მოლდოვისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების გადაწყვეტილებას რუსეთი აბრკოლებდა
“სოციალისტები, რომელთა უკანაც რუსები იდგნენ, ცდილობდნენ შეეფერხებინათ მოლდოვისთვის უვიზო რეჟიმის დამტკიცების პროცესი”- აცხადებს რუმინეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ევროპის პარლამენტის წევრი მონიკა მაკოვეი. მაკოვეი იხსენებს, როგორ გადაიდო 2014 წლის თებერვალში ევროპარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც კენჭი უნდა ეყარათ ევროკომისიის შეთავაზებისთვის მოლდოვისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე.
“სამშაბათს უნდა გვეყარა კენჭი პლენარულ სესიაზე. ორშაბათს ჩავედი სტრასბურგში, სლოვენიელმა ქალმა, რომელიც სოციალისტური პარტიიდან იყო, მითხრა, რომ ნებისმიერი სახის გართულებას ელოდებოდა, ვკითხე-რამე პრობლემა ხომ არ იყო ხმის მიცემასთან დაკავშირებით, რაზეც მან მიპასუხა, რომ ხუთშაბათამდე გადაიდო განხილვა და, რომ თარგმანთან დაკავშირებით იყო მცირე პრობლემა. მინდა ვთქვა, რომ ვიზის ლიბერალიზაციის ტექსტი ყველა ქვეყნისთვის ერთნაირია, უბრალოდ, იცვლება ქვეყნის სახელწოდება, მაგალითად, მოლდოვის მაგივრად ჩაიწერება საქართველო. თარგმანში შეცდომა ნიშნავს, რომ ჩვენი ხმის ანულირება მოხდებოდა, მერე არის სპეციალური პროცედურა და ხმის მიცემას მხოლოდ აპრილის ბოლოს, პარლამენტის ბოლო სესიაზე შევძლებდით... დამაინტერესა რა იყო თარგმანში შეცდომა, რაც აღმოჩნდა შემდეგი: ინგლისურად ეწერა: “Moldova, Republic of”, რუმინულად კი სხვანაირად იყო ნათარგმნი: “Moldova, republic of-ის” ნაცვლად ეწერა Republica Moldova-ეს იყო შეცდომა, რომელიც გამოსწორდებოდა მხოლოდ სესიების დასრულების შემდეგ, სესიები კი ხუთშაბათს მთავრდებოდა. ეს არ იყო ევროპელების ბრალი, რუსები იდგნენ ამ ყველაფრის უკან. ჩვენ დავწერეთ, რომ ეს იყო ტექნიკური ხარვეზი და არა შეცდომა თარგმანში და ხმა მივეცით თებერვალში. ხშირად ჩავდივარ მოლდოვაში და ვიცი ხალხის დამოკიდებულება ვიზის ლიბერალიზაციისადმი, ყველა დადებითადაა განწყობილი, ბევრი მოლდოველი მუშაობს საზღვარგარეთ, რადგან მოლდოვა ღარიბი ქვეყანაა. მას შემდეგ, რაც მოლდოველებმა ვიზალიბერალიზაცია მიიღეს, ოჯახები გაერთიანდნენ, დედებს, შვილებს შეუძლიათ უპრობლემოდ ნახონ ერთმანეთი, ასევე, ბიზენესისთვისაც დიდი სარგებელია, ეს ყველასთვის იყო ძალიან პოზიტიური ნაბიჯი... ვიცი, რა რთული ვითარებაა მოლოდვაში, იყო პროევროპული კოალიცია, ერთ-ერთმა პარტიამ საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ მისცა ხმა, რომელსაც ოლიგარქი პლახოტნიუკი მართავს და ფულს იღებს რუსეთისგან. კიდევ 2 პარტიაა რუსეთის დაფინანსებით”,- ამბობს მონიკა მაკოვეი.
აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის მოლდოვა იყო პირველი, რომელმაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მიიღო. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდეგ მოლდოვის მოქალაქეებმა სარგებელი მალევე ნახეს.
“უვიზო რეჟიმის მთავარი სარგებელია ის, რომ უფრო ინტენსიური გახდა ბიზნესურთიერთობები, როგორც ხალხს, ასევე კომპანიებს შორის, შემცირდა არალეგალური მიგრაცია და სოციალური კავშირები აღდგა ემიგრანტებსა და მათი ოჯახის წევრებს შორის. ვფიქრობ, უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა ხელს უწყობს ხალხთაშორის კონტაქტს, ისევე, როგორც მოლდოვასა და ევროკავშირს შორის სოციალური თუ კულტურული კავშირების გაღრმავებას”- ამბობს კიშინიოვის მცხოვრები იულია.
“შაბათ-კვირას შეგვიძლია მანქანით გადავიდეთ ევროკავშირის ქვეყნებში საყიდლებზე, სულ რაღაც 2-3 საათი გვჭირდება რუმინეთში ჩასასვლელად, რაც დიდი შეღავათია”,-ამბობს ლუდმილა.
ამასთან ერთად, ვიზის ლიბერალიზაციის მიღებიდან რამდენიმე თვეში, დნესტრისპირეთის ათასობით მცხოვრებმა გააკეთა განაცხადი და მოლდოვის პასპორტის მიღება მოითხოვა.
მოლდოვის სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიამ საბოლოო ანგარიში 2013 წლის 15 ნოემბერს გამოაქვეყნა და ოფიციალური შეთავაზება ევროკავშირის საბჭოსა და პარლამენტის წინაშე 2013 წლის 27 ნოემბერს გაკეთდა. ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ევროკომისიის შეთავაზებას მხარი 2014 წლის 27 თებერვალს დაუჭირა. ამის შემდეგ, ევროკავშირის საბჭომ 2014 წლის 14 მარტს მიიღო გადაწყვეტილება რეგულაცია 539/2001-ში ცვლილების შეტანის თაობაზე, რაც ნიშნავს მესამე ქვეყნის დამატებას უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყნების სიაში. რეგულაციას ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ევროკავშირის საპრეზიდენტო ქვეყნის წარმომადგენელმა ხელი 2014 წლის 3 აპრილს მოაწერეს, რის შემდეგაც ცვლილება გამოქვეყნდა ევროკავშირის ოფიციალურ საკანანომდებლო რეესტრში (EU Official Journal/2014 წლის 8 აპრილი). ცვლილება საკანონმდებლო რეესტრში ოფიციალური გამოქვეყნებიდან 20 დღეში - 2014 წლის 28 აპრილს შევიდა ძალაში. 2014 წლის 28 აპრილიდან მოლდოვის მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში ვიზის გარეშე გადაადგილდებიან.
მაიკო გაბულდანი