საქართველო და სოფლის განვითარების ევროპული მოდელი
“საქართველოში სოფელი ღვთისგან მივიწყებული ადგილია. ქართულ სოფლებში ადამიანის ღირსეული ცხოვრებისთვის პირობები არ არის. არ არის გზა, სასმელი წყალი, კანალიზაცია, ნაგავსაყრელი. ბევრი სოფლიდან რაიონულ ცენტრამდე მისვლაც კი პრობლემაა. არ არის ბავშვების სპორტულ წრეებზე ტარების საშუალება. ამიტომაც არის, რომ სოფლები იცლება. წლების წინ იყო სოფლის განვითარების პროგრამები, სადაც ძირითადად ან სასაფლაოებს ღობავდნენ ანდა საქელეხე დარბაზებს აშენებდნენ. სოფლისთვის ახალი სიცოცხლის მიმცემი პროექტები არ კეთდებოდა - არც თანხა იყო საკმარისი და არც ხალხი იჩენდა ინიციატივას, რადგან პროექტი “ზემოთ” იგეგმებოდა. ევროკავშირში ასე არ არის. ევროპა მხოლოდ ლამაზი ქალაქები: პრაღა, რომი და პარიზი არ არის. იქ სოფლად მცხოვრებ ადამიანებსაც ცხოვრების ღირსეული პირობები აქვთ,” - ამბობს დედოფლისწყაროში მცხოვრები დავით თარაშვილი.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების თანახმად, საქართველომ სოფლის განვითარება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად უნდა უზრუნველყოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობა უნდა გაიზარდოს, სოფელსა და ქალაქს შორის არსებული ეკონომიკური უთანაბრობა კი აღმოიფხვრას.
სოფლის განვითარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხია: ამჟამად სოფლად ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის 42,8% (1 მლნ 591 ათასზე მეტი ადამიანი). სოფლის მოსახლეობისთვის დასაქმებისა და შემოსავლის მთავარი წყარო სოფლის მეურნეობა. ამჟამად, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია მოსახლეობის 47%, საიდანაც 95%-ზე მეტი თვითდასაქმებულია. სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრარული სექტორიდან მიღებული შემოსავალი, ისევე როგორც ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობები, საკმაოდ დაბალია.
საქართველოს ამ ეტაპზე არ აქვს სოფლის განვითარების ერთიანი პოლიტიკა. ასეთი პოლიტიკა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 1957 წლიდან ხორციელდება. ევროკავშირის ქვეყნების სოფლის განვითარების პოლიტიკას, რომელიც 2020 წლამდე პერიოდს მოიცავს, 6 პრიორიტეტი აქვს:
1. სოფლად, სოფლისა და სატყეო მეურნეობაში ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ხელშეწყობა;
2. სოფლის მეურნეობის სიცოცხლისუნარიანობის და კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და ტყის რესურსების მდგრადი მართვის ხელშეწყობა
3. საკვები პროდუქტების წარმოებაში ღირებულებათა ჯაჭვის ორგანიზების ხელშეწყობა, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება და მარკეტინგი, პირუტყვის სათანადო პირობებით უზრუნველყოფა და სოფლის მეურნეობაში რისკების მართვა;
4. სოფლის მეურნეობასა და ტყის რესურსებთან დაკავშირებული ეკოსისტემების აღდგენა, დაცვა და გაუმჯობესება;
5. რესურსების ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობაში, საკვების წარმოებასა და მეტყევეობაში ეკოლოგიურად სუფთა და კლიმატის ცვლილებებისადმი მდგრადი ეკონომიკის მხარდაჭერა;
6. სოფლად სოციალური ჩართულობის, სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა
ევროკავშირის მიერ შემუშავებული სოფლის განვითარების პოლიტიკის მთავარი არსი არის ის, რომ პრობლემები და პრიორიტეტები სოფლად მცხოვრებმა მოსახლეობამ თავად გამოავლინოს და განვითარების სტრატეგიაც თავად განსაზღვროს: სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მობილიზებით და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) შექმნით შესაძლებელი ხდება ადგილობრივი მაცხოვრებლების თვალით დანახული შესაძლებლობებისა და გამოწვევების გაანალიზება და მის საფუძველზე პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა.
საქართველოში, სოფლის განვითარების პროექტები, ტრადიციულად, ე. წ. „ზემოდან ქვევით“ მიდგომით ხორციელდება: ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობასთან მიდის უკვე ჩამოყალიბებული და ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილი პროექტები, სადაც მათი ხედვები და საჭიროებები გათვალისწინებული არ არის. შედეგად კი პროექტები არასრულად ან საერთოდ ვერ პასუხობს ადგილობრივ გამოწვევებსა და მოთხოვნებს.
“ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გამოცდილება საქართველოსთვის მაგალითი და შთაგონების წყარო შეიძლება გახდეს,“ - ამბობს ალვარო ორტეგა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გარემოსა და სოფლის განვითარების ატაშე, - „რეგიონული სპეციფიკის, სირთულეებისა და მათი გადაწყვეტის გზების გასაანალიზებლად საჭიროა არა მხოლოდ სექტორული, არამედ ტერიტორიული მიდგომა.“
ცვლილებების მამოძრავებელ ძალად საქართველოშიც ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) მოიაზრებიან. სწორედ მათ აქვთ დაკისრებული ადგილობრივი საჭიროებებისა და პრიორიტეტების გამოვლენა, პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული იდეების გენერირება, მხარდაჭერა და განხორციელება. ამ მიდგომას ENPARD-ი საპილოტე პროექტის ფარგლებში საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში: ბორჯომში, ყაზბეგსა და ლაგოდეხში ნერგავს.
