"თელიანი ველი" "ჰეინეკენის" წარმოებას იწყებს
კომპანია “გლობალ ბიერ ჯორჯია”, რომლის მფლობელია ღვინის მწარმოებელი „თელიანი ველი“, ლუდის ქარხნის მშენებლობას იწყებს. კომპანიამ სალიცენზიო ხელშეკრულებები ‘ჰეინეკენის“, „ამსტელისა" და „კრუშოვიცეს“ ბრენდების ექსკლუზიურ წარმოებაზე საქართველოში უკვე გააფორმა. "თელიანი ველი", იმავდროულად, აღნიშნული ლუდის ბრენდების ექსკლუზიური იმპორტიორია.
კომპანია პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთში გეგმავს. საერთაშორისო ბრენდების პარალელურად, მენეჯმენტი აპირებს ახალი ადგილობრივი ბრენდის ლუდისა და ლიმონათების წარმოებასაც.
„ივარაუდება, რომ ლუდი „ჰეინეკენის“ საბაზრო ფასი მნიშვნელოვნად შემცირდება მას შემდეგ, რაც გაეშვება პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ქარხანა. მას ასევე უკვე გააჩნია თავისი სადისტრიბუციო ქსელი, რაც გაამარტივებს ადგილობრივად წარმოებული ლუდის გაყიდვებს. ლუდის ბაზრის ათვისების ხარჯზე კომპანიის პორტფელი გახდება მეტად დივერსიფიცირებული და შეივსება ალკოჰოლური სასმელების ყველა ძირითადი ერთეულით. აღნიშნული გარემოება გააუმჯობესებს კომპანიის პოზიციას სადისტრიბუციო ქსელში და გაზრდის პოტენციალს იმისათვის, რომ მოხდეს ახალი სავაჭრო წერტილების ათვისება (როგორც საცალო სავაჭრო, ასევე სასტუმროებისა და რესტორნების ქსელის)“, - მიიჩნევენ კომპანიაში.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 37 მილიონი დოლარია, მოცემული თანხიდან, დაახლოებით, 13 მილიონი დოლარი ახალი აქციების ემისიის გზით დაფინანსდება. კომპანიამ 200 მილიონი აქციის გამოშვებაზე განაცხადი უკვე გააკეთა. ერთი აქციის ფასი 0,065 დოლარია, თუმცა, მათი შესყიდვა მხოლოდ არსებულ აქციონერებს შეუძლიათ. დარჩენილი თანხის მოზიდვას კომპანია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, ადგილობრივი ბანკებიდან და საკუთარი სახსრებიდან გეგმავს.
„თელიანი ველის“ ძირითადი აქციონერები არიან: „ლიბერთი კონსუმერი“(53,23%), BGEO Group (20.47%), Firebird Avrora Fund (14.21%) და Firebird Republics Fund (8.82%).
როგორც პროექტის ავტორები იმედოვნებენ, ქარხანა პროდუქციის გამოშვებას წელს დეკემბრიდან შეძლებს.
ბელა ნოზაძე