „სოკართან“გაზის გაიაფებაზე , ხოლო ალტერნატიული წყაროს მოძიებაზე - „გაზპრომთან“ აწარმოებს.
„ვინც კარგ ფასად მოგვაწვდის ბუნებრივ აირს, მასზე შევაჩერებთ არჩევანს. სხვა გზა არ გვაქვს, პრობლემებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკვე ექსპორტზეც ვაწყდებით, რომელიც ჩვენი ძირითადი ბაზარია. სასუქებზე ფასები ყველგან მცირდება“, - აღნიშნავენ კომპანიაში.
საქსტატის ინფორმაციით, აზოტოვანი სასუქების ექსპორტი 2015 წელს წინა წელთან შედარებით 10 ათასი ტონით (3%-ით) შემცირდა და 454 ათასი ტონა შეადგინა, თუმცა, კლება გაცილებით მასშტაბური აღმოჩნდა ღირებულებით გამოხატულებაში: 28 მილიონი დოლარით, ანუ, 30%-ით შემცირდა და 110 მლნ დოლარი შეადგინა.
ბელა ნოზაძე