სამ საპილოტე მუნიციპალიტეტში ჩატარებული სამუშაოების შედეგად ცხადი გახდა, რომ საქართველოში სოფლად მცხოვრებლ მოსახლეობას საერთო მიზნები აქვს: სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაცია, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმებასა და მომსახურებების განვითარებას; სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, რაც გაზრდის მოსავლიანობას და შექმნის ღირებულებათა ჯაჭვს; დაცული გარემო, რომელიც შესაძლებელს გახდის ბუნებრივი რესურსებისა და კლიმატთან დაკავშირებული საკითხების მდგრად მართვას.
ლაგოდეხში პროექტს ორგანიზაცია “ქეა” მართავს. “ქეას” პროექტის მენეჯერი ლაგოდეხში, ჯუბა მარუაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი განვითარების ჯგუფის სტრუქტურისთვის ესპანური, კერძოდ კი ანდალუზიური მოდელი აიღეს: “LAG-ში უმაღლესი გადაწყვეტილების მიმღები გენერალური ასამბლეაა. ძირითადი სამუშაოს შესრულების მანდატი კი მმართველობით საბჭოს აქვს. ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრობა ნებაყოფლობითია და უსასყიდლო. ასამბლეაში 100 ადამიანია, საბჭოში - 16. მათ შორის არიან ადგილობრივი თემის და კერძო სექტორის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები. ესპანურ მოდელში მუნიციპალიტეტის მონაწილეობა სავალდებულო და აუცილებელია. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ პროექტების დუბლირება არ მოხდეს. გარდა ამისა, LAG-ის გამოყენებით მუნიციპალიტეტს უფრო მეტი ინფორმაცია აქვს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე.
ყველაზე რთული პროცესი ლიდერი ადამიანების იდენტიფიცირება იყო. გვქონდა შეხვედრები ლაგოდეხის რაიონის ყველა სოფელში. ამ შეხვედრებზე გამოვკვეთეთ ის პრობლემები, რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებდა. შევქმენით პრობლემათა ხე. შემდეგ ეს პრობლემები სფეროების მიხედვით დავაჯგუფეთ. გამოიკვეთა სამი მთავარი სფერო: სოფლის მეურნეობის განვითარება, ტურიზმი და სოციალური პრობლემები. ამის შემდეგ ყველა სოფელს ვთხოვეთ, რომ პრობლემათა თითოეული ჯგუფზე სამუშაოდ 2-3 ადამიანი გამოეყოთ. გავითვალისწინეთ, რომ ბევრი მათგანი პროექტს შეიძლება გამოთიშოდა. მართლაც, თავიდან ასამბლეაში 260 ადამიანი იყო. ახლა მხოლოდ 100 წევრი გვყავს. დარჩა ყველაზე მოტივირებული ხალხი. განვსაზღვრეთ მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგია. გამოვაცხადეთ საგრანტო კონკურსი. პირველი ეტაპის გამარჯვებულები უკვე გამოვლენილები არიან. 8 პროექტია შერჩეული. ისინი დარგის მოწვეულმა ექსპერტებმა შეარჩიეს. პროექტის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიასთან მისი შესაბამისობაა. კიდევ ერთი აუცილებელი კრიტერიუმი თანადაფინანსებაა. პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხის გარკვეული ნაწილი თვითონ მონაწილეებმა უნდა დაფარონ. პრიორიტეტებში მოხვდა დენდროლოგიური პარკის შემოღობვა, ტურისტული ბილიკების და პანდუსების გაკეთება, ნაგავსაყრელის მოწყობა… პროექტების განხორციელება ნოემბრიდან დაიწყება.”
ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შეიქმნა ბორჯომშიც. ჯგუფში, რომელიც კერძო და საჯარო წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული, სულ 20 წევრია. “შევქმენით ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია. ეს არის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ეკოლოგიური განვითარების
ხელშეწყობისა და მისი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხედვა. სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში გამოიკვეთა ოთხი პრიორიტეტი: მდგრადი ტურიზმის განვითარება, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდა და დივერსიფიკაცია, სპორტული და კულტურული საქმიანობების გაძლიერება და გარემოს დაცვა ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებით. უკვე შერჩეული გვაქვს 19 პროექტი, 12 განაცხადი განხილვის სტადიაშია. ჯამში ყველა ამ პროექტზე 1 მლნ ლარამდე თანხა დაიხარჯება. ადგილობრივი განვითარების სტრატეგია 4-წლიანია. ის სოფლის განვითარების ეროვნულ სტრატეგიასთან უნდა ყოფილიყო თანხვედრაში. ეროვნული სტრატეგია 2016-2020 წლებზეა გათვლილი. ამიტომ ჩვენც 4-წლიანი პერიოდი ავიღეთ,”- გვიხსნის ორგანიზაცია” მერსი ქორპსის” სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერი ბორჯომში, მიხეილ ლომიძე.
პროგრამის ხელმძღვანელებს იმედი აქვთ, რომ ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტი და მის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივები სულ უფრო მეტ ადამიანს გაუჩენს სურვილს, რომ დაუბრუნდეს მშობლიურ კერას, ადგილობრივი განვითარების ჯგუფები კი დროთა განმავლობაში ძლიერ თვითმმართველ ინსტიტუტებად ჩამოყალიბდება.
ENPARD-ის სოფლის განვითარების სამი საპილოტე პროექტისთვის 3 მილიონი ევროა გამოყოფილი. ამჟამად მიმდინარეობს განაცხადების მიღება დამატებით კიდევ 5 პროექტზე, რომელთა ბიუჯეტი 15 მილიონი ევროა.