ექსპორტიორები ქუთაისის აეროპორტით ტვირთების გადაზიდვას ითხოვენ
ექსპორტიორები ალტერნატიული საჰაერო გადაზიდვების აუცილებლობაზე საუბრობენ.
როგორც კომპანია „ჩარდახის“ დამფუძნებელმა, იაგო ბიტარიშვილმა, eugeorgia.info-ს განუცხადა, საქართველოში ლოჯისტიკა გამართული არ არის, რაც პრობლემებს განსკუთრებით მცირე ექსპორტიორებს უქმნის. მეწარმეებს არ გააჩნიათ დიდი ტვირთები, შესაბამისად, სახმელეთო და სხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალებებით სისტემატურ გადაზიდვებს ვერ ახორციელებენ. გარდა ამისა, გადამზიდავები სავალდებულო ტემპერატურულ რეჟიმს ვერ იცავენ, რასაც მალფუჭებადი პროდუქტებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„ხშირად გვიწევს საჰაერო ტრანსპორტის გამოყენება, რაც საკმაოდ ძვირია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ მიმართულებით ერთადერთი ტერმინალი - „ლასარე“ - მუშაობს, რის გამოც არაკონკურენტუნარიანი გარემო იქმნება“, - აცხადებს ბიტარიშვილი,
ექსპორტიორის თქმით, უპრიანი იქნებოდა, ქუთაისის აეროპორტს კარგოს მომსახურება ჰქონდეს.
„ეს ბიძგს მისცემდა რეგიონში ეკონომიკის გამოცოცხლებასაც. თან იქ დიდი რაოდენობით მწვანილი მოდის, რომელსაც საექსპორტო პოტენციალი აქვს“, - მიიჩნევს იაგო ბიტარიშვილი.
eugeorgia.info დაუკავშირდა ქუთაისის აეროპორტის მენეჯმენტს გასარკვევად, თუ რამდენად შესაძლებელია სატვირთო გადაზიდვების სერვისის დანერგვა. როგორც აეროპორტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი მოლოდინმა განაცხადა, რამდენიმე კომპანიასთან ამ მიმართულებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
„ჩვენ მომხმარებელს დაბალფასიან სამგზავრო გადაზიდვებს ვთავაზობთ, კარგოს შემთხვევაში, ე.წ. low-cost კონცეფცია არ არსებობს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ აეროპორტის მოსაკრებელი შედარებით ნაკლებია, გადაზიდვების ფასზე ეს, ალბათ, მაინც აისახება", - აღნიშნა გიორგი მოლოდინმა.
„რაც შეეხება სატვირთო ტერმინალს, საჭიროა,ზუსტად დადგინდეს მისი მშენებლობის ეკონომიკური მიზანშეწონილობა და ინვესტიციების მოცულობა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკეთესი იქნება, ტერმინალის მშენებლობასა და ოპერირებაში კერძო კომპანიები შემოვიყვანოთ. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ, ჯერჯერობით, დეტალებს ვერ გაგიმხელთ“, - განაცხადა აეროპორტის დირექტორის მოადგილემ.
თუმცა, გიორგი მოლოდინმა ისიც აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გასატანი ტვირთების მოცულობა დიდი არ არის.
„რომ გითხრათ, ხვალ რომ ტერმინალი გვქონდეს, მთლიანად გავავსებდით, სინამდვილე არ იქნება, თუმცა, კარგოს სერვისით ბევრი დაინტერესებული პირი მოგვმართავს“, - განაცხადა ქუთაისის აეროპორტის დირექტორის მოადგილემ